Accessibility links

სოციალური მედია ტერორიზმის პროპაგანდის შესაჩერებლად


სოციალური მედიის წამყვანმა კომპანიებმა შეიმუშავეს გეგმა, რომელმაც ტერორიზმის პროპაგანდა უნდა შეაჩეროს. ეს გულისხმობს, რომ შეიქმნება საერთო ელექტრონული საცავი, რომელიც გააერთიანებს ძალადობრივი შინაარსის შემცველი პოსტების ციფრულ ანაბეჭდებს. გეგმის თანახმად, ეს ანაბეჭდები სოციალური ქსელების ადმინისტრაციას გაუმარტივებს მიაგნონ და ხელი შეუშალონ ტერორისტული ორგანიზაციების თავისუფალ ქმედებებს ინტერნეტში.

რამდენად საკმარისი იქნება ეს სტრატეგია თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევისთვის თავის გასართმევად? რამდენად აცნობიერებენ საქართველოში კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობას?

ტერორიზმის ადგილი ჩვენს ქსელში არ არისო, აღნიშნა ტვიტერის ხელმძღვანელობამ და განმარტა, რომ ინიციატივა შეეხება მხოლოდ ექსტრემისტული და ძალადობრივი შინაარსის შემცველი გამოსახულებებისა თუ ვიდეოების აკრძალვას. ფეისბუკის წარმომადგენლებმა კი გამოთქვეს იმედი, რომ საერთო სტრატეგია ეფექტიანი იქნება მსოფლიოს უმწვავეს პრობლემასთან - ტერორიზმთან -ბრძოლის საქმეში.

რას გულისხმობს სტრატეგია?

იუტუბის, ფეისბუკის, ტვიტერისა და მაიკროსოფტის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, შეიქმნას ერთიანი ელექტრონული საცავი, სადაც თავს მოიყრის საეჭვო ვიზუალური მასალები. ქსელს ფეისბუკის ადმინისტრაცია უხელმძღვანელებს. მოქმედების გეგმა კი ასეთია: თუკი საფრთხის შემცველი ინფორმაცია ერთ რომელიმე პლატფორმაზე -ფეისბუკში, იუტუბში, ტვიტერში ან მაიკროსოფტის ქსელში - მოხვდება, საერთო ელექტრონული საცავი ავტომატურად დაბლოკავს მსგავს ინფორმაციას დანარჩენ ქსელებშიც. პოსტის წასაშლელად საკმარისია გავრცელებული ინფორმაცია დაემთხვეს საერთო ბაზაში არსებულ ციფრულ ანაბეჭდებს.

სტრატეგიის ტექნიკური დეტალების განმარტება ვთხოვეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტს, უჩა აბაშიძეს:

„საუბარია ფაილების შიდა ამომცნობ საშუალებებზე, იმისთვის რომ სხვადასხვა სისტემამ სხვადასხვა მომხმარებლის შემთხვევაში შეძლოს ერთი და იგივე ფაილის ამოცნობა და დაბლოკოს ის. თვითონ ამ ფაილებს ცოცხალი ადამიანები გამოარჩევენ. რატომღაც საერთოდ არ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ანგარიშები უნდა დაიბლოკოს ან სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცეს. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ პროპაგანდის შემცველი მასალების გავრცელება შეიზღუდება. სტრატეგია, დაახლოებით, ჰგავს პორნოგრაფიული მასალის დაბლოკვას ფეისბუკზე, როდესაც, მაგალითად, პირად მიმოწერაში პორნოგრაფიული შინაარსის ინფორმაცია ავტომატურად იბლოკება ან როდესაც იუტუბზე ვერ გამოიყენებ იმ მუსიკას თუ ვიზუალურ მასალას, რომელიც მანამდე სხვამ გამოიყენა“.

უჩა აბაშიძეს არ სჯერა, რომ სოციალური ქსელების ეს სტრატეგია გამოდგება ტერორიზმის პროპაგანდასთან საბრძოლველად:

„ჩემი აზრით, შედეგი იქნება ის, რაც ასეთ აკრძალვებს მოჰყვება ხოლმე. მაგალითად, იუტუბის შემთხვევაში, ადამიანებმა აღმოაჩინეს მეთოდები, თუ როგორ უნდა გადაამუშავო ვიდეო ისე, რომ მაინც განათავსო ინტერნეტში...მაგალითად, დაბლოკილ მასალას ისინი შემდეგ ჩარჩოში სვამენ, ანელებენ ტემპს, ცვლიან ხმის ტემბრს და ა.შ., იმისთვის რომ თავიდან აიცილონ ავტომატური დამბლოკავი საშუალებები. იგივე ხდება ფეისბუკის შემთხვევაში, როდესაც წაშლილ ფოტოს არედაქტირებენ, პიქსელებს უცვლიან და ახლიდან ტვირთავენ...რეალურად ფუჭი მუშაობა გამოდის, მაინც ყველაფერი ისევ ისე ვრცელდება, როგორც ადრე. დაზარალებულია მომხმარებელი, რომელიც მაინც ნახავს იგივე ვიდეოს, ოღონდ ცუდი ხარისხით. ეს ყოველთვის ბადებს მიწისქვეშა ბაზას ასეთი ვიდეობის წარმოების, გავრცელებისა და ატვირთვისთვის. ჩემი გადმოსახედიდან, იუტუბმა, ტვიტერმა და მაიკროსოფტმა ფორმალურად თავი დაუკრეს მთავრობებს, იმიტომ რომ მთავრობები მათ ედავებიან ბევრი ინფორმაციის დამალვასა და ზედმეტი თავისუფლების მიცემას მომხმარებლებისთვის...“

ელექტრონულმა ქსელებმა საერთო სტრატეგიის შემუშავებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყეს, რაც დასავლეთმა მკაცრად მოუწოდა მათ მეტი ყურადღება დაუთმონ ულტრამემარჯვენე და ტერორისტული ორგანიზაციების პროპაგანდის პრობლემას. ევროკავშირმა გააფრთხილა სოციალური მედიის წამყვანი კომპანიები, რომ, თუ დროულად არ იმოქმედებდნენ, გარკვეული რეგულაციები დაწესდებოდა.

შედეგად მივიღეთ ის, რომ 2016 წლის თებერვალ-აგვისტოს პერიოდში 235 000-მდე ანგარიში მიიჩნია საეჭვოდ სპეციალურმა ჯგუფმა, რომელიც ტვიტერში ექსტრემისტთა პოსტების მიგნებითა და ქსელიდან მათი გაქრობით არის დაკავებული. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ჯგუფის შემადგენლობა ფართოვდება. საეჭვო შინაარსის შემცველი პოსტები წაიშალა ფეისბუკიდან და იუტუბიდანაც.

თუმცა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრისას ირკვევა, რომ ბევრი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია ხედავს საფრთხეებს, რომლებიც, მაგალითად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდება. ეს კომპანიები, რომელთა შორისაც არიან „იაჰუ“, „ლინკდინი“, „გუგლი“ და გლობალური საინიციატივო ქსელი, გასულ კვირაში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავენ, რომ მთავრობების ძალისხმევისას, შეზღუდონ ინტერნეტში ექსტრემისტული პოზიციების გამომხატველი და ძალადობრივი შინაარსის შემცველი ინფორმაციის გავრცელება, არ უნდა შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და პერსონალური მონაცემების დაცვა.

ამ პოზიციას იზიარებს უჩა აბაშიძეც, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი საქართველოდან. მისი აზრით, პრობლემა ის უფროა, რომ ევროპაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ მოიძიონ ძალადობის შემცველი ინფორმაცია. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ასეთი სურვილის მიზეზები ეძებონ, აუქმებენ გზებს, რომლებსაც ადამიანები საეჭვო შინაარსის მასალასთან მიჰყავს.

კიბერუსაფრთხოება და საქართველო

ინტერნეტში არსებულ სახელმწიფო მნიშვნელობის საფრთხეზე საუბარი საქართველოში 2008 წელს გააქტიურდა, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. სწორედ ამ მოვლენას მოჰყვა კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაც. გარდა იმისა, რომ ინტერნეტის გზით გავრცელებულ საფრთხეებზე დაკვირვება ეროვნული უშიშროებისა და სხვა თავდაცვითი უწყებების უშუალო კომპეტენციაა, 2013 წელს თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა კიბერუსაფრთხოების ბიურო. ამავე მიმართულებით დაიწყო მუშობა სპეციალურმა ჯგუფმა იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის ბიუროშიც.

მიუხედავად იმისა, რომ ტერორიზმს - და კიდევ უფრო მეტად კიბერ-ტერორიზმს - საზღვრები არ აქვს, ტერორიზმის პროპაგანდის შეჩერება საქართველოს ეროვნული თავდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. კიბერუსაფრთხოების მთავარ გამოწვევებზე გვესაუბრა თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ანდრია გოცირიძე:

„მთავარი გამოწვევა საქართველოსთვის, რომელსაც საფრთხესაც დავარქმევდი, არის მისი ჩრდილოელი მეზობლის მიერ კიბერელემენტების საკმაოდ ხშირი და, სამწუხაროდ, წარმატებული გამოყენება მიმდინარე კონფლიქტებში. ეს უპირველესი საფრთხეა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დონეზე და თავდაცვის სამინისტროს ამოცანაა მინიმუმამდე დაიყვანოს ის. მეორე საფრთხე განვითარებული მსოფლიოსთვისაც მნიშვნელოვანია. ეს არის ტერორისტების მიერ წარმოებული საქმიანობა ინტერნეტში, რომელიც საქართველოს რეალობაში რეკრუტის და სხვა პროპაგანდისტული მიზნებით გამოიყენება, რასაც ცხადია, სახელმწიფო უნდა დაუპირისპირდეს და უპირისპირდება კიდეც“.

ანდრია გოცირიძე ამბობს, რომ კიბერტერორიზმის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე უწყება გაერთიანდა, რაც ციფრული გზით გავრცელებული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს.

ცნობების თანახმად, საფრთხის შემცველი ინფორმაციისთვის განკუთვნილი ციფრული საცავი, რომელზეც ფეისბუკმა, ტვიტერმა, იუტუბმა და მაიკროსოფტმა იმუშავეს, მომავალი წლიდან ამოქმედდება და მასში ჩართვა სხვა კომპანიებსაც შეეძლებათ.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG