Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხიდან გაქცეული სიკვდილმისჯილი თალიბი თავს მშვენივრად გრძნობს


ინტერვიუ ბანუს ციხიდან გაქცეულ თალიბთან
please wait

No media source currently available

0:00 0:00:22 0:00
გადმოწერა

ინტერვიუ ბანუს ციხიდან გაქცეულ თალიბთან

გასულ კვირას, 15 აპრილს, მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს სენსაციური ინფორმაცია: ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის ქალაქ ბანუში მოწყობილი თავდასხმის შედეგად, შეიარაღებულმა პირებმა ციხიდან გაათავისუფლეს ოთხასამდე პატიმარი, რაც საპატიმროში მყოფთა თითქმის ნახევარს შეადგენდა. ამ ცნობას ერთვოდა ექსპერტთა ვარაუდი, რომ თავდასხმის მომწყობები მიზნად ისახავდნენ ადნან რაშიდის გათავისუფლებას, კაცისა, რომელიც დაპატიმრებული იყო პაკისტანის ყოფილ პრეზიდენტზე, ფერვეზ მუშარაფზე თავდასხმის მოწყობაში მონაწილეობისთვის.

ბანუს ციხიდან მასობრივი გაქცევის შემდეგ გასული თითქმის ერთი კვირის განმავლობაში სამართალდამცველებმა რამდენიმე გაქცეულის ხელახლა დაპატიმრება მოახერხეს, ზოგიც - ნებაყოფლობით დაბრუნდა ციხეში (სულ მათი რიცხვი, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 29-ს შეადგენს); დანარჩენები - 350-ზე მეტი ყოფილი პატიმარი - დღესაც იმალება, და მათ შორის არის გაქცევის მთავარი მოქმედი პირი - ზემოთ უკვე ნახსენები ადნან რაშიდი, თალიბანის დაჯგუფების ცნობილი წარმომადგენელი და 2003 წელს, ფერვეზ მუშარაფზე თავდასხმის მოწყობაში ბრალდებული, სიკვდილმისჯილი პატიმარი; შეიძლება ითქვას, აწ უკვე ყოფილი პატიმარი.

ხუთშაბათს რადიო „თავისუფლების“ პაკისტანური სამსახურის, რადიო „მაშალის“ კორესპონდენტმა მიიღო მოკლე ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ადნან რაშიდი კადრს მიღმა მყოფი და ჩვენთვის უცნობი პირის რამდენიმე შეკითხვას უპასუხებს. თმა- და წვერმოშვებული რაშიდი ავტომანქანაში ზის და ღიმილით ამბობს, რომ თავს მშვენივრად გრძნობს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ციხეში გაატარა რვა წელი და ოთხი თვე.

ადნან რაშიდი ადასტურებს, რომ საპატიმროდან გაიქცა 15 აპრილს (თან დასძენს, ღვთის წყალობითო), ბანუს ციხეზე გარედან მოწყობილი თავდასხმის შედეგად. პრეზიდენტ მუშარაფზე თავდასხმის მოწყობა დამაბრალეს და სიკვდილი მომისაჯესო, ამბობს რაშიდი.

აქვე უნდა ითქვას, რომ პაკისტანის პრესის თანახმად, ციხეში გატარებული რვა წლის განმავლობაში რაშიდი უარყოფდა თავის დანაშაულს.
რაც შეეხება უშუალოდ თავდასხმას, თალიბანის წარმომადგენელმა ასიმ მეჰსუდმა რადიო „თავისუფლებას“ დაუდასტურა, რომ ოპერაცია მართლაც ამ დაჯგუფებამ მოაწყო და მასში 150-მდე მებრძოლი მონაწილეობდა.

როგორც ხიბერ პახტუნკვას პროვინციის ინფორმაციის მინისტრმა მია იფტიხარ ჰუსეინმა უთხრა რადიო „მაშალის“ კორესპონდენტს, გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ ოპერაციის ორგანიზებაში თალიბებს დახმარება გაუწიეს პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.

პაკისტანიდან მიღებული ცნობებით, ამ ქვეყნის უშიშროების ძალები ამზადებენ საპასუხო ოპერაციას ბანუს ციხიდან გაქცეული პატიმრების დასაკავებლად.
XS
SM
MD
LG