Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარე ვერეს დატრიალებული უბედურება


თბილისი, 14.06.2015
თბილისი, 14.06.2015

კვირას, 18 საათისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიამ საქართველოში 13 ადამიანი იმსხვერპლა. უმეტესობა დედაქალაქში, მდინარე ვერეს შემოტევას შეეწირა. ადიდებულმა მდინარემ ხალხი მანქანებიანად გაიტაცა. ამ დრომდე ეძებენ 10-მდე დაკარგულს. პარალელურად მიმდინარეობს ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველების ძებნა. ხელისუფლება ხალხს ქალაქში გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზოოპარკის ბინადართა ლიკვიდაციის ფაქტი დაადასტურა. რას ჰპირდება მთავრობა დაზარალებულებს?

მდინარე ვერეს მძლავრმა ნაკადმა ვაკე-საბურთალოს გზისა და გმირთა მოედნის დამაკავშირებელი მაგისტრალის დიდი ნაწილი დატბორა – ადიდებულმა მდინარემ დაანგრია სახლები, ხოლო ავტომობილებიდან ზოგი ერთმანეთს მიახეთქა და ზოგიც გაიტაცა. თვითმხილველთა მტკიცებით, გატაცებულ ავტომობილებში ხალხიც იჯდა. დაღუპული 10-ზე მეტი ადამიანიდან სამი ზოოპარკის თანამშრომელია. მსხვერპლი მოჰყვა მეწყრის ჩამოწოლას წყნეთი-ბეთანიის გზაზე. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს – სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაკარგულია 10-მდე ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სხვადასხვა ტიპის დახმარებისთვის კლინიკებს 40-მდე პირმა მიმართა და მათი უმეტესობა უკვე გაეწერა კიდეც.

ვაკის რაიონის გამგეობის ცნობით, უსახლკაროდ დარჩა 200-მდე ადამიანი და ადგილობრივი ხელისუფლება მათ დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფს. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნებისა და ნივთების შეგროვდება მიმდინარეობს თბილისის რაიონების გამგეობებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, თბილისში 24 საათის განმავლობაში მუშაობს ძლიერი წვიმის გამო პრობლემების სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბი. შტაბის კოორდინაცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დაევალა. მას შემდეგ, რაც ზარალი დაითვლება, ხელისუფლება დაზარალებულებს კომპენსაციას შესთავაზებს. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ თავისი სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს თანხებს სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად.

მდინარე ვერემ თითქმის მთლიანად გაანადგურა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, რომელიც გივი სვანიძის ქუჩაზე მდებარეობდა. თუკი 10 დღის წინ მდინარე ვერეს პირველი შემოტევისას, თავშესაფრის 15-მდე ბინადარი დაიღუპა, ამჯერად 450 ძაღლიდან სტიქიას მხოლოდ 100-მდე გადაურჩა. თავშესაფრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ სჭირდებათ დახმარება და ძირითადად – უსაფრთხო ადგილი მათ დასაბინავებლად. ბოლო ინფორმაციით, ძაღლები ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებაში გადაჰყავდათ. როგორც საზოგადოების თავმჯდომარემ, თეიმურაზ წიქორიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ძაღლებს მზრუნველობა არ აკლიათ:

„12 ძაღლია აქ შემოსული. ბოლო მონაცემებით, მუნიციპალურ თავშესაფარშია 16 ძაღლი. ტერიტორიაზე ისევ ეძებენ ძაღლებს, იქ ნანგრევებია და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ გამოჩნდებიან ძაღლები. ჩვენთან ხდება პირველადი ვეტერინარული დახმარების გაწევა – ვბანთ ძაღლებს, ვასუფთავებთ. რა თქმა უნდა, სტრესულ მდგომარეობაშია აბსოლუტურად ყველა ძაღლი, ტრავმირებული ძაღლებიც არიან, დაავადებული ძაღლებიც არიან... მოდიან მოხალისეები, რომლებსაც დროებით მფარველობაში მიჰყავთ თავიანთ სახლებში – ჩვენ აქედან მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელ ძაღლებს ვატანთ.“

როდესაც სახიფათო ცხოველები არიან გამოსული, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ადამიანის სიცოცხლე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ, ალბათ, ზოგიერთი ცხოველის ლიკვიდაცია გახდა საჭირო...
ზურაბ გურიელიძე

ძაღლების პრობლემის გარდა, 14 ივნისს თბილისი მტაცებელი ცხოველების პრობლემამაც შეაძრწუნა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვირას, დილიდან მოუწოდებდა მოქალაქეებს, რომ თავი შეეკავებინათ თბილისის ქუჩებში გადაადგილებისგან, რადგანაც ისინი შესაძლოა მტაცებელ ცხოველებს გადაყროდნენ. ასეთი მოწოდება 14 ივნისს დედაქალაქის მერისგანაც გაისმა. დავით ნარმანიამ თავის კომენტარში სახიფათო ზონის კონტურებიც მოხაზა:

„ჯერ კიდევ ბოლომდე არ არიან დაჭერილი ის ცხოველები, რომლებიც ზოოპარკიდან გავიდნენ. მე მინდა მოსახლეობას ვთხოვო, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან. განსაკუთრებით, ნაკვალევები არის დაფიქსირებული კუსტბისა და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე საბურთალოსა და ვაკის ნაწილში. განსაკუთრებით ამ ტერიტორიებზე შეიკავონ თავი.“

თავდაპირველად 6 ვეფხვს, 6 ლომს, 7 დათვსა და 13 მგელს ეძებდნენ, თუმცა ეს მაჩვენებლები თანდათან შემცირდა: ზოგი იპოვეს, ზოგი კვლავ ზოოპარკში გადაყვანის მიზნით დააძინეს, ხოლო ზოგიც – მოკლეს. ცხოველების ლიკვიდაციის ამბავი, რომელიც მკაცრად დაგმო საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა (და ეს ფეისბუკშიც აშკარად გამოვლინდა), დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭირო გახდა რამდენიმე ცხოველის ლიკვიდაცია.

ეს აჩვენებს, რომ ხელისუფლება ყოვლად მოუმზადებელი იყო მსგავსი სიტუაციებისთვის. ჩვენ ვგმობთ ცხოველების ლიკვიდაციას და ვთვლით, რომ ხელისუფლება მათ დაჭერას, დაძინების გზით, თავისუფლად უნდა ახერხებდეს – უთხრა რადიო თავისუფლებას ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარემ, თეიმურაზ წიქორიძემ.

რა ხდება გმირთა მოედანზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:38 0:00

საყოველთაო აღშფოთების ფონზე, შედარებით უფრო მშვიდია ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის მიდგომა. ის თვლის, რომ, როცა ასარჩევად არის საქმე, ყოველთვის სწორი არჩევანი უნდა გაკეთდეს:

„როდესაც სახიფათო ცხოველები არიან გამოსული, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ადამიანის სიცოცხლე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ, ალბათ, ზოგიერთი ცხოველის ლიკვიდაცია გახდა საჭირო.“

თუმცა ცხოველების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით განთქმული ზურაბ გურიელიძის ეს განცხადება – ერთი მოწოდების პარალელურად გაკეთდა. კერძოდ, ზოოპარკის ფეისბუკგვერდზე ვხვდებით ასეთ მოწოდებას: „უმორჩილესად გთხოვთ, თუ სადმე რომელიმე ცხოველს დაინახავთ არ მოკლათ!!!! დაგვირეკეთ პირდაპირ ჩვენ!!!“ აქვე მითითებულია ტელეფონის ნომერიც - 595 333 572.

ვიდრე თბილისის ცენტრი ისევ დატბორილი და ჩახერგილია, ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე დავისგან თავს იკავებენ ოპონენტები. თუმცა 14 ივნისს დაზარალებულების მხრიდან არაერთხელ გაისმა ბრალდება იმის თაობაზე, რომ შეცდომით დაპროექტდა და აშენდა ვაკე-საბურთალოს გზისა და გმირთა მოედანის დამაკავშირებელი მაგისტრალი და რომ ეს შეცდომა საბედისწერო აღმოჩნდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG