Accessibility links

როგორ უნდა აღდგეს ნდობა სოციოლოგიური გამოკითხვების მიმართ - ამ კითხვას სვამს რადიო თავისუფლების მიმომხილველი, რონ შინოვიცი, წლის შემაჯამებელ წერილში, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევის ხარვეზებს ეხება.

პოლიტიკური გამოკითხვების სფეროსთვის 2016 წელს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მცდარი პროგნოზების წელიწადი. საზოგადოებრივი გამოკითხვების სანდოობის მიმართ ბოლო ხანს მართლაც არაერთი ეჭვი გაჩნდა. დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტორიტეტიანმა ორგანიზაციებმა დაიწყეს გამოძიება ამ ქვეყნებში 2016 წელს ჩატარებულ კენჭისყრებთან დაკავშირებული მცდარი პროგნოზების გარშემო. მაინც, სად იყო დაშვებული შეცდომები? ამ კითხვაზე პასუხს 2017 წლის მაისისთვის ელიან, თუმცა ბევრი ახლავე აღნიშნავს რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს, რომლებიც სოციოლოგიურ გამოკვლევებს უკავშირდება.

„უპასუხო კითხვები“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთი კანდიდატი, დონალდ ტრამპი, გამუდმებით აკრიტიკებდა მედიას და ამტკიცებდა, რომ საინფორმაციო საშუალებები მის მიმართ მიკერძოებული იყო. ტრამპი არ აღიარებდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებს და მათ „ბინძურ გამოკითხვებად“ მოიხსენიებდა. აშშ-ის ერთ-ერთი გავლენიანი ინსტიტუტის - პიუს კვლევითი ცენტრის - განცხადებით, ტრამპის ამგვარმა შეფასებებმა გავლენა იქონია მის მხარდამჭერებზე, რომლებიც, უნდობლობის საბაბით, უარს ამბობდნენ სატელეფონო გამოკითხვებში მონაწილეობაზე. ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, მათ შორის, ვინც თავი აარიდა გამოკითხვებში მონაწილეობას, უფრო მეტად საშუალო განათლების მქონე თეთრკანიანები არიან, რომელთა უმეტესობამ მხარი სწორედ ტრამპს დაუჭირა, და ნაკლებად − უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები. გამოკითხვებში მონაწილეობაზე უარს ამბობდნენ ისინიც, ვინც არჩევნების დროს დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. „მცდარი დასკვნების გავრცელებაზე იმოქმედა იმედგაცრუებამ და ინსტიტუტების მიმართ არსებულმა უარყოფითმა განწყობამ, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა“, ამბობს პიუს კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი კლოდია დინი, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თავისებურებებზეც ლაპარაკობს:

„გამოკითხვების მეთოდოლოგიაზე დაკვირვება არჩევნების შემდგომი იმ კვლევის ნაწილია, რომელსაც ახლა ვატარებთ. მაგრამ არსებობს არაერთი სხვა ასპექტიც, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. მაგალითად ის, თუ როგორ ავსებს ადამიანი კითხვარს, სატელეფონო გამოკითხვით თუ ინტერნეტში; როგორ აფასებს იმას, თუ ვინ წავა არჩევნებზე ხმის მისაცემად“.

„მორიდებული ამომრჩევლის“ ეფექტი

„მორიდებული ამომრჩეველი“ ამომრჩეველთა ის სეგმენტია, რომელმაც ხელი შეუწყო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ბრექსიტის არაპროგნოზირებად ხასიათს. აღმოჩნდა, რომ იმ გამოკვლევებში, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებამდე კლინტონის გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა, ტრამპის მხარდამჭერებს მონაწილეობა თითქმის არ მიუღიათ: მათ ამჯობინეს „ტრამპის ფარულ მხარდამჭერებად“ დარჩენილიყვნენ. მსგავსი ტერმინი გამოიყენა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა 1969 წელს, როდესაც იხმარა გამოთქმა „მდუმარე უმრავლესობა“. ამ სიტყვებით ნიქსონმა დაახასიათა ის ამერიკელი ამომრჩეველი, ვინც, მართალია, მას უჭერდა მხარს, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარი არ სურდა.

„მორიდებული ამომრჩევლის“ ცნება ახსენეს ბრექსიტთან დაკავშირებულ კენჭისყრისწინა კამპანიაშიც. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ბრიტანეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის საბჭოს პრეზიდენტმა, ჯონ კერტისმა, არ არსებობს რაიმე აშკარა საბუთი იმისა, რომ „მორიდებული ამომრჩევლის“ ფაქტორს მნიშვნელოვნად ემოქმედოს ბრექსიტის წინა პერიოდში დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე. კერტისის თქმით, ვერ ვიტყვით, თითქოს კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩეველი უარს ამბობდეს პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვაზე იმ მიზეზით, რომ არ სურს, „სოციალურად არასასურველად“ აღიქვან.

რეალური ამომრჩევლის იდენტიფიცირება

წინასაარჩევნო გამოკითხვების მთელი სირთულე იმაშია, რომ მათ უჭირთ დაადგინონ, წავლენ თუ არა არჩევნებზე შემთხვევით შერჩეული რესპონდენტები. ამაზე მიუთითებს თუნდაც ის გარემოება, რომ საარჩევნო უბნებზე ჩატარებული ეგზიტპოლები უფრო ზუსტია, ვიდრე არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვები. მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ეგზიტპოლების მონაწილეებს მართლაც ჰქონდათ მიცემული ხმა ერთი კონკრეტული კანდიდატისთვის.

როგორც ჩანს, მკვლევრებმა შეცდომა დაუშვეს ამერიკის შეერთებული შტატების დემოგრაფიული ანალიზის დროსაც. მაგალითად, მათ ვერ შეძლეს იმის განჭვრეტა, რომ არჩევნებზე წავიდოდა ტრამპის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი. მცდარი პროგნოზები გაკეთდა კლინტონის ამომრჩევლებთან დაკავშირებითაც. არჩევნების შედეგად აღმოჩნდა, რომ კლინტონის მხარდამჭერებიდან საარჩევნო უბნებზე გამოცხადდა იმაზე ნაკლები მოქალაქე, ვიდრე მოელოდნენ. მაგალითად, ფლორიდაში კლინტონს იმაზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მისცა ხმა ესპანურენოვანი და 30 წელზე ნაკლები ასაკის მოსახლეობიდან, ვიდრე ვარაუდობდნენ. საინტერესოა, რომ ტრამპმა მოსალოდნელზე მეტი ხმა სწორედ ამ ასაკობრივი და დემოგრაფიული ჯგუფისგან მიიღო. ეს კი მისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ფლორიდაში გასამარჯვებლად.

ერთადერთი სწორი წინასწარმეტყველების ავტორი

ერთადერთი გამოკითხვა, რომელმაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება იწინასწარმეტყველა, „ლოს-ანჯელეს ტაიმსის“ გამოკვლევა იყო. ეს გამოკვლევა ჩატარდა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის დორნსაიფის კვლევითი ცენტრის დირექტორის, არი კეპტინის, ხელმძღვანელობით, რომლის თქმით, მისმა გუნდმა უჩვეულო მეთოდოლოგიის გამოყენებით შეძლო დაედგინა, ვინ იყო „რეალური ამომრჩეველი“, ეწინასწარმეტყველა ცვლილება ამომრჩეველთა ქცევაში, ანუ გაეკეთებინა ის, რაც ვერ მოახერხა ვერც ერთმა სხვა ავტორიტეტიანმა სოციოლოგიურმა სამსახურმა. გარდა იმისა, რომ კეპტინის გამოკითხვაში რესპონდენტებს სთხოვდნენ, სასურველი კანდიდატი დაესახელებინათ, მათ ევალებოდათ, 100-ქულიან შკალაზე მოენიშნათ სავარაუდო არჩევანის ალბათობა სხვა კანდიდატების მიმართაც.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის საბჭოს პრეზიდენტი ჯონ კერტისი აკრიტიკებს „ლოს-ანჯელეს ტაიმსის“ გამოკითხვას და მიუთითებს, რომ მან არასწორად იწინასწარმეტყველა, თითქოს ტრამპს მეტი ამომრჩეველი მიემხრობოდა. მისივე თქმით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ახლა ის არის, რომ სულ უფრო ნაკლები მოქალაქე თანხმდება სატელეფონო გამოკითხვებში მონაწილეობაზე, ინტერნეტგამოკითხვების შევსების საშუალება კი მხოლოდ მას ეძლევა, ვინც თანახმაა რეგისტრაციაზე. ორივე შემთხვევაში სულ უფრო რთული ხდება შემთხვევით შერჩეული ამომრჩევლის მოძიება, რომელიც რეალურად ასახავს მოსახლეობის არჩევანს. პიუს კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი კლოდია დინი ამბობს, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვათა ავტორები მშვენივრად ხვდებიან, რომ სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენა.

„ჩვენი საარჩევნო სისტემის თანახმად, საყოველთაო სახალხო არჩევნებში შეიძლება ერთმა კანდიდატმა გაიმარჯვოს, ხოლო საარჩევნო კოლეგიამ უპირატესობა მეორეს მიანიჭოს. და სწორედ ეს უკანასკნელი განსაზღვრავს, ვინ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი. არადა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ხალხის არჩევანს ზომავს და ისინი არც ისე დაშორებული იყო რეალობას“, ამბობს კლოდია დინი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG