1 სექტემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო IDFI-ს კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ბერაია. მან ილაპარაკა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც შეეხება საინტერნეტო სივრცეში დაუშვებელი პროდუქციის რეგულირებას. ინიციატივა შეეხება ინტერნეტში პორნოგრაფიული პროდუქციის, სიძულვილისა და ძალადობის მძიმე ფორმების ამსახველი პროდუქციის გავრცელებას. როგორც გიორგი ბერაიამ განმარტა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” დადგენილება, რომელშიც განსაზღვრულია „დაუშვებელი პროდუქციის ცნება”, ანუ იმგვარი ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც შეიძლება შეიზღუდოს ინტერნეტში. დადგენილება ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის არაერთ საფუძველს, შესაბამისად, მისი პრაქტიკაში გაუმართლებლად და გადაჭარბებულად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება სერიოზული საფრთხე შექმნას ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტებს.
-
ნინო ხარაძე
ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან.