Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფლის ნობათით სავსე „ხურჯინი“


მომხმარებლის მოთხოვნა სოფლის ნატურალურ პროდუქტზე სულ უფრო მატულობს. შესაბამისად, ბაზარზე ჩნდებიან კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა სახის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის არჩევისა და შეძენის საშუალებას იძლევიან.

„ხურჯინი“ პატარა მაღაზიაა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე. ქართული ნობათის მაღაზიის შექმნის იდეა მიხეილ ძიძიგურსა და სანდრო ხაჯალიას გაუჩნდათ, რითაც სასარგებლო და სასიამოვნო საქმე გააერთიანეს. როგორც ამბობენ, ბაზარზე ბევრი პროდუქტი, რომელიც სხვადასხვა მინარევებით მზადდება, იყიდება ისე, როგორც სოფელში დამზადებული, რაც, ხშირ შემთხვევაში, ტყუილია და მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.

სოფლის ნობათით სავსე „ხურჯინი“
please wait

No media source currently available

0:00 0:03:07 0:00
გადმოწერა

მიხეილი: გვინდოდა შეგვექმნა მაღაზია, რომელიც სოფლის ნატურალურ პროდუქტზე იქნებოდა ორიენტირებული და რომელიც ოჯახებში იქნებოდა დამზადებული.

სანდრო და მიხეილი სოფელ-სოფელ დადიან და ისე ეძებენ პროდუქტს მაღაზიისთვის - იქნება ეს თაფლი, ჩაი, ჩურჩხელა, სანელებლები თუ სხვა. ამოწმებენ იმასაც, თუ როგორ გარემოში მზადდება პროდუქტი და რამდენად სანდოა გლეხი. თავის მხრივ, გლეხი აღებულ მოსავალს ყიდის და, იმავდროულად, ბიზნესის საწყისებს ეუფლება.

სანდრო: გლეხი მეტ-ნაკლებად პროდუქციის ფასში ერკვევა. შესაბამისად, ჩვენც ნაკლებად ვევაჭრებით. ისე კი, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენსა და გლეხს შორის ურთიერთობა მაინც ნდობაზეა დამყარებული: შენ მე კარგ ხარისხს მაძლევ, შესაბამისად, მეც არ გევაჭრები, რომ კაპიკებში მომყიდო.

„ხურჯინის“ ფასები ადგილობრივ მოსახლეობაზეა გათვლილი და ცდილობს ბაზრის ფასს გაუთანაბრდეს, თუმცა მაღაზიაში შეხვდებით ისეთ პროდუქტსაც, რომელსაც უფრო იაფად იყიდით, ვიდრე ბაზარში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ხურჯინი“ პირდაპირ გლეხისგან იღებს პროდუქტს, შუამავლის გარეშე. შესაბამისად, მარჟაც დაბალია.

მიხეილი: ჩვენ ვთავაზობთ სამ ძირითად რაღაცას: პირველი ის, რომ, ნატურალური პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, თუ მომხმარებლის სურვილი იქნება, შეგვიძლია მწარმოებლის ვინაობაც ვუთხრათ. ამის გარდა, დაბალი ფასი, გარემო, სერვისი და პროდუქტის შეფუთვა.

მიხეილმა და სანდრომ მაღაზიის გახსნამდე კონსულტაციები სურსათის ეროვნულ სააგენტოსთანაც გაიარეს და ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს. კონკურენცია ბაზარზე დიდია. „ხურჯინის“ სავიზიტო ბარათი, სხვა პროდუქტებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაკრეფილი ჩაია, ჩურჩხელები - როგორც კახეთიდან, ისე დასავლეთ საქართველოდან, თაფლი - ჯავახეთიდან, სვანეთიდან, გურიიდან და მესხეთიდან. კომპანიის შემქმნელები ამბობენ, რომ ის გლეხები, ვისთანაც აქვთ ურთიერთობა, მკაცრად ჰყავთ გაფრთხილებული, რომ, თუ პროდუქტი რაღაც დროის შემდეგ ხარისხს დაკარგავს, შეწყვეტენ მათთან თანამშრომლობას.

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, მაღაზია აპირებს სეზონური პროდუქტიც გაყიდოს.

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG