Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქვს თუ არა ბაშარ ალ ასადს რუსული S-300?


ბაშარ ალ ასადი
ბაშარ ალ ასადი
როდესაც რომელიმე სახელმწიფო თანამედროვე ტექნოლოგიით შექმნილ ძვირად ღირებულ შეიარაღებას და ტექნიკას იძენს, ამით მისი თავდაცვითი პოტენციალი უეჭველად იზრდება. თუმცა ასე მარტივად არ ჩანს საქმე სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადისათვის, რომლის რეჟიმისთვისაც რუსეთისაგან დიდი ხნის დაპირებული თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემის მიღება შესაძლოა სულაც არ იყოს სიმშვიდის გარანტი.

გაურკვევლობის პირველი მიზეზი, როგორც პოლიტიკოსები იტყვიან, საქმის რეალური ვითარებაა. ბაშარ ალ ასადმა ლიბანის ტელეკომპანია „ალ-მანართან“ ინტერვიუში კი განაცხადა, რუსეთისაგან S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის კომპლექსის პირველი პარტია მივიღეო, მაგრამ ეს სასურველის რეალურად გასაღების მცდელობა, ერთგვარი „სპინი“ აღმოჩნდა.

გასული კვირის ბოლოს რუსულმა სააგენტო „რია-ნოვოსტიმ“, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომელშიც უარყოფილია სირიის რეჟიმისათვის S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის კომპონენტების მიწოდება. „კომერსანტის“ ცნობით კი, საჰაერო თავდაცვის იარაღის კონტრაქტით გათვალისწინებული პირველი პარტიის მიწოდება მხოლოდ შემოდგომაზე იგეგმება. როგორც რუსი სამხედრო ექსპერტი, ონლაინ გამოცემა „ეჟედნევნი ჟურნალის“ რედაქტორის მოადგილე ალექსანდრ გოლცი ამბობს, სირიისათვის დაწესებული ემბარგოს პირობებში, რუსეთს, რომც უნდოდეს, გაუჭირდება ასეთი რთული შემადგენლობის სარაკეტო სისტემა ჩაიტანოს სამოქალაქო ომში ჩაბმულ ქვეყანაში:

„როგორც მეტ-ნაკლებად ცნობილია, კონტრაქტი დღემდე არ რეალიზებულა - კონკრეტულად კი, S-300 ტიპის კომპლექსები არ არის სირიის ტერიტორიაზე და არცთუ მთლად გარკვეულია, როდის განხორციელდება ეს კონტრაქტი შექმნილ ვითარებაში, როცა ის ქვეყნები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, მხარს არ უჭერენ მოვლენათა ასეთ განვითარებას, ფხიზლად ადევნებენ თვალს რუსეთის იმ საზღვაო ხომალდებს, რომლებიც სირიისაკენ მიცურავენ. ასეთ ვითარებაში ამ კომპლექსების მიწოდება სულაც არ არის ბანალური ამოცანა“.
იცით, როცა S-300-ის გამოყენებაზე ვსაუბრობთ, აქ ბევრი პრობლემა იჩენს თავს. არ არის საკმარისი გქონდეს ეს იარაღი. საჭიროა საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანებს ასწავლო მისი გამოყენება...
ალექსანდრ გოლცი

მოკლედ, S-300-ებთან დაკავშირებით საქმე ისეა, როგორც ერთ აღმოსავლურ ანდაზაში: რამდენჯერაც არ უნდა დაიძახო ჰალვა, ჰალვაო, ამით პირის სიტკბოს ვერ იგრძნობ. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კრემლი საერთოდ აღარ შეეცდება თავის მოკავშირე სირიას მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდოს და ამით თავიდან აიცილოს მოვლენათა იმგვარივე სცენარით განვითარება, როგორც მოხდა ლიბიაში. ბაშარ ალ ასადის რეჟიმზე საერთაშორისო საზოგადოების - განსაკუთრებით აშშ-ისა და ევროკავშირის - მზარდი ზეწოლის ფონზე, რუსეთისათვის სირიის რეჟიმის მძლავრი ანტისაჰაერო სისტემით მომარაგებას იდეოლოგიური შინაარსი აქვს. თუ გნებავთ, ეს არის ერთგვარი სიმბოლო რუსეთის მიდგომისა სირიის პრობლემისადმი, რათა არ დაუშვას უცხოეთის ჩარევა სირიის საქმეებში, - ამბობს რუსი მიმომხილველი ალექსანდრ გოლცი.

„რუსეთის ხელმძღვანელობაზე ლიბიის ისტორიამ, ფრენისათვის აკრძალული ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებულმა ისტორიამ, რომლის დროსაც, ვლადიმირ პუტინის აზრით, დასავლეთის ქვეყნებმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გაცემულ მანდატს გადააჭარბეს, - აი, ამ ისტორიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რუსეთის ხელისუფლებაზე და ამიტომ S-300 მოვლენების ლიბიის სცენარით განვითარების თავიდან აცილების საშუალებად არის მიჩნეული“.

მიუხედავად იმისა, რომ ამაზე შესაძლოა საუბარი ნაადრევიც იყოს, ჯერ კიდევ საკითხავია, თუ რამდენად შეძლებს ლიბიის სცენარის განმეორების თავიდან აცილებას ბაშარ ალ ასადის რეჟიმი იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამასკი დაეუფლება S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას.

ცხადია, არავინ აკნინებს ტექნიკის თავდაცვით შესაძლებლობებს. S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა მეტ-ნაკლებად თანამედროვე ტექნიკაა და საბრძოლო თვისებებით სავსებით შეესაბამება თავის ამერიკულ ანალოგებს, „პეტრიოტებს“.

და თუკი სირიაში გამოჩნდება ასეთი ტექნიკა, იგი პრობლემას შეუქმნის ყველა სახელმწიფოს, რომელიც დააპირებს სირიის რეჟიმზე საავიაციო იერიშების განხორციელებასო, - ამბობს ალექსანდრ გოლცი. თუმცა რუს სამხედრო მიმომხილველს ეეჭვება ამ რთული, მრავალკომპონენტიანი სისტემის დამოუკიდებელი მართვა შეძლონ სირიელმა სპეციალისტებმა:
ალექსანდრ გოლცი
ალექსანდრ გოლცი

„იცით, როცა S-300-ის გამოყენებაზე ვსაუბრობთ, აქ ბევრი პრობლემა იჩენს თავს. არ არის საკმარისი გქონდეს ეს იარაღი. საჭიროა საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანებს ასწავლო მისი გამოყენება და, თანაც, საჭიროა არა მხოლოდ ბევრი ოფიცრის მომზადება, რომლებიც მართვის პუნქტებზე იქნებიან, არამედ საჭიროა დიდი რაოდენობით მომსახურე პერსონალის მომზადება, რადგან ერთი მათგანის შეცდომამაც კი შეიძლება მთელი სისტემა არაეფექტიანი გახადოს. ამიტომ ეს რთული ისტორიაა“.

შაბათს, 1 ივნისს, აშშ-მა და გერმანიამ მოუწოდეს რუსეთს თავი შეიკავოს პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმისათვის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებისაგან და გააფრთხილეს, რომ ეს ნაბიჯი ზიანს მოუტანს კონფლიქტის შეწყვეტისაკენ მიმართულ ძალისხმევას. თავის მხრივ, ჯერჯერობით არც ევროკავშირი ჩქარობს საჰაერო თავდაცვის შეიარაღება მიაწოდოს სირიელ მეამბოხეებს. ჯერჯერობით წინ 5 ივნისის შეხვედრაა, რომელზეც რუსეთის, აშშ-ისა და გაეროს წარმომადგენლები იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ მოახერხონ ერთმანეთის პირისპირ დასხან სამშვიდობო კონფერენციაზე სირიის მეომარი მხარეები.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG