Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სქესობრივი დისკრიმინაცია - გრეხილი, რომელიც გაწყდა


პაპუნა უგრეხელიძე
პაპუნა უგრეხელიძე

ინფორმაცია სამსახურის დატოვების შესახებ პაპუნა უგრეხელიძემ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, საკუთარ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა:

„ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებების სახელით ხორციელდება“.

თანამდებობა დატოვა სექსუალურ შევიწროებაში ეჭვმიტანილმა, საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა

  • პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე ის იყო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.
  • 1996 წლიდან პაპუნა უგრეხელიძე არაერთ კერძო და საჯარო სტრუქტურაში იკავებდა მაღალ თანამდებობას.
  • ქალმა, რომლის მიმართაც სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროებისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა, ომბუდსმენს 2016 წლის აგვისტოში მიმართა.

პაპუნა უგრეხელიძე „შეთითხნილს“ უწოდებს სახალხო დამცველის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის მაისში დადგინდა, რომ ის ყოფილ თანამშრომელს „სქესის ნიშნით ავიწროებდა“. მიუხედავად სახალხო დამცველის ოფისის მიერ დაცული კონფიდენციალურობისა, პაპუნა უგრეხელიძე თავის განცხადებაში ასაჯაროებს იმ ქალის ვინაობას, რომელმაც 2016 წლის აგვისტოში სახალხო დამცველს უფლებების დასაცავად მიმართა:

„აქვე დავძენ, რომ არც ერთი კანონით დადგენილი მტკიცებულება არც ე. წ. მსხვერპლსა (მითითებულია სახელი და გვარი, ავტ.) და არც სახალხო დამცველს მის მიერ შეთითხნილ დასკვნაში არ წარმოუდგენია საზოგადოებისათვის... სახალხო დამცველის კონფიდენციალურ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ყველა მოწმე კონფიდენციალურია, მტკიცებულებები კონფიდენციალურია. როგორც იურისტი, ვთვლი, რომ ასეთი „დასკვნები“ ყველა კაცისა და ყველა ქალის წინააღმდეგ საშიშ ტენდენციას უყრის საფუძველს“.

პაპუნა უგრეხელიძის თქმით, მის მიმართ წაყენებული ბრალდებები შურისძიებას უკავშირდება, ქმრის სამსახურიდან გათავისუფლების გამო:

„აქ დასრულდა ჩვენი მეგობრობა და ის გადავიდა შანტაჟზე. ამის შემდეგ კი დაიფარა სახე და ქალთა უფლებების სახელით ანონიმური ბრძოლა გამოუცხადა „სიტყვიერი ძალადობის“ არარსებულ ავტორს. ამდენად, ჩემს მიმართ შანტაჟისა და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო მე მივმართავ სასამართლოს, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი ჩემ მიერ მის შევიწროებას“.

სახალხო დამცველის უპასუხო რეკომენდაციები

ინფორმაცია სახალხო დამცველის დასკვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სექსუალურ შევიწროებაშია მხილებული, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დასკვნა 2017 წლის 3 მაისს მომზადდა და საჯარო რეესტრის თავმჯდომარეს შესაბამისი რეკომენდაციები გადაეგზავნა: 1. მომავალში მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს შეუქმნას ადამიანის ღირსებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემო; 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შემუშავდეს ეთიკის კოდექსი, რომლითაც აიკრძალება ნებისმიერი სახის შევიწროება, რათა მოხდეს საჯარო რეესტრში დასაქმებული ნებისმიერი პირის მხრიდან დასაქმებულის მიმართ სქესის ან/და სხვა რომელიმე ნიშნით შევიწროების ან/და სექსუალური შევიწროების თავიდან აცილება.

კანონმდებლობის მიხედვით, კერძო პირისგან განსხვავებით, საჯარო პირი ვალდებულია 20 დღის განმავლობაში აცნობოს სახალხო დამცველს რეკომენდაციების განხილვის შედეგები, ანუ ეთანხმება თუ არა მიღებულ რეკომენდაციებს, თუმცა ქეთი შუბაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მოპასუხე პაპუნა უგრეხელიძეს სახალხო დამცველისთვის დღემდე არაფერი უცნობებია.

ქეთი შუბაშვილი
ქეთი შუბაშვილი

რაც შეეხება პაპუნა უგრეხელიძის მიერ 27 მარტს გავრცელებულ განცხადებას და შეფასებას, რომ სახალხო დამცველის დასკვნა შეთითხნილია და ის ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ კონფიდენციალურ ინფორმაციას, ქეთი შუბაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს:

„მტკიცებულებები და ფაქტები სრულყოფილად გამოვიკვლიეთ. ამ საქმეს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში - რამდენიმე თვე - ვსწავლობდით. ვესაუბრეთ თავად პაპუნა უგრეხელიძესაც. ვესაუბრეთ, ცხადია, მესამე პირებსაც. ის, რომ დასკვნაში არ არის მითითებული კონკრეტული სახელები და გვარები, არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ არსებობენ. სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ორგანო და მისი ოფიციალური წარმომადგენლები საუბრობდნენ მესამე პირებთან, მაგრამ, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, სახელებსა და გვარებს ვერ ვასახელებთ. გარდა ამისა, იმ წერილობით კომუნიკაციაზე, რომელიც მომჩივანმა მოგვაწოდა, მოპასუხეს, ანუ პაპუნა უგრეხელიძეს, არ უთქვამს, რომ ეს მიმოწერა მას არ ეკუთვნოდა“.

ქალები, ქალების საქმეები და სასამართლო

ქალმა, რომლის მიმართაც სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროებისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა, ომბუდსმენს 2016 წლის აგვისტოში მიმართა. სახალხო დამცველამდე მისასვლელად მას დიდი დრო დასჭირდა. 2016 წლის იანვარში მან ჯერ სამსახური დატოვა. ქალი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ვეღარ გაუძლო პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან გამუდმებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას და დატოვა სამსახური, სადაც 12 წელი იმუშავა. მისთვის ახლაც მძიმეა იმ დღის გახსენება, როცა სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. უფროსის ტელეფონის ზარი ქუჩაში წამოეწია. თუკი აქამდე სალანძღავი სიტყვებით შემოიფარგლებოდა, ამჯერად გინებაზე გადავიდაო, ეუბნება ქალი რადიო თავისუფლებას:

კიდევ ერთხელ დავემუქრე, გიჩივლებ-მეთქი, რაზეც აქეთ დამემუქრა. ვიტყვი, რომ შენთან მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა არ მქონდა. მე ხომ ვიტყვი და ვნახოთ, ვის დაუჯერებენო. სწორედ მაშინ გადავწყვიტე სახალხო დამცველთან წასვლა...

„უკმაყოფილო იყო, ვიზის თაობაზე პრობლემა შეექმნა, რომლის მოგვარებასაც მე მთხოვდა. ქუჩის ქალი და ნაგავი მეძახა. ტირილი დავიწყე და ვუთხარი, რომ ვუჩივლებდი. ამან საშინლად გააღიზიანა, დამემუქრა და მაგინა“.

როგორც ქალი ჰყვება, ამ სატელეფონო ზარამდე ერთი კვირით ადრე სხვა ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი:

„მორიგი ლანძღვის შემდეგ ვთხოვე, „თავი დამანებე, ნაცემივით ვარ-მეთქი“, რაზეც მომწერა: „ნუ ხტიხარ, აკეთე ის, რასაც გეუბნები... ხელითაც შეგეხები და მართლა ნაცემი რომ იქნები, მერე მიხვდები, მაიმუნო შენა!“

2016 წელს ქალი ახალ სამსახურში გადავიდა, თუმცა, როგორც ამბობს, ყოფილი უფროსის მხრიდან მისი შევიწროება ისევ გაგრძელდა:

„იმუქრებოდა, სანამ არ გავანადგურებ, არ მოვეშვებიო. ახალი სამსახურიდანაც გავაგდებინებ, არ გავახარებო. კიდევ ერთხელ დავემუქრე, გიჩივლებ-მეთქი, რაზეც აქეთ დამემუქრა. ვიტყვი, რომ შენთან მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა არ მქონდა. მე ხომ ვიტყვი და ვნახოთ, ვის დაუჯერებენო. სწორედ მაშინ გადავწყვიტე სახალხო დამცველთან წასვლა“.

პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე ის იყო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე. 1996 წლიდან პაპუნა უგრეხელიძე არაერთ კერძო და საჯარო სტრუქტურაში იკავებდა მაღალ თანამდებობას.

XS
SM
MD
LG