Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ომის თავიდან აცილების საშუალება“ - რა იწვევს ისლანდიის მიმართ აშშ-ის ინტერესს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი თორგერდურ კატრინ გუნარსდოტირი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი თორგერდურ კატრინ გუნარსდოტირი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკა არქტიკაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად ძალისხმევას განაახლებს. რუბიოს თქმით, შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეები და კონკურენტები უკვე აქტიურობენ ამ რეგიონში, რომლის სტრატეგიული მნიშვნელობაც სულ უფრო იზრდება.

ნატოს სამ ქვეყანაში რუბიოს ტურნე ისლანდიით დაიწყო. საგარეო საქმეთა მინისტრ თორგერდურ კატრინ გუნარსდოტირთან შეხვედრაზე გამოსვლისას, რუბიომ ისლანდია ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის თავდაცვის სისტემაში საკვანძო რგოლად შეაფასა.

რუბიოს ვიზიტი იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც რუსეთის სამხედრო და სადაზვერვო პოტენციალისა თუ ჩინეთის მზარდი არქტიკული ამბიციების გამო, ჩრდილოეთ რეგიონებისადმი მათი ინტერესი სულ უფრო იზრდება.

„ისლანდიას ცენტრალური ადგილი უკავია მრავალ საკითხში, რომლებიც ეხება ჩვენი საერთო რეგიონის უსაფრთხოებასა და თავდაცვას, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. - ეს საფრთხეები იზრდება და სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მთლიანად არქტიკას და კერძოდ ისლანდიას“.

რუბიო რეიკიავიკში ეწვია „ჰოფდის“ ვილას, სადაც 1986 წელს აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანისა და საბჭოთა კავშირის მმართველის მიხეილ გორბაჩოვს შორის შეხვედრა გაიმართა.

არა ისე, როგორც 20 წლის წინ

სახელმწიფო მდივანს არ გამოუცხადებია ისლანდიაში აშშ-ის ახალი მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნის გეგმა, თუმცა მიანიშნა, რომ ვაშინგტონი მზადაა გააფართოოს თავისი სამხედრო ყოფნა არქტიკულ რეგიონში - განსაკუთრებით აშშ-ის, დანიასა და გრენლანდიას შორის თავდაცვის შესახებ ახალი შეთანხმების დადების გათვალისწინებით. მარკო რუბიომ თქვა, რომ ვაშინგტონი ისლანდიის ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს იმის დასადგენად, თუ კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი.

2006 წელს, მას მერე, რაც ორ ქვეყანას შორის 1951 წელს დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა, აშშ-მა კეფლავიკში თავისი მუდმივი სამხედრო ყოფნა შეამცირა. მას მერე ამერიკელი სამხედროების საქმიანობა სწავლების, საზღვაო პატრულირებისა და ჯარების როტაციული განლაგების ფარგლებში გრძელდებოდა.

რუბიომ განაცხადა, რომ მას შემდეგ სტრატეგიული ვითარება შეიცვალა.

„ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიო შეიცვალა. დიდი ყურადღება ეთმობა არქტიკას“, - თქვა მან და აღნიშნა, რომ ისლანდიის მდებარეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნატოს ფარგლებში ევროპის თავდაცვისთვის, არამედ აშშ-ის ტერიტორიის დასაცავადაც.

სექტემბერში 1 200-ზე მეტმა ამერიკელმა სამხედრომ, მოკავშირეებთან ერთად, მიიღო მონაწილეობა სწავლებაში "Northern Viking 2026". ეს მანევრები ისლანდიის ტერიტორიასა და არქტიკის მომიჯნავე რაიონებში ყოველწლიური სამხედრო თანამშრომლობის ნაწილია.

ამასთან, საინტერესოა, რომ თვითონ ისლანდიას არ გააჩნია ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალები. თუმცა ეს ხელს არ უშლის მას მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ნატოს საქმიანობაში. ქვეყანა ალიანსის სხვა წევრებს უთმობს ტერიტორიას, ინფრასტრუქტურას, მეთვალყურეობის საშუალებებს და მოკავშირეთა ძალებს კი მათზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.

დანიის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი გრენლანდიის სანაპიროსთან
დანიის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი გრენლანდიის სანაპიროსთან

რუბიომ აღნიშნა, რომ საფრთხეები, რომელთა წინაშეც ისლანდია და მისი პარტნიორები არიან, ჩვეულებრივი სამხედრო საშიშროების ფარგლებს სცდება.

მან ახსენა სხვადასხვა ფარული საქმიანობა, რომლებსაც რუსეთი მიმართავს, მაგალითად, დივერსიები წყალქვეშა კაბელებზე.

„XXI საუკუნეში საფრთხეები მხოლოდ სამხედრო ხასიათის არ არის; ეს ასევე არის ეკონომიკური და კომერციული საფრთხეები, რომლებსაც გავლენა აქვს ჩვენი ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებაზე“, - თვლის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

ამაში ჩანს ნატოს სიფრთხილე იმის გამო, რომ არქტიკა და ჩრდილოეთი ატლანტიკა სულ უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიული სივრცეებად გადაიქცა. იქ სულ უფრო ხშირად მოძრაობენ წყალქვეშა ნავები, გაჰყავთ ახალი საზღვაო მარშრუტები, იქმნება კომუნიკაციების ინფრასტრუქტურა.

ერლინგურ ერლინგსონმა, ისლანდიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროსმა მოწვეულმა მკვლევარმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ისლანდია დადებითად აფასებს უკიდურეს ჩრდილოეთში უსაფრთხოების საკითხებისადმი მოკავშირეების ყურადღების ზრდას, მათ შორის ნატოს ინიციატივას Arctic Sentry-ს და ევროპული პოტენციალის გაფართოებას.

თუმცა ის საზოგადოებას აფრთხილებს, რომ არ უნდა გამორჩეთ მხედველობიდან ევროპული უსაფრთხოების საერთო სურათი.

„რუსული შესაძლებლობები, კერძოდ, "რუხ ზონაში" ომის წარმოება, შორ მანძილზე დარტყმები და წყალქვეშა ძალების კონცენტრაცია, კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს“, - აღნიშნა ერლინგსონმა.

მისი თქმით, ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი ალიანსის უსაფრთხოების მთავარ პრობლემად რჩება, ხოლო უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის.

„რუსული შესაძლებლობები, კერძოდ, "რუხ ზონაში" ომის წარმოება, შორ მანძილზე დარტყმები და წყალქვეშა ძალების კონცენტრაცია, კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს“

კრისტინ არნი ლარ ჰრობიარტსონი, უსაფრთხოების საკითხების ისლანდიური ანალიტიკური ცენტრ Varda-ს თანადამფუძნებელი, ასევე მიუთითებს რეგიონისადმი რუსეთის გაზრდილ ინტერესზე.

„ისლანდია, რა თქმა უნდა, გრძნობს არქტიკისადმი ყურადღების გაძლიერებას, რაც გამოწვეულია რუსეთის მოქმედებებითა და მიმდინარე აგრესიული ომით“, - ამბობს ჰრობიარტსონი. მას მაგალითად მოჰყავს ამ ზაფხულს ისლანდიის ნაპირებთან ახლოს რუსული სადაზვერვო ხომალდის გამოჩენა.

ამავდროულად, ექსპერტი ჩინეთის როლის გადაჭარბებულ შეფასებაზე ლაპარაკობს და თვლის, რომ ამ რეგიონში პეკინის საქმიანობის მასშტაბები „მნიშვნელოვნად გადაჭარბებულია“ იმ უშუალო სამხედრო საფრთხეებთან შედარებით, რომლებსაც ნატო თავის აღმოსავლეთ ფლანგზე აწყდება.

პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ქვეყანა

ისლანდიის მნიშვნელობა, სავარაუდოდ, გაიზრდება გრენლანდიასა და მთლიანად არქტიკაში აშშ-ის პოზიციების განმტკიცებასთან ერთად. მარკო რუბიო მიესალმა გრენლანდიის შესახებ ბოლო დროის თავდაცვის შეთანხმებას, რომელიც დაიდო აშშ-ს, დანიასა და თვითონ გრენლანდიას შორის და აღნიშნა, რომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონული უსაფრთხოებისთვის.

ჰრობიარტსონის თქმით, ისლანდიის მდებარეობა და მისი წევრობა ნატოში ქვეყანას არქტიკის თავდაცვის - შექმნის ფაზაში მყოფი- ქსელის მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს.

„ახალი შეთანხმება გრენლანდიაზე და იქ დამატებითი ბაზების შესაძლო მშენებლობა, ეჭვგარეშეა, ისლანდიისგან კიდევ უფრო დიდ წვლილს მოითხოვს“, - მიაჩნია მას.

ვაშინგტონისთვის ისლანდიის სტრატეგიული ღირებულება უკავშირდება მის მდებარეობას ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპასა და არქტიკას შორის, ვინაიდან ნატო სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს უკიდურეს ჩრდილოეთსა და ჩრდილოეთ ატლანტიკას.

ერლინგურ ერლინგსონი აღნიშნავს, რომ რუბიოს ვიზიტი შესაძლოა დაეხმაროს გრენლანდიის ირგვლივ ბოლოდროინდელი პოლიტიკური დაძაბულობით მიყენებული ზიანის ნაწილობრივ აღმოფხვრას. თუმცა, მისი თქმით, გადაუჭრელი რჩება უფრო ფართო საკითხები, რომლებიც ეხება ნატოს წინაშე აშშ-ის ვალდებულებებს.

მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიზანია არა კონფლიქტის პროვოცირება, არამედ წარმოქმნილი საფრთხეების შეკავება. „გვსურს შემდგომშიც განვავითაროთ ეს მიმართულება, როგორც კონფლიქტების თავიდან აცილების საშუალება. ისტორია გვასწავლის, რომ შეკავება ძალადობის საუკეთესო პროფილაქტიკა და ომის არიდების საუკეთესო საშუალებაა“.

კატეგორიები
​
XS
SM
MD
LG