Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისი ორმაგი სტანდარტების ფონზე


პანკისის ხეობა
პანკისის ხეობა

ტრადიციები, ფუნდამენტური და ტრადიციული ისლამი და... მოსახლეობა - ეს არის ის რეალობა, რომელიც დღეს პანკისში გვხვდება. დუისში ორი მეჩეთია, უხუცესთა რამდენიმე გაერთიანება და იდეოლოგიური სხვაობა თაობებს შორის. როგორ ცხოვრობენ პანკისის ხეობაში? რეალობის ახლოდან შესასწავლად სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა პანკისის ხეობაში პრესტური მოაწყო.

11 დეკემბერს პარასკევის ლოცვაზე დუისში ქალები ზიქრის ჩასატარებლად შეიკრიბნენ. ეს ერთგვარი რიტუალია, ლოცვა.

„მთელი საქართველო გადაარჩინე-მეთქი, ღმერთს ვეხვეწები. ოღონდ ცუდი რამე არ მოხდეს. ახალგაზრდობა მშვიდობიანად იყოს, ვთხოვ“.

ადგილობრივები საუბრობენ იმ შემთხვევებზე, როდესაც პანკისიდან ახალგაზრდები სირიის ომში მიდიან საბრძოლველად. მანია მარგოშვილი, რომელიც საერთო ლოცვის ერთ-ერთი მონაწილეა, ამბობს, რომ ვერ გაუგია, ბიჭები ცოლ-შვილს რატომ ტოვებენ და სირიაში რას დაეძებენ:

„რას ვიტყვით სირიაში წამსვლელებზე? თავიანთმა მშობლებმა არ იციან, სად დადიან და სად არ დადიან. მერე უცებ დაიკარგება და უკვე საზღვარზე რომ არის გადასული, მაშინ იგებენ მშობლები. დღე და ღამე ტირიან მათი ახლობლები. რას გაუგებ?! თავიანთ მშობლებს მოუსმინონ, რაღა სხვის ნათქვამს უსმენენ“.

მისივე თქმით, მართალია, პანკისში ახალგაზრდებს დასაქმების საშუალება არა აქვთ, მაგრამ მატერიალური დაინტერესების გამო სირიაში წასვლაც უცნაურად ეჩვენება:

„გაჭირვების გამო რომ წავლენ, ამით რა მოაქვთ?! ბევრს, იქ წასულს, უკვე აქეთ წამოსვლაც არ შეუძლია, იქ იხოცებიან. ან რა მოიტანეს, ან რა მოაქვთ, ან რას მოიტანენ?!“

ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი შვილების და შვილიშვილების გაჩერება. აგიტაციას უტარებენ, აი, ისე იქნება, აი, ასე იქნება. ფულს ჯიბეში იდებენ, ისინი კი იქ იხოცებიან...

კიდევ ერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ საკუთარ შვილებსა და შვილიშვილებს ვერ აკონტროლებენ:

„ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი შვილების და შვილიშვილების გაჩერება. აგიტაციას უტარებენ, აი, ისე იქნება, აი, ასე იქნება. ფულს ჯიბეში იდებენ, ისინი კი იქ იხოცებიან..."

პანკისში ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ტრადიციული ისლამის წარმომადგენელი იმამი ომარ ალდამოვი ამბობს, რომ მას არც სირიაში წასვლას ეკითხება ვინმე და არც დარჩენას. მისი თქმით, ყურანი ომს და კაცისკვლას საერთოდ არ ქადაგებს:

„ისლამი და ყურანი ომს და ადამიანების ხოცვას არ ქადაგებს. ჩვენი წინასწარმეტყველი მუჰამედი მშვიდობას ქადაგებდა. მაგრამ ესენი რას იცავენ ან ვისი გულისთვის მიდიან, არ ვიცი..."

უხუცესთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ზაურ გუმაშვილი განმარტავს, თუ როგორ მივიდა პანკისი ამ რეალობამდე. მისი თქმით, წლების წინ გზები ჩაკეტილი იყო და რელიგიური განათლების მისაღებად გროზნოში წასვლა ჭირდა. შესაბამისად, მიდიოდნენ საუდის არაბეთში და ცოდნას იქ ეუფლებოდნენ. ასე შემოვიდა პანკისში რადიკალური ისლამი:

„არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ჩვენს ხალხს ჩრდილოკავკასიაში მიეღო ცოდნა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ“.

დუისში ორი მეჩეთია - ტრადიციული და ფუნდამენტური ისლამის წარმომადგენლებისთვის. ე.წ. ტრადიციულ მეჩეთში ძირითადად ასაკოვანი პანკისელები დადიან, ფუნდამენტურში კი, რომელიც უფრო კეთილმოწყობილი და ახალია, ახალგაზრდობა. ფუნდამენტური ისლამის წარმომადგენელმა ვახტანგ ფარეულიძემ განათლება საუდის არაბეთში მიიღო. ის ამბობს, რომ თუ ადრე პანკისში ჩხუბიც ხდებოდა, ქურდობაც და სხვა ათასი უბედურებაც, ახლა ასე აღარაა. სუფრაზე ღვინოს აღარავინ სვამს და ჩხუბითაც აღარავინ ჩხუბობს. რაც შეეხება სირიაში წასულ ახალგაზრდებს, მისი თქმით, ასეთი შემთხვევები უკვე აღარ არის:

„თავიდან სირიაში ომი დაიწყო ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც არა მხოლოდ პანკისის ხეობა, არამედ მთელი მსოფლიო უჭერდა მხარს და მიდიოდნენ კიდეც. შემდეგ, რაც გართულდა ვითარება და დაჯგუფებები შეიქმნა, პანკისის ხეობიდან აღარავინ მიდის. მე ასე ვიცი“.

ადგილობრივები საუბრობენ იმაზეც, რომ პანკისელი ახალგაზრდები გარკვეული პროპაგანდის ქვეშ არიან მოქცეულნი, რის შედეგადაც ისინი მიდიან გადაწყვეტილებამდე, სირიაში წავიდნენ და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ჩაეწერონ. თუმცა კონკრეტულად რა ხალხია პროპაგანდით დაკავებული, ამის შესახებ პანკისელები ლაპარაკს ერიდებიან.

ფუნდამენტური ისლამის კიდევ ერთი წარმომადგენელი კი, მუსა პანკისელი, ამბობს, რომ ახალგაზრდებთან პროპაგანდას არავინ ეწევა:

„აქ არავინ არავის პროპაგანდას არ უწევს. თუ ვინმეს რამე ინფორმაციის მოძიება უნდა, ინტერნეტშიც შეუძლია მოიძიოს“.

ქალთა საბჭოს მომართავს რომელიმე ქალი, მაგალითად, განქორწინების შემდეგ შვილი დარჩა მამასთან და უფლებას არ აძლევენ ნახოს. ქალთა საბჭო ამ საქმეს იღებს, სწავლობს, მეზობლებს გამოკითხავს, მოამზადებს და მერე გადასცემს უხუცეს კაცთა საბჭოს...
იზა ბექაური

16 დეკემბერს ერგნეთში, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მობილიზაცია ხდება, რაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას, იქ მყოფ მესაზღვრეებს საფრთხეს უქმნის:

„პანკისის ხეობაში ხდება მეომრების კონცენტრაცია, რომლებიც სირიაში აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში აქტიურად იბრძოდნენ. ახლა ისინი საქართველოში იკრიბებიან და პროვოკაციებს ამზადებენ სამხრეთ ოსეთის მიმართულებით საზღვრის მონაკვეთზე. მათი თავდასხმის ობიექტები შეიძლება გახდნენ რუსეთის და სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ან, სულაც, საქართველოს პატრულის წარმომადგენლები“.

საპასუხოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომ ქართველი სამართალდამცავები პანკისში ვითარებას აკონტროლებენ:

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“.

უხუცესთა კავშირის წარმომადგენელი ზაურ გუმაშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდებზე ყველაფერი ერთად მოქმედებს - იდეოლოგია, პროპაგანდა და გაჭირვებაც. მისი თქმით, ხეობაში ბევრია რადიკალური ისლამის მიმდევარი, მაგრამ ამას არ აღიარებს:

„კი, ჩვენ რადიკალები ვართო, ვინ იტყვის?! ვინ ტუტუცი იტყვის ამას?!“

რაც შეეხება უხუცესთა კავშირს, ესეც პანკისის თავისებურებაა. პანკისში არის უხუცესთა კავშირი, უხუცესთა საბჭო და უხუცეს ქალთა საბჭოც. იურიდიულად მათ არასამთავრობო ორგანიზაციების სტატუსი აქვთ. ფუნქციები მოსახლეობაში არსებული საკითხების, პრობლემების გარჩევა და დარეგულირებაა. ზაურ გუმაშვილი ამბობს, რომ მათ მოვალეობაში შედის გვარების შერიგება, რამე სადავო საკითხის გადაწყვეტა და ასე შემდეგ.

უხუცესთა საბჭოსა და უხუცესთა კავშირში მხოლოდ მამაკაცები შედიან, მაგრამ არსებობს უხუცეს ქალთა საბჭოც. კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის დირექტორი იზა ბექაური ამბობს, რომ ეს საბჭო იმიტომ შეიქმნა, რომ პანკისელ ქალებს თავიანთი პრობლემების მოგვარება უფრო ადვილად შესძლებოდათ.

„ქალთა საბჭოს მომართავს რომელიმე ქალი, მაგალითად, განქორწინების შემდეგ შვილი დარჩა მამასთან და უფლებას არ აძლევენ ნახოს. ქალთა საბჭო ამ საქმეს იღებს, სწავლობს, მეზობლებს გამოკითხავს, მოამზადებს და მერე გადასცემს უხუცეს კაცთა საბჭოს“.

პანკისი და მისი პრობლემები
please wait

No media source currently available

0:00 0:05:55 0:00

უხუცეს კაცთა საბჭო საქმეს თავის მხრივაც სწავლობს და შემდეგ გვარის უფროსებს უკავშირდება. საქმეს ასე აგვარებენ.

იზა ბექაური ასევე საუბრობს პანკისელ ახალგაზრდებზე. მისი თქმით, ბიჭები ხშირად უარს ამბობენ კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე, რადგან ეს ისლამს ეწინააღმდეგება, თუმცა ძალიან დაინტერესებულები არიან სპორტით და, ზოგადად, განათლებით.

„ეს კულტურული ღონისძიებები, სიმღერა, ცეკვა მიუღებელია ახალგაზრდების ნაწილისთვის. არ იღებენ მონაწილეობას“.

ზაურ გუმაშვილი ამგვარ მიდგომას რადიკალიზმს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი იდეოლოგია წარსულში დაბრუნებაა:

„ინსტრუმენტებზე დაკვრის აკრძალვა არ არის რადიკალიზმი?! კულტურის ნიშნები როგორ შეიძლება გამოიკვეთოს ნებისმიერ საზოგადოებაში, ქისტურში თუ სხვა ეთნოსში, თუ სიმღერა არ იქნება, ცეკვა არ იქნება, ლექსი არ იქნება. საბავშვო ბაღში რომ მიდიან და ჩემს შვილს ლექსი არ ათქმევინოო, ეუბნებიან, ეს სიბნელისკენ უკუსვლაა, ორი-სამი საუკუნით უკან დახევა“.

მისივე თქმით, ახალგაზრდებმა ტრადიციები კი უნდა შეინარჩუნონ, მაგრამ, ამასთან, თანამედროვე ადამიანები უნდა იყვნენ, ისეთები, როგორიც 21-ე საუკუნის მოთხოვნებს შეესაბამება. გამოსავალს ის მეტ განათლებასა და სახელმწიფოს მხრიდან უფრო აქტიურ ჩარევაში ხედავს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG