Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა


სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რამზან ბაღაკაშვილი, დაიღუპა. ეს ინფორმაცია ოჯახმა 13 დეკემბერს მიიღო. რამზან ბაღაკაშვილი ,,ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:56 0:00
გადმოწერა

20 წლის რამზან ბაღაკაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მკვიდრი იყო. მან შარშან არასრულწლოვან მუსლიმ კუშტანაშვილთან ერთად დატოვა საქართველოს საზღვარი და „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. დამოუკიდებელი ჟურნალისტი პანკისში, სულხან ბორძიკაშვილი, ამბობს, რომ მანამდე ისინი სოფელ ჯოყოლოში დადიოდნენ, სადაც, სავარაუდოდ, დაიყოლიეს კიდეც სირიაში წასვლაზე:

„ისინი გაატარეს ძალიან ადვილად - განაცხადეს, გაგვეპარაო, მაგრამ იმ პერიოდში ორი დღით ადრე მე მომიხდა საზღვრის გადაკვეთა. მე, როგორც ჩვეულებრივ პანკისელს, მაყოვნებდნენ და ისინი გაატარეს, რაც ძალიან საეჭვო იყო“.

კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე ქართული სპეცსამსახურების მარცხს უწოდებს იმ ფაქტს, რომ მაშინ არასრულწლოვანმა საზღვრის გადალახვა მოახერხა:

„გავიხსენოთ იმ ორი არასრულწლოვანის საქმე, რომლებიც გაატარეს საზღვარზე, რისი უფლებაც არ ჰქონდათ მესაზღვრეებს, და ეს იყო უდიდესი ჩავარდნა ქართული სპეცსამსახურების“.

სულხან ბორძიკაშვილი ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, ბაღაკაშვილსა და მის მეგობარს საქართველოში დაეხმარა ვიღაც, მოემზადებინათ დოკუმენტები, აეღოთ პასპორტი და მშობლების თანხმობის გარეშე დაეტოვებინათ ქვეყანა. მისივე თქმით, ბაღაკაშვილი და კუშტანაშვილი ჯოყოლოში შეხვედრებზე დადიოდნენ აიუფ ბორჩაშვილთან, რომელიც ახლა დაპატიმრებულია, თუმცა თავად ბორჩაშვილი ურყოფდა, რომ ახალგაზრდები მან გადაიბირა.

მკვეთრად გამოხატული ნეგატიური განწყობაა „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეების მიმართ. ძალიან ეწინააღმდეგებიან როგორც რელიგიური ლიდერები, ასევე უხუცესები...
სულხან ბორძიკაშვილი

უკვე სირიიდან რამზან ბაღაკაშვილი ოჯახს ინტერნეტის მეშვეობით უკავშირდებოდა. ამბობდა, რომ საზღვრის პირას იმყოფებოდა, ადგილას, სადაც იმ დროს საომარი მოქმედებები არ იყო. ბაღაკაშვილი ამბობდა იმასაც, რომ საქართველოში დაბრუნებას არ აპირებდა.

რაც შეეხება ბაღაკაშვილთან ერთად წასულ კუშტანაშვილს, მის შესახებ პანკისში ინფორმაცია არა აქვთ.

სირიის საბრძოლო მოქმედებებში პანკისის ხეობიდან უკვე ოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სულხან ბორძიკაშვილი ამბობს, რომ ამის გამო პანკისში მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება:

„მკვეთრად გამოხატული ნეგატიური განწყობაა „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეების მიმართ. ძალიან ეწინააღმდეგებიან როგორც რელიგიური ლიდერები, ასევე უხუცესები“.

უხუცესთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე პანკისში ზაურ გუმაშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდები ფანატიზმის მსხვერპლნი არიან:

„მაჰმადიანური რელიგია ასეთ მასობრივ წასვლას არ ითვალისწინებს. ეს არ არის ჯიხადი, რადგან აქ მუსლიმები იბრძვიან მუსლიმების წინააღმდეგ“.

გუმაშვილი ამბობს, რომ ამ პრობლემას სისტემური მიდგომა უნდა და მასში ხელისუფლებაც უნდა ჩაერთოს. მისივე თქმით, ბოლო დროს სირიაში წასვლის მსურველთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა ისინი, ვინც უკვე წავიდა, ჯერაც იქ არიან.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG