Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედვარდ სნოუდენს რუსეთში დროებითი თავშესაფარი მისცეს


ედვარდ სნოუდენი
ედვარდ სნოუდენი
შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორის, ედვარდ სნოუდენის რუსი ადვოკატის განცხადებით, სნოუდენმა დატოვა მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტი, რომლის სატრანზიტო ზონაშიც თვეზე მეტი იმყოფებოდა.

ადვოკატმა ანატოლი კუჩერენამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სნოუდენს მიეცა დროებითი - ერთი წლით - თავშესაფარი რუსეთში და დღეს, ამის დამადასტურებელი საბუთების მიღების შემდეგ, დატოვა აეროპორტი.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში კუჩერენამ სნოუდენისთვის დროებითი თავშესაფრის მინიჭების შესახებ ცნობის ასლი წარმოადგინა და განაცხადა, რომ სნოუდენის ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია, მისი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე:
„ის უსაფრთხო ადგილას გაემგზავრა. იმედია, გაგებით მოეკიდებით ამ ინფორმაციას, რადგან სნოუდენმა მთხოვა, ყველას დიდი მადლობა გადმოგცეთ და გთხოვოთ, მის გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდოთ. უსაფრთხოების საკითხი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“.

შეერთებულ შტატებს სნოუდენის ძებნა აქვს გამოცხადებული ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე მას შემდეგ, რაც სნოუდენმა გაავრცელა საიდუმლო ინფორმაცია საინტერნეტო და სატელეფონო თვალთვალის მასშტაბური პროგრამის შესახებ.

სნოუდენი 23 ივნისიდან თავს მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონას აფარებდა. ის იქ ჰონგ-კონგიდან ჩავიდა.
რუსეთში დროებითი თავშესაფარი მან მას შემდეგ ითხოვა, რაც აშშ-მა მისი პასპორტი გააუქმა.

ვაშინგტონი რუსეთისგან სნოუდენის აშშ-ში დაბრუნებას მოითხოვს, თუმცა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამაზე უარი თქვა.

ვაშინგტონს ნათქვამი აქვს, რომ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემა „ძალიან იმედგამაცრუებელი“ იქნება.

პუტინის თქმით, ის არ დაუშვებს სნოუდენის გარშემო უთანხმოების გამო მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობისთვის ზიანის მიყენებას.
საგარეო პოლიტიკის საკითხებში მისმა მრჩეველმა იური უშაკოვმა ხუთშაბათს განაცხადა, სნოუდენის საქმე „ძალიან უმნიშვნელოა“ საიმისოდ, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობას ზიანი მიაყენოსო.

პუტინს ისიც აქვს ნათქვამი, რომ თუ რუსეთში დარჩენა სურს, სნოუდენმა უნდა შეწყვიტოს აშშ-ის საიდუმლოებების გასაჯაროება.

ადვოკატ კუჩერენას განცხადებით, სნოუდენი ამ პირობაზე დათანხმდა.
სნოუდენისთვის რუსეთის მიერ თავშესაფრის გამოყოფის ფონია ამერიკელი რიგითის, ბრედლი მენინგის დამნაშავედ ცნობა ჯაშუშობაში იმის გამო, რომ მან საიდუმლო დოკუმენტები გადასცა ვებსაიტ „ვიკილიკსს“.
XS
SM
MD
LG