Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ნაადრევად მოსულმა ზამთარმა სვანეთში მოსავალი გაანადგურა


მესტია
მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტში კოკისპირული წვიმისა და ნაადრევად მოსული თოვლის გამო ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მოსავალი მთლიანად გაუნადგურდა.

სოფელ უშგულში, წვირმიშში, კალაში, ფარში, ცხუმარში, ადიშსა და ბეჩოში მოსახლეობა ამ დრომდე ვერ ახერხებს მოსავლის დაბინავებას.

რამდენიმედღიანმა ყინვამ სიმინდი, ლობიო და სვანების უმთავრესი შემოსავალი, კარტოფილი, გააფუჭა.

„კარტოფილის ამოთხრის საშუალებაც კი არ არის. პომიდორი იქნება ეს თუ ლობიო, სიმინდი... აბსოლუტურად ყველაფერი განადგურდა“, - ამბობს თინათინ კუბალაშვილი.

„გუშინ თოვდა, დღეს წვიმს. კოჭებამდე ჩამოთოვა და მოსავლის აღება ვერ მოახერხა ხალხმა. ჩვენ უშბის ძირში ვცხოვრობთ და წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვიქნებით. ქარმა თუ ამოიღო ის თოვლი, რაც ჩამოყარა, თორემ მოსავლის გარეშე დარჩა მთელი სოფელი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბეჩოში მცხოვრებმა ფატიმა კვიციანმა.

სოფლის მოსახლეობა დახმარებას როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლებისგან ელის, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, რა სახის დახმარებას გაუწევს სახელმწიფო დაზარალებულ მოსახლეობას.

ბეჩოში მცხოვრები თინათინ კუბალაშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიით დაზარალებულ სოფლებში იმყოფებოდნენ, თუმცა მოსახლეობისთვის კონკრეტული დაპირება არ მიუციათ:

უნდა დავითვალოთ რა ზარალი აქვს და რა ზიანი თითოეულ მოსახლეს. ვფიქრობთ, რომ რაც გამოზამთრებისთვის იქნება საჭირო, იმას მივაწვდით. დარჩენილი მოსავალი ამოიღოს მოსახლეობამ, შევხედავთ ამ ყველაფერს და მერე გადავწყვიტავთ...
კაპიტონ ჟორჟოლიანი
„სპეციალურ ბლანკებში აღირიცხება ზარალი, მაგრამ კარტოფილთან დაკავშირებით უარყოფით პასუხს მეუბნებიან - ჯერ ამოთხრილი არ არის და არ ვიცით ზარალის ოდენობაო. რომ ვერ ამოვთხრით, იმიტომ გვაქვს ზარალი. ვერ ვთხრით. ყოველდღე წვიმს, თოვს... და როგორ ამოვთხაროთ?“ - კითხულობს თინათინ კუბალაშვილი.

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ადგილობრივი გამგეობის წევრებთან ერთად დაზარალებული სოფლები რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმაც მოინახულეს. გამგებლის განცხადებით, ზარალის დათვლის შემდეგ გადაწყდება რა დახმარებას გაუწევს სახელმწიფო მოსახლეობას:

„უნდა დავითვალოთ რა ზარალი აქვს და რა ზიანი თითოეულ მოსახლეს. ვფიქრობთ, რომ რაც გამოზამთრებისთვის იქნება საჭირო, იმას მივაწვდით. დარჩენილი მოსავალი ამოიღოს მოსახლეობამ, შევხედავთ ამ ყველაფერს და მერე გადავწყვიტავთ. ასე ნაჩქარევად ჯერ ვერაფერს ვიტყვი“.

კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, გარდა სოფლის მეურნეობის მოსავლისა, სტიქიამ სვანეთს ინფრასტრუქტურული ზიანიც მიაყენა. გადაუღებელი წვიმისა და თოვლის გამო სოფელი ადიში გარესამყაროს არის მოწყვეტილი, დაზიანებულია ქვემო და ზემო ვედში მისასვლელი გზები, ლახამულას თემი კი კვლავ მეწყერსაშიშ ზონად რჩება.

გამგებლის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 291ათასი ლარი გამოყო, რომლითაც სოფლებში მისასვლელი გზები უნდა შეკეთდეს.
XS
SM
MD
LG