Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამაშობანა - ვისი სული გსურს


„ქალაქობანა“, „ორდროშობანა“, „რეზინობანა“, „ამის პატრონმა რა ქნას“, „ვისი სული გსურს“, ლოტო - ალბათ, ყველას გვითამაშია ბავშვობაში ეს თამაშები, სახელდახელოდ მოძებნილი ბურთის, თოკის, ქაღალდისა და კალმების დახმარებით. დღეს ჩვენი ბავშვობისდროინდელი თამაშებით გართობა ბავშვებს უკვე ქარხნული წესით ნაწარმოები ნივთებით შეუძლიათ. ძველი თამაშები ახლად დაარსებულმა კომპანიამ გააცოცხლა, რომლის შემქმნელებსაც თავადაც ნათელი მოგონებები აკავშირებთ ამ კონკრეტულ თამაშებთან და მიაჩნიათ, რომ იმ დადებით ემოციებს, რომლებიც ეზოში თამაშს სდევდა თან, დღეს ნაკლებად იღებენ სმარტფონებსა და კომპიუტერულ თამაშებში ჩაძირული ბავშვები. ნინო ჩიქოვანმა და ნონა სონღულაშვილმა კომპანია „თამაშობანა“ 2015 წელს დააარსეს, 90-იან წლებში „დავიწყებული“ თამაშების გაცოცხლებისა და თანამედროვეობაში გადმოტანის მიზნით.

ნონა: „კომპანიის შექმნის იდეა აგარაკზე დაგვებადა. მას შემდეგ, რაც ყველა თამაში გამოგველია, გადავწყვიტეთ „რეზინობანა“ გვეთამაშა, რეზინის საყიდლად კი თბილისში მოგვიწია ჩამოსვლა. როგორც წესი, აგარაკიდან ჩამოსული, დროში ხარ შეზღუდული და ცდილობ ყველა საჭირო ნივთი დროზე შეიძინო. ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა ისეთი კომპანიის შექმა, რომელიც ძველ თამაშებს გააცოცხლებდა. გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ ბავშვებმა დაივიწყეს ის თამაშები, რომლებიც ერთ დროს პოპულარული იყო. მე და ნინომ შემოვიარეთ ბიბლიოთეკები, შევადგინეთ დიდი არქივი, ვთხოვეთ უფროს თაობას ჩამოეწერათ საყვარელი თამაშები“.

კომპანიის შექმნის პირველ ეტაპზე, გარდა იდეის ავტორებისა, ჩართულები იყვნენ დიზაინერები და ბავშვთა ფსიქოლოგი. შეირჩა 10 თამაში, რომელიც სხვადასხვა ასაკს და გარემოს მოუხდებოდა. ეზოს თამაშების გარდა, „თამაშობანა“ მომხარებელს სამაგიდო თამაშებსაც სთავაზობს.

ნონა: „გამოვჩნდით დეკემბერში და მაშინვე დიდი რეზონანსი მოჰყვა. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ივენთები. სხვადასხვა ადგილას ვიწვევდით ბავშვებს და მშობლებს. ივენთებიდან გამოიკვეთა ის თამაშები, რომლებიც ბავშვებს განსაკუთერებით მოეწონათ. მაგალითად, „რეზინობანა“, „ორდროშობანა“, „ვისი სული გსურს“, რომელიც მივიწყებული თამაში იყო. სახლის თამაშებიდან კი განსაკუთრებით „ამის პატრონმა რა ქნას“, რომელსაც მოჰყვება თილისმებისა და დავალებების ფურცელი“.

ნინო: „გამოიკვეთა კიდევ ერთი მიმართულება. დავიწყეთ მხოლოდ თამაშებით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია ჩვენმა ღონისძიებებმაც. მივხვდით, რომ მარტო თამაშებზე გაჩერება არ ღირდა. მე თვითონ მყავს შვილი და ვიცი, როგორი მოსაბეზრებელია დაბადების დღეებსა თუ სხვა ღონისძიებებზე ერთი და იგივე გმირები“.

„თამაშობანამ“ მომხმარებლის მოთხოვნაც გაითვალისწინა და ფასებიც შესაბამისად დაარეგულირა. საფასე კატეგორიის დაწევამ „თამაშობანა“ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადა. კომპანიის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს იყო.

ნონა: “ჩვენი არც ერთი თამაში არაა ისეთი, რომელსაც მარტო ითამაშებ. ეს არის ოჯახური, გუნდური თამაშები, რომელიც სოციალიზაციისკენ გიბიძგებს. ეს, ალბათ, დღევანდელი დღის დიდი პრობლემაა: უფროსებსაც და ბავშვებსაც სოციალიზაცია გვაკლდება. „თამაშობანას“ მხოლოდ ბავშვებისთვის არ ყიდულობენ. უფროსებიც სიამოვნებით ერთობიან“.

ნინო. „ახლა ვმუშაობთ ორ ახალ თამაშზე და გვინდა, რომ ყველა სეზონზე ახალი თამაში შევთავაზოთ მომხარებელს“.

კომპანია სამომავლოდ პროდუქციის შეტანას სკოლებსა და ბაღებში აპირებს. „თამაშობანას“ ყველა თამაში ორენოვანია (ინგლისური, ქართული). ნინოს და ნონას თქმით, კომპანია, მას შემდეგ, რაც უფრო მეტად დახვეწს თამაშებს, ექსპორტზე და სხვადასხვა გამოფენაზე გასვლასაც გეგმავს.

ნინო: „განათლების სამინისტროსთან გვაქვს მოლაპარაკება. ვფიქრობთ, სკოლებსა და ბაღებშიც შევიტანთ ჩვენს პროდუქციას. იდეა „თამაშობანასი“ მხოლოდ კომერციული კუთხით არ იყო. გვინდოდა, რომ სოციალური მხარეც ჰქონოდა პროექტს. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, გვინდა, რომ ონლაინმაღაზია გავაკეთოთ. ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროდუქცია ბევრ მაღაზიაში უნდა იყოს წამროდგენილი, რათა მომხმარებელს გაუადვილდეს მისი შეძენა“.

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG