Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალური მედიის როლი ქართულ პარტიულ პოლიტიკაში


ავტორი: ინგა ფუტკარაძე

დღევანდელ გლობალურ სამყაროში, ტექნოლოგიები და მედია პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნის. სოციალური სივრცის გარეშე მსოფლიო უბრალოდ წარმოუდგენელია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ინტერნეტ-კომუნიკაციის ბაზრის მთავარი მომხმარებლები არიან. შესაბამისად, ინტერნეტი და მედია-ტექნოლოგიები უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის პარტიებისთვის ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვონ, შესათავაზონ მათ საარჩევნო პროგრამა, იდეები, დაპირებები, ვიდეო-მიმართვები, მოწოდებები, გააცნონ სიახლეები, გეგმები. პოლიტიკა უკვე საზოგადოებისთვის არამხოლოდ ტრადიციული მედიის, არამედ სოციალური ქსელების მეშვეობითაც გახდა ხელმისაწვდომი, ამიტომ, ინტერნეტის მოხმარება უშუალო კავშირშია საარჩევნო კამპანიასთან, ვინაიდან ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ხშირ შემთხვევაში ამჯობინებს საარჩევნო პროგრამა მშვიდ გარემოში წაიკითხოს, ვიდრე პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე გაეცნოს. ამიტომ, პოტენიცური ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია პარტიამ მას ონლაინ-ურთიერთობისთვის სწრაფი და ინოვაციური მიდგომა შესთავაზოს. მიზეზ-შედეგობრივია, რომ ქართული პარტიებიც ცდილობენ ინტერნეტ-სერვისის საშუალებით მოიპოვონ ან შეინარჩუნონ ძალაუფლება.

საინტერესოა საქართველოში თუ რამდენად იყენებენ პარტიები იმ მნიშვნელოვან რესურსს, რასაც სოციალური მედია სთავაზობს მათ?

პარტიებისთვის ინტერნეტი ამომრჩეველზე ერთგვარი ზეგავლენის მოხდენის მექანიზმად იქცა, ვინაიდან იგი შესაძლებლობას იძლევა მცირე დანახარჯით, სწრაფად, სამიზნე აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდოს და ასევე მასთან მარტივ კომუნიკაციას შეუწყოს ხელი. სოციალური მედიას ინტერაქციული ხასიათი აქვს, რადგან ამომრჩეველი არაა მხოლოდ ინფორმაციის პასიური მომხმარებელი, არამედ მას აქტიური როლი ენიჭება და შეუძლია პარტიებს გამოგზავნილ მესიჯებზე უკუკავშირი დაუბრუნოს.

უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტი პოლიტიკის პერსონალიზაციას იწვევს. პარტიები თავიანთ ვებ-გვერდებზე უფრო მეტად პიარზე, ლიდერების პოპულარიზაციაზე აქცენტირდებიან, ვიდრე მაგალითად, იდეოლოგიებზე, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურ სფეროზე. საინტერესოა ფეისბუქ გვერდებზე პარტიათა ,,ლაიქების“ , კომენტარების, პოსტების ფენომენი და მეტი მოწონების მოსაპოვებლად ე.წ. ,,პრესტიჟის ომი“. ცალკე საკითხია ფეისბუქზე ფასიანი რეკლამები, რითაც პარტიები ამომრჩევლებს ერთგვარად ,,აიძულებენ“ მათი ოფიციალური გვერდის მოწონებას.

დასავლური დემოკრატიული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში პარტიული პოლიტიკური სპექტრი სოციალურ სივრცეს ნელი ტემპით ითვისებს, შესაბამისად პარტიები ცდილობენ ამომრჩეველთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადავიდნენ, ტელეკომუნიკაციებისა და ტექნოლოგიის წყალობით უშუალო კონტაქტი - იქონიონ მასთან, მაგალითად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ,,პატრიოტთა ალიანსის“ მიერ პოტენციური ამომრჩეველთათვის , მობილურის ნომრებზე, გაგზავნილი მესიჯები მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

საკმაოდ აქტუალურია პარტიის წევრთა ან ლიდერთა ფეისბუქ ,,ლაივები“ ან ვიდეობი. თბილისის ამჟამინდელი მერი აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ. მოსახლოებასთან კომუნიკაციის მიზნით იგი ხშირად იყენებს ვიდეო-მიმართვებს, მაგალითად, ,,ბირჟა მაფიის“ წევრთა დაკავების დროს, მან ვიდეო ჩაწერა, სადაც მხარი დაუჭირა ახალგაზრდებს, რამაც საზოგადოებაში საკმაო სიმპათია გამოიწვია მის მიმართ.

ყველაზე აქტიურ ,,ონლაინ-პარტიად“ რესპუბლიკელები შეიძლება მივიჩნიოთ. ისინი ფეისბუქ გვერდზე მუდმივად ანახლებენ ვიდეო-მიმართვებსა თუ პოსტებს, საუბრობენ სხვადასხვა პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური საკითხების ირგვლივ.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტ სივრცე ე.წ. ,,ფეიქ-გვერდების“ საშუალებით შესაძლებელია პოლიტიკური მანიპულაციებისა და სპეკულაციების საგანიც გახდეს. მაგალითად, ამ წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ალეკო ელისაშვილზე ერთგვარი შეტევა განხორციელდა, როდესაც მისი სახელით შეიქმნა გვერდი ,,ალეკო ელისაშვილის მხარდამჭერები“, რომლის მიზანი კანდიდატის დისკრედიტაცია გახლდათ.

შესაძლებელია, ერთი შეხედვით, პარტიები საკმაოდ აქტიურ როლს ასრულებდნენ სოციალურ მედიაში, თუმცა უნდა დავსვათ კითხვა, თუ რამდენადაა ქმედითუნარიანი აღნიშნული აქტივობა .გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბევრ დასავლეთ დემოკრატიას, ასევე ის თუ რამდენი მომხმარებელი ჰყავს სოციალურ ქსელებს. შესაბამისად, საზოგადოებისთვის უფრო პრიორიტეტული ტელე-მედია შეიძლება იყოს. გარდა ამისა, თავად პარტიები არიან განმსაზღვრელი ამომრჩეველთა პრიორიტეტების, თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, რომ პარტიას მიეწერა მათთვის, აზრი ეკითხა ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად. პარტიები ჯეროვნად ვერ ითვისებენ იმ მსუყე რესურსს, რაც სოციალურ მედიას გააჩნია. ხშირ შემთხვევაში ისინი არ ინტერესდებიან თავიანთ პოსტებზე სოციალური ქსელის მომხმარებელთა ჩართულობით, არსებობს კომენტარის წაშლის ან ე.წ. ,,დაბლოკვის“ ფაქტებიც.

საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში, პარტიები ინტერნეტ-ბაზრის ის სუბიექტები არიან, რომლებმაც პოსტების, ფოტოების თუ ვიდეოების მეშვეობით ამომრჩევლები უნდა მოიზიდონ, ინოვაციური, მრავალფეროვანი, მარტივი, ეფექტური, მისაწავდომი, სიახლეებით დატვირთული ,,სოციალური ამინდი“ შესთავაზონ, მოსახლეობის კითხვებს თუ პრობლემებს მყისიერ დროში უპასუხონ. მულტიკულტურულ მოსახლეობაში, პოლიტიკური პარტიებისთვის ძნელია სამიზნე აუდიტორიას განსაზღვრული მესიჯი მკაფიოდ მიაწოდონ, შესაბამისად ამ კუთხით თანამედროვე ტექნოლოგიები სწრაფი და მარტივია. პარტიისთვის მედია მთავარი დასაყრდენია, სწორედ მედიისა და ინტერნეტის მეშვეობით ცდილობენ ისინი ამომრჩეველს თავიანთი პროდუქტი: საარჩევნო პროგრამა, რეკლამა, დაპირებები, ლოზუნგები, იდეები შესთავაზონ, რადგან ფაქტია საზოგადოებაში ,,ონლაინ-მედიის“ საზღვრები ფართოვდება, ხოლო ,,ოფლაინ-მედიის“ კი იკლებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ პარტიებს შესაძლებლობა ამ კუთხით არ აქვთ. ისინი მხოლოდ ახლა ცდილობენ ფეხი აუწყონ თანამედროვე ტექნოლოგიურ პროცესს და აითვისონ სოციალური მედია, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნებში არსებობს და საკმაო ოდენობის მხარდამჭერი ჰყავს,,მეკობრეების პარტიას“, რომელიც იცავს მომხმარებლის უფლებას, არალიცენზირებული ინტერნეტ-პროდუქციის მოხმარებისგან. აუცილებელია საქართველოში პარტიებმა მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ რესურსი, უზრუნველყონ მისი ხელმისაწვდომობა, ღიაობა, საჯაროობა და რაც მთავარია ამომრჩევლის ჩართულობა და მასთან მჭიდრო კომუნიკაცია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG