Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ფსონი არქტიკულ ნავთობზე: ვინ იგებს?

ფოტოკოლაჟი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და „როსნეფტის“ გენერალური დირექტორი იგორ სეჩინი.
ფოტოკოლაჟი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და „როსნეფტის“ გენერალური დირექტორი იგორ სეჩინი.

ყინულოვან შორეულ ჩრდილოეთში მდებარე გიგანტური პროექტი „ვოსტოკ ოილი“ (Vostok Oil) კრემლისთვის ორი მიზნის მისაღწევადაა გადამწყვეტი: არქტიკაში თავისი ყოფნის გაძლიერებისა და ძირითადი საექსპორტო საქონლის მოპოვების გაგრძელებისთვის, იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის შედარებით მისადგომ ნაწილებში არსებული მარაგები იწურება.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტების გამოძიება აჩვენებს, რომ ეს პროექტი ასევე აშკარა მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს საწარმოს ამოქმედებას უკრაინაში რუსეთის ომის გამო დაწესებული სულ უფრო მკაცრი დასავლური სანქციების პირობებში „როსნეფტის“ მსგავსი გიგანტური სახელმწიფო კორპორაცია, რომელსაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ძველი მოკავშირე იგორ სეჩინი ხელმძღვანელობს.

სისტემამ“ (რადიო თავისუფლების რუსულენოვანმა საგამოძიებო განყოფილებამ) არქტიკის რეგიონზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „არქტიდასთან“ (Arctida) ერთად აღმოაჩინა, რომ 10 ტრილიონი რუბლის (118 მილიარდი დოლარი) ღირებულების პროექტში კონტრაქტორებთან, მომწოდებლებსა და სხვა პირებთან ერთად ჩართული არიან სეჩინთან დაახლოებული მილიარდერი, „როსნეფტთან“ დაკავშირებული რამდენიმე კომპანია და პუტინის სავარაუდო პარტნიორის, ალინა კაბაევას მამა.

„სისტემისა“ და „არქტიდის“ გამოძიება ასევე აჩვენებს, თუ როგორ ცდილობდნენ „როსნეფტი“ და პროექტზე მომუშავე სხვა კომპანიები ადაპტირებას მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში მოსკოვის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დაწესებულმა სულ უფრო მკაცრმა სანქციებმა ზოგიერთი იმ დასავლური სანავთობო ფირმის წასვლა გამოიწვია რუსეთიდან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ რუსეთის არქტიკაში ნავთობის დაზვერვასა და მოძიებაში.

„როსნეფტის“ გენერალური დირექტორი იგორ სეჩინი „ვოსტოკ ოილის“ გახსნის ცერემონიაზე 5 სექტემბერს
„როსნეფტის“ გენერალური დირექტორი იგორ სეჩინი „ვოსტოკ ოილის“ გახსნის ცერემონიაზე 5 სექტემბერს

5 სექტემბერს გამართულ გახსნის ცერემონიაზე, მრავალჯერ გადავადებული პროექტის პირველი ეტაპის ამოქმედებისას — რისთვისაც „როსნეფტმა“ ტაიმირის ნახევარკუნძულის ყინულოვან ყურეში 790-კილომეტრიანი მილსადენი და პორტი ააგო —„გათოშილ“ სეჩინთან ვიდეოზარით საუბრისას, პუტინმა ამ მოვლენას „მნიშვნელოვანი“ უწოდა არქტიკული რეგიონისა და რუსეთისთვის.

უსაფრთხოება და სპორტული კავშირები

პროექტში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა ნავთობის მილების მაგნატი, მილიარდერი დიმიტრი პუმპიანსკი, რომელიც 2021 წელს აკონტროლებდა კომპანიას სახელწოდებით „სინარასტროიკომპლექტი". მაშინ გახდა ის „ვოსტოკ ოილის“ გენერალური კონტრაქტორი და ამ საწარმოსთვის ლითონის ნაწარმის, ძირითადად ფოლადის მილების, ერთადერთი მომწოდებელი.

პუმპიანსკისა და სეჩინს შორის კავშირები, სულ მცირე, 2009 წლიდან იწყება, როდესაც პუმპიანსკი შევიდა მეტალურგიული მრეწველობის სამთავრობო კომისიაში, რომელსაც სეჩინი ხელმძღვანელობდა. იმ დროს სეჩინი ვიცე-პრემიერი იყო პუტინის კაბინეტში, ხოლო პუტინს ოთხი წლის განმავლობაში რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.

პუმპიანსკი ასევე რამდენჯერმე შეხვდა ვენესუელის ყოფილ პრეზიდენტს, სოციალისტ ავტოკრატ უგო ჩავესს, რომელიც 2013 წელს გარდაიცვალა. სეჩინმა, რომელიც „როსნეფტის“ გენერალური დირექტორი 2012 წელს გახდა, მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტობას დაუბრუნდა, კარაკასთან კავშირები დაამყარა და ნავთობის სფეროში ხელშეკრულებები გააფორმა.

პუმპიანსკის დასავლეთის სანქციები 2022 წლის მარტში დაეკისრა, პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე. მან სწრაფად დატოვა „სინარასტროიკომპლექტისა“ და თავისი ძირითადი კომპანიის, TMK-ს (იმ დროს მსოფლიოში ფოლადის მილების უდიდესი მწარმოებელი) ბენეფიციარის სტატუსი და მათი დირექტორთა საბჭოებიდან გავიდა.

იმავე წლის ბოლოს, გიბრალტარის ხელისუფლებამ მას მრავალმილიონიანი სუპერიახტა ჩამოართვა და აუქციონზე გაყიდა. თუმცა პუმპიანსკი აგრძელებდა პუტინთან შეხვედრებში მონაწილეობას და 2024 წელს შევიდა სრულიად რუსეთის ფრენბურთის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოში, რომელსაც დიდხანს ხელმძღვანელობდა პუტინის ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული ნდობით აღჭურვილი პირი, ნიკოლაი პატრუშევი - ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ყოფილი ხელმძღვანელი და რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც ახლა პრეზიდენტის თანაშემწეა. სეჩინი ფედერაციის საბჭოს წევრია 2009 წლიდან.

დიმიტრი პუმპიანსკი (არქივის ფოტო)
დიმიტრი პუმპიანსკი (არქივის ფოტო)

პატრუშევს, სეჩინსა და პუმპიანსკის შესაძლოა საერთო ინტერესები ჰქონოდათ სხვაგანაც - კომპანიაში, რომელიც წარმოადგენს „ვოსტოკ ოილის“ კონტრაქტორს და რომლის ნაწილობრივი მფლობელიცაა ალინა კაბაევას მამა. ალინა კაბაევა 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონია მხატვრულ ტანვარჯიშში. მედიაში მას აქტიურად მოიხსენიებენ, როგორც პუტინის მრავალწლიან პარტნიორსა და მისი ორი შვილის დედას. არც პუტინს და არც კაბაევას არ დაუდასტურებიათ, რომ ერთად არიან ან საერთო შვილები ჰყავთ, ხოლო კრემლი ბევრს შრომობს პუტინის პირადი ცხოვრების საიდუმლოდ შესანახად.

ალინა კაბაევას მამა, მარატ კაბაევი, უზბეკეთში დაბადებული ბიზნესმენი და ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელია. 2026 წლის დასაწყისში მან შეიძინა 25-პროცენტიანი წილი ლოგისტიკურ კომპანია „ტაიმირ ინვესტში“ (Taimyr Invest), რომელიც „როსნეფტის“ ობიექტებზე მუშაობს. როდესაც მარტში რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა ინტერვიუ ჩამოართვა კაბაევს, მან თქვა, რომ „ტაიმირ ინვესტს“ ტვირთები „ვოსტოკ ოილისთვის“ გადააქვს. „ვოსტოკ ოილის“ ფინანსური დოკუმენტები, რომლებიც „სისტემამ“ და „არქტიდამ“ მოიპოვეს, ადასტურებს, რომ კომპანიას „ვოსტოკ ოილისმა" ფული გადაურიცხა, თუმცა ეს თანხა - 200 მილიონ რუბლზე (2,4 მილიონი დოლარი) ნაკლები 2024-26 წლებში მისი ათეულობით მილიარდი რუბლის წლიური შემოსავლის მცირე ნაწილია.

მარატ კაბაევი (არქივის ფოტო)
მარატ კაბაევი (არქივის ფოტო)

საარბიტრაჟო სასამართლოს დოკუმენტები, რომლებიც „სისტემამ“ შეისწავლა, მიუთითებს, რომ „სინარასტროიკომპლექტი“ წარმოადგენს „ტაიმირ ინვესტის“ სერიოზულ კლიენტს.

ამავე სასამართლო დოკუმენტებიდან ჩანს, რომ 2024-25 წლებში ჩატარებული საგადასახადო აუდიტის შედეგად, „ტაიმირ ინვესტს“ დამატებით 3 მილიარდი რუბლის (35,5 მილიონი დოლარი) გადასახადისა და 800 მილიონი რუბლის (9,5 მილიონი დოლარი) ჯარიმის გადახდა დაეკისრა. „ტაიმირ ინვესტმა“ საგადასახადო პრეტენზიები სასამართლოში გაასაჩივრა და სამართალწარმოება დღესაც გრძელდება.

„ტაიმირ ინვესტს“ „სისტემამ“ კომენტარი სთხოვა, რაზეც პასუხი არ გაუცია.

ბოლო წლებში „ტაიმირ ინვესტი“ გაიზარდა კომპანიათა ჯგუფად, რომელიც მოიცავს სატვირთო ფლოტის ოპერატორს, ლოგისტიკურ ფირმასა და მილსადენების ქარხანას, რომელსაც ადრე პუმპიანსკი აკონტროლებდა. „ტაიმირ ჯგუფის“ ვებგვერდზე წერია, რომ მისი საქმიანობა მოიცავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკის რეგიონში საფეხბურთო კლუბის სპონსორობას.

ნავთობის სფეროში მომსახურება, სანქციები

2022 წლამდე ნავთობის სფეროში მომსახურებას ოთხი საერთაშორისო კომპანია — Baker Hughes-ი, Halliburton-ი, Schlumberger-ი და Weatherford-ი — უზრუნველყოფდა, მათ შორის, აღჭურვილობასა და ექსპერტიზას რუსეთის არქტიკის პროექტებისთვის. ჩრდილოეთში ყველაფერი, ინფრასტრუქტურის მშენებლობიდან დაწყებული ჭაბურღილებით დამთავრებული, უფრო რთულია, ვიდრე უფრო თბილ კლიმატში.

რუსეთისთვის 2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის მიტაცების გამო დაწესებულ სანქციებს ნაკლები გავლენა ჰქონდა პროექტზე, რადგან საბურღი ტექნოლოგიების მიწოდება არქტიკულ შელფსა და ღრმა წყლებში ოპერაციებისთვის იკრძალებოდა, „ვოსტოკ ოილი“ კი ხმელეთზე მდებარეობს.

აშშ-მა და სხვებმა სანქციები გააძლიერეს მას შემდეგ, რაც პუტინმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღა და დასავლურმა კომპანიებმა რუსეთის დატოვება დაიწყეს. 2025 წლის იანვარში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა „როსნეფტთან“ დაკავშირებულ „ვოსტოკ ოილის“ ოპერატორს. რამდენიმე კვირის შემდეგ მან ასევე დააწესა აკრძალვა, რომელიც ეხებოდა ამერიკულ კომპანიებს და კრძალავდა რუსეთში სანავთობო მომსახურებას. აშშ-ის ფირმა Baker Hughes-მა 2022 წლის ზაფხულში გამოაცხადა, რომ თავისი რუსული ბიზნესი ადგილობრივ მენეჯმენტს მიჰყიდა და მისი აქტივები რუსეთში გადაეცა რუსულ კომპანიას, OFS Technologies-ს.

2023-24 წლებში, „სისტემასა“ და „არქტიდას“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, OFS Technologies-ი აგრძელებდა ევროპული და ამერიკული აღჭურვილობის იმპორტს, თუმცა ჟურნალისტებმა ვერ იპოვეს Baker Hughes-თან დაკავშირებული აღჭურვილობის იმპორტის მტკიცებულება მას შემდეგ, რაც სანქციები გამკაცრდა 2025 წლის დასაწყისში.

Baker Hughes-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია არ აკონტროლებს OFS Technologies-ის საქმიანობას, არ იღებს ეკონომიკურ სარგებელს OFS Technologies-ის კონტრაქტებიდან „როსნეფტთან“ ან „ვოსტოკ ოილთან“ და არ აწვდის ამ უკანასკნელს აღჭურვილობას, ტექნოლოგიას ან სერვისებს არსებული სანქციების ან ექსპორტის კონტროლის დარღვევით.

OFS Technologies-ს შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია.

„ვოსტოკ ოილის“ ფინანსური დოკუმენტების თანახმად, რომლებიც „სისტემამ“ და „არქტიდამ“ მოიპოვეს, აშშ-ის Halliburton-მაც დაახლოებით იმავე დროს დატოვა რუსეთი და თავისი ბიზნესი იქ ადგილობრივ მენეჯმენტს გადასცა. 2023 წლის ბოლოდან 2026 წლის გაზაფხულამდე, „ვოსტოკ ოილთან“ კონტრაქტები 8 მილიარდ რუბლზე (95 მილიონი დოლარი) მეტი ღირებულებით გადაიბარა სამართალმემკვიდრე კომპანიამ, „ბურსერვისმა“ (Burservis).
Halliburton-ს და „ბურსერვისს“ კომენტარის მოთხოვნაზე პასუხი არ გაუციათ.

აშშ-ში ბაზირებულმა Weatherford-მა და SLB-მ, რომელიც ადრე Schlumberger-ის სახელით იყო ცნობილი, შეაჩერეს გზავნილები, ახალი ინვესტიციები და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა რუსეთში მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვლის მოვლენებმა დასავლური სანქციების ახალი ტალღა გამოიწვია.

თუმცა მათი შვილობილი კომპანიები აგრძელებდნენ ფუნქციონირებას რუსეთში, და „სისტემამ“ და „არქტიდამ“ აღმოაჩინეს, რომ ისინი აგრძელებდნენ თანამშრომლობას „ვოსტოკ ოილთან“.

პროექტის ფინანსური ჩანაწერები აჩვენებს, რომ Weatherford-ის რუსულმა შვილობილმა კომპანიამ სამჯერ მიიღო გადარიცხვა, ჯამში, 58 მილიონი რუბლის (688,000 დოლარი) ოდენობით ჭაბურღილზე მუშაობისთვის 2022 წლის მაისიდან 2023 წლის თებერვლამდე.

ჩანაწერები ასევე აჩვენებს, რომ 2026 წელს შვილობილმა კომპანიამ „ვოსტოკ ოილში“ გადარიცხა 8 მილიონი რუბლი (54,000 დოლარი), როგორც ავანსი ამ წლის მარტში დადებული კონტრაქტის შესაბამისად.
Weatherford-ს კომენტარის მოთხოვნაზე პასუხი არ გაუცია.
Financial Times-ი 2025 წლის აგვისტოში იტყობინებოდა, რომ Weatherford-ი აფართოებდა თავის ოპერაციებს რუსეთში. ერთი წლის წინ FT-მა გამოაქვეყნა მსგავსი ანგარიში SLB-ს შესახებ. მასში ნათქვამი იყო, რომ მან „ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტებს და რუსეთში დაიქირავა ასობით თანამშრომელი“.
საბაჟო დეკლარაციების გაანალიზებით, „სისტემამ“ და „არქტიდამ“ იპოვეს მტკიცებულება, რომ 2024 წლის იანვრიდან 2025 წლამდე SLB-ს შვილობილმა კომპანიებმა რუსეთში შეიტანეს 5,7 მილიარდ რუბლზე მეტი ღირებულების მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, რომლის უმეტესი ნაწილი დამზადებული იყო ჩინეთში ან ინდოეთში.

„როსნეფტის“ პროექტი „ვოსტოკ ოილი“ რუსეთის არქტიკაში (არქივის ფოტო)
„როსნეფტის“ პროექტი „ვოსტოკ ოილი“ რუსეთის არქტიკაში (არქივის ფოტო)

„სისტემისა“ და „არქტიდის“ მიერ მოპოვებული ფინანსური ჩანაწერები ასევე მიუთითებს, რომ „ვოსტოკ ოილმა“ დადო კონტრაქტი პანამაში ბაზირებული Schlumberger Logelco-ს მოსკოვის ოფისთან, არქტიკული პროექტის ერთ-ერთ სექტორში ბურღვის ტექნიკური მხარდაჭერისთვის, და რომ სამუშაოები და გადახდები კონტრაქტის მიხედვით გრძელდებოდა 2026 წელსაც.

ფინანსური და სასამართლო ჩანაწერები აჩვენებს, რომ ნიდერლანდში ბაზირებული Schlumberger Investment Services B.V., რომელიც დაკავშირებულია SLB-სთან, ფლობს „ბაშნეფტეგეოფიზიკას“ (Bashneftegeofizika) - რუსული კომპანიის 20 პროცენტზე მეტს. კომპანია დაზვერვას ახორციელებს „ვოსტოკ ოილის“ ობიექტზე.

რუსეთის სასამართლომ ერთ-ერთ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ Schlumberger Investment Services B.V. იყო Schlumberger-ის ნაწილი, თუმცა თავად SLB-ს ის თავის შვილობილ კომპანიებს შორის არ მიუთითებია.
ფინანსური ჩანაწერების თანახმად, 2021 წლიდან 2025 წლამდე, სანამ აშშ სანქციებს დაუწესებდა „ვოსტოკ ოილის“ ოპერატორს, „ბაშნეფტეგეოფიზიკამ“ მიიღო თითქმის 13 მილიარდი რუბლი (154 მილიონი დოლარი) „ვოსტოკ ოილისგან“.
„ბაშნეფტეგეოფიზიკამ“ მხარი დაუჭირა რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ რუსული ძალებისთვის აღჭურვილობის მიწოდებით. პუტინმა მის ყოფილ დირექტორს, რუსტემ ადიევს, სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის ორდენი გადასცა 2022 წლის აგვისტოში, სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ექვსი თვის თავზე.
SLB-ს და „ბაშნეფტეგეოფიზიკას“ კომენტარის მოთხოვნებზე პასუხი არ გაუციათ.


კატეგორიები
XS
SM
MD
LG