Accessibility links

სულხან-საბას მარშრუტი


ევროკავშირის დროშა და სულხან-საბა ორბელიანის ბანერი საქართველოს პარლამენტის შენობაზე

მარშრუტი, რომელიც სულხან-საბა ორბელიანმა საქართველოდან ევროპაში და უკან გაიარა, სამასი წლის მერე კიდევ ერთხელ გაიმეორეს. პროექტი გრიგოლ რობაქიძის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა განახორციელა. მოგზაურ-მკვლევართა ჯგუფმა მოიარა ქვეყნები, რომლებშიც თავის დროზე ორბელიანმა იმოგზაურა და ეწვია იმ ინსტიტუციებს, სადაც ის იყო სტუმრად.

სულხან-საბა ორბელიანმა ევროპაში 1714-1715 წლებში იმოგზაურა. ეს იყო მცდელობა საქართველოს პოლიტიკური ვექტორი მკვეთრად ევროპისკენ გადახრილიყო. ამ მოგზაურობის შესახებ სულხან-საბა ორბელიანი თავად გვიამბობს ნაწარმოებში „მოგზაურობა ევროპაში“, სადაც სხვადასხვა ქვეყნებზე შთაბეჭდილებები და უშუალოდ მოგზაურობის ნიუანსებია გადმოცემული.

როგორც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე ამბობს, უშუალოდ ეს პროექტი, რომელიც ახლა, სამასი წლის მერე, განხორციელდა, სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობის დეტალების კარგად შესწავლას ისახავდა მიზნად.

„ეს პროექტი არ იყო, უბრალოდ, გასეირნება. ეს იყო სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია, რომლის ფარგლებშიც ჩავიდნენ იმ ადგილებში, სადაც ადრე სულხან-საბა იყო ჩასული“.

მისივე თქმით, მოგზაურობის დროს პროექტის მონაწილეები შეხვდნენ საქართველოს ელჩებს სხვადასხვა ქვეყანაში. იტალიაში სურდათ, რომის პაპსაც შეხვედროდნენ, თუმცა ეს მხოლოდ მაშინ მოახერხეს, როცა რომის პაპი საქართველოში თავად ჩამოვიდა.

„საელჩოებში იყო შეხვედრები და ყველზე მნიშვნელოვანი - რომის პაპთან, როცა ის ჩამობრძანდა“.

პაატა ნაცვლიშვილი
პაატა ნაცვლიშვილი

პროექტის ინიციატორი და ხელმძღვანელი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში მრავალი მეცნიერი სწავლობდა, თუ რა გზა გაირა სულხან-საბა ორბელიანმა მოგზაურობისას. თავად სულხან-საბას მარშრუტი მხოლოდ საფრანგეთ-იტალიის საზღვრიდან აჭარამდე აქვს აღწერილი. გზის დანარჩენი ნაწილი სხვა დოკუმენტების მიხედვით დადგინდა.

პაატა ნაცვლიშვილმა ის ქვეყნები მოინახულა, სადაც თავის დროზე სულხან-საბა ორბელიანი იყო ჩასული, გზადაგზა მას ადგილობრივი ქართველებიც უერთდებოდნენ, თურქეთში კი სტუდენტებიც გაემგზავრნენ.

„პარიზიდან დავიწყეთ. თბილისი-პარიზი გაგვევლო, აზრი არ ჰქონდა, გადავფრინდით და გავიარეთ საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი. ჩვენთვის ეს გზა სახმელეთო იყო, სულხან-საბასთვის სახმელეთო-საზღვაო. სულხან-საბა, ალბათ, ეტლით, გემით და ცხენით დადიოდა. სხვა რითი ივლიდა?! ჩვენ, ძირითადად, ფეხით და მანქანით ვიარეთ.

ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო, შეხვედრები გვქონდა იმ ხალხის მემკვიდრეებთან, რომლებსაც სულხან-საბა ხვდებოდა. შეხვედრა გვქონდა ვერსალში, მონაკოს სასახლეში, სტამბოლში“.

კიდევ ერთი მიზანი საქართველოს ევროპისკენ სწრაფვის კიდევ ერთხელ დემონსტრირება იყო.

„იცით რა, ევროპისკენ სწრაფვა მაშინაც და დღესაც ერთი რამითაა საერთო - ეს არის ერთგვარი დაცვა, ერთგვარი სიმტკიცე საქართველოსთვის, გალავანი, როცა შენ მიილტვი იმ სამყაროსკენ, რომლის ნაწილადაც მიგაჩნია თავი“.

მოგზაურობის ამსახველი გამოფენა
მოგზაურობის ამსახველი გამოფენა

პროექტის კოორდინატორი ხათუნა კაჭარავა ამბობს, რომ სტუდენტებისთვის ამ ექსპედიციაში ბევრი რამ იყო ახალი:

„ეს პროექტი დაიწყო ერთი წლის წინ, როცა ვიზალიბერალიზაციის საკითხი დადგა. პაატა ნაცვლიშვილმა, რომლის იდეაც არის ეს პროქტი, გადაწყვიტა გაევლო ის გზა, რომელიც თავის დროზე გაიარა სულხან-საბა ორბელიანმა.

სტუდენტებმა ნახეს ის ძეგლები, რომლებიც ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა - საქართველო, რომელიც დღეს არ არის საქართველო“.

სტუდენტი ნუცა სალუქვაძე, რომელმაც ამ მოგზაურობის ფარგლებში სხვებთან ერთად ტაო-კლარჯეთი მოიარა, ამბობს:

„განსაკუთრებული არქიტექტურაა, თითოეული კედელი... მართლა ვერ ავხსნი. როდესაც ვწერდით ჩვენს ემოციებზე, იქაც კი ვერ აღვწერდით სათანადოდ, იმდენად დიდი განცდა იყო. იქ ვტიროდით კიდეც, ვიცინოდით კიდეც“.

მოგზაურობა, საბოლოოდ, სულხან-საბა ორბელიანის მშობლიურ სოფელში, ტანძიაში, დასრულდა. 6 ივნისს თბილისის საკრებულოში მოგზაურობის ამსახველი ფოტოების გამოფენა გაიმართა. იგეგმება წიგნის გამოცემაც, სადაც ამ ყველაფრის შესახებ უფრო დეტალურდ იქნება მოთხრობილი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG