Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლა რომ არ კლავდეს


51-ე სკოლის წინ კვლავ აწყვია ყვავილები და ანთია სანთლები, სკოლის ეზოში კი მორიგეობენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები
51-ე სკოლის წინ კვლავ აწყვია ყვავილები და ანთია სანთლები, სკოლის ეზოში კი მორიგეობენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები

4 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულ მოზარდებს, რომელთაგანაც ერთი პოლიციამ ცხელ კვალზე პირველ დეკემბერს დააკავა, მკვლელობაში ბრალდებული მეორე მოზარდის დასაკავებლად კი კვლავ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება. 4 დეკემბერსვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავა სამი მოქალაქე, რომელთაგანაც ერთმა, კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მშობელმა, პოლიციას არ შეატყობინა დამნაშავის ვინაობა, ხოლო ორმა ხელი შეუწყო მკვლელობაში ეჭვმიტანილ მოზარდს მიმალულიყო.

სკოლა რომ არ კლავდეს
please wait

No media source currently available

0:00 0:04:08 0:00
გადმოწერა
პნევმატური იარაღი არ ყოფილა სკოლაში არასოდეს, არც უკონტროლო სიტუაცია გვქონია. ადმინისტრაცია და მანდატურები აკეთებენ იმაზე მეტს, რისი გაკეთებაც შეიძლება...
მანანა თურქაძე

4 დეკემბერს, მკვლელობიდან მესამე დღეს, 51-ე სკოლის წინ კვლავ აწყვია ყვავილები და ანთია სანთლები, სკოლის ეზოში კი მორიგეობენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. სკოლის დირექტორის, მანანა თურქაძის, თქმით, ეჭვის შემთხვევაში მოსწავლეებს ყოველთვის ამოწმებდნენ:

„პნევმატური იარაღი არ ყოფილა სკოლაში არასოდეს, არც უკონტროლო სიტუაცია გვქონია. ადმინისტრაცია და მანდატურები აკეთებენ იმაზე მეტს, რისი გაკეთებაც შეიძლება“.

თუმცა მანდატურებს კიდევ უფრო მეტის გაკეთება მოუწევთ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის თქმით, სკოლებში დანაშაულის პრევენციის მიზნით, სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რისთვისაც შეიქმნება უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრევენციის გეგმას და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს. მინისტრის თქმით, უკვე დაისახა რამდენიმე მიმართულებით მუშაობის სტრატეგია:

„პირველ რიგში, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება, ასევე მანდატურის სამსახურისა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედება. ასევე გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია. გარდა ამისა, გააქტიურდება სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობები საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ“.

51-ე სკოლის წინ კვლავ აწყვია ყვავილები და ანთია სანთლები, სკოლის ეზოში კი მორიგეობენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები
51-ე სკოლის წინ კვლავ აწყვია ყვავილები და ანთია სანთლები, სკოლის ეზოში კი მორიგეობენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები

მიხეილ ჩხენკელის თქმით, ჯგუფი იმუშავებს ასევე არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური და საკონსულტაციო სერვისების უზრუნველყოფაზე, დაინერგება კონფლიქტების პრევენცია-მართვისა და მედიაციის პროგრამები, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი. მთავრობის ამგვარ ძალისხმევას მიესალმება სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომლის თქმითაც, მაღალია ბავშვთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი, ხოლო მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისაკენ მიმართული ღონისძიებები არასაკმარისია და ვერ უპასუხებს არსებულ გამოწვევებს:

„დაგვიანებულია, მაგრამ მაინც კარგია, რომ მოხდა ასეთი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. იმედი მაქვს, რომ გაისიგრძეგანეს ის პრობლემა, რომელიც ამ კუთხით არსებობს ქვეყანაში. სკოლებში ძალადობის კუთხით არსებული ვითარება არის საგანგაშო. ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხდებოდა და სისტემური ხასიათი ჰქონდა ბულინგს, ძალადობას და ამაზე რეაგირება შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან არ ხდებოდა. ეს არის, სამწუხაროდ, ის რეალობა, რომელზეც ვსაუბრობდით და რომელსაც არ მოჰყოლია ადეკვატური რეაგირება“.

ბოლო დღეებში თბილისში ორი მოზარდისა და ქუთაისში ერთი მოზარდის მკვლელობამ კიდევ ერთხელ აჩვენა ძალადობისა და დანაშაულის პრევენციის მნიშვნელობა - ასე ფიქრობს თეონა კუჭავა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი:

„ჩართული უნდა იყოს ყველა უწყება, დაწყებული განათლების სისტემიდან, ასევე სოციალური დაცვა, ბავშვთა კეთილდღეობის სისტემები, მართლმსაჯულების სისტემები და ეს ყველა სისტემა ერთობლივი ძალისხმევით უნდა ცდილობდეს, პირველ რიგში, პრობლემის იდენტიფიცირებას ადრეულ ეტაპზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ პრობლემამ, შესაძლოა, დანაშაულამდე მიგვიყვანოს, შესაძლოა, არც მიგვიყვანოს, მაგრამ უნდა ხდებოდეს იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე, უნდა ხდებოდეს დროული ჩარევა. ყველა ამ უწყებამ უნდა იმუშაოს კოორდინირებულად, რათა საქმე არ მივიდეს დანაშაულამდე“.

თუმცა პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე საქმე დანაშაულამდე მივიდა. საქართველოს პროკურატურის გამომძიებლის, სოსო ხუციშვილის, თქმით, დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული ერთი მოზარდი, ხოლო სამ პირს ბრალი ედება დანაშაულის დაფარვაში.

პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, თანამდებობა დატოვა დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მამამ, მირზა სუბელიანმა, რომელიც 4 დეკემბრამდე პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG