Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სინეტიკის თეატრი" 23 ნომინაციას იღებს


პაატა და ირინა ციქურიშვილები "წლის საუკეთესო ვაშინგტონელის" ცერემონიალზე
პაატა და ირინა ციქურიშვილები "წლის საუკეთესო ვაშინგტონელის" ცერემონიალზე

პაატა და ირინა ციქურიშვილების „სინეტიკის თეატრი“ ვაშინგტონის თეატრალურ ოსკარად წოდებული „ჰელენ ჰეისის“ 23 ნომინაციზე წარადგინეს.

პაატა და ირინა ციქურიშვილების „სინეტიკის თეატრმა“ წელს „ჰელენ ჰეისის“ 23 ნომინაცია მოიპოვა. ვაშინგტონის ყველაზე პრესტიჟული თეატრალური ჯილდოს ნომინაციები კვირის დასაწყისში „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა. ამერიკის დედაქალაქში 90-მდე პროფესიული თეატრია. მათ შორისაა ცნობილი კენედის ცენტრიც, რომელიც ორგანიზაციამ TheatreWashington წელს 10 ნომინაციაში დაასახელა.

„სინეტიკის“ 2014 წლის ბლოკბასტერმა „მეთორმეტე ღამემ“ „დედაქალაქის თეატრალურ ოსკარად“ წოდებული ჯილდოს 11 ნომინაცია აიღო. თეატრის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა ციქურიშვილი საუკეთესო რეჟისორის ჯილდოზე წარადგინეს; „მეთორმეტე ღამის“ დასი კი - საუკეთესო სამსახიობო ანსამბლის პრიზზე.

ირინა ციქურიშვილს რამდენიმე ნომინაცია აქვს. საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევრისთვის წელს ნომინირებული 5 სპექტაკლიდან 3 ირინას დადგმულია. „მეთორმეტე ღამეში“ ის ქალის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლის პრიზზეც წარადგინეს.

21 წლის ირინა კავსაძე ნომინირებულია ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის. ირაკლი კავსაძე კი - მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის პრიზზე.

ორგანიზაციის TheatreWashington საბჭოს თავმჯდომარე, ვიქტორ შარგაი თვლის, რომ „სინეტიკის თეატრის“ ხელწერა მთელ ამერიკაში გამოირჩევა. მათი ხელოვნება უნიკალურიშეერთებული შტატებისთვის. მე ვიტყოდი, ეს არის კინოს და თეატრის ერთგვარი შერწყმა. პაატა და ირინამ ხელოვნების სხვდასხვა დარგის ახალებური სინერგია წარმოადგინეს. მათი დრამატურგია შეუდარებელია, ისინი დიდებული შემოქმედები არიან... მათი პირველივე ნამუშევრით მივხვდი, რომ საქმე საოცრებასთან გვქონდა. როგორც ჰელენ ჰეისის საპატიო ჯილდოს თავმჯდომარე, წლიდან წლამდე თვალს ვადევნებ მათ მიერ პრიზების მოპოვებას და მინდა ვთქვა, რომ უმნიშვნელოვანესია ის, რაც პაატა და ირინამ ვაშინგტონისთვის გააკეთეს- ამბობს ვიქტორ შარგაი.

„სინეტიკის თეატრიდან“ ნომინირებულთა შორის კიდევ ერთი ქართველი ხელოვანია. კონსტანტინე ლორთქიფანიძეს ხმის საუკეთესო დიზაინისთვის ორი ნომინაცია აქვს. 7 პრიზზეა ნომინირებული „ექიმ მოროს კუნძული“. სამი ნომინაცია მიიღო სპექტაკლმა „მზეთუნახავი და ურჩხული“ და ორი - დადგმამ „სამი კაცი ნავში“.

საბოლოო გამარჯვებულების ვინაობას გაზაფხულზე გავიგებთ. „ჰელენ ჰეისის“ საპატიო ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი ვაშინგტონის უორნერის თეატრში 6 აპრილს გაიმართება.

XS
SM
MD
LG