Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის პოლიციას ჰომოფობიურ მოპყრობაში ადანაშაულებენ


"თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და ორგანიზაციის წევრი თორნიკე კუსიანი სასამართლოზე. ბათუმი
"თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და ორგანიზაციის წევრი თორნიკე კუსიანი სასამართლოზე. ბათუმი

25 აგვისტოს, გამთენიისას, ბათუმში პოლიციელებმა „თანასწორობის მოძრაობის“ წევრები ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების თანახმად დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მოგვიანებით, სასამართლომ „თანასწორობის“ მოძრაობის წევრები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა და პროცესი, მოწმეების დაკითხვის მიზნით, გადადო. „თანასწორობის მოძრაობის“ წევრები პოლიციას ძალის გადამეტებასა და ჰომოფობიურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. თემაზე ნონა მჭედლიშვილი ისაუბრებს.

გადმოწერა

„თანასწორობის მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და გამგეობის წევრი თორნიკე კუსიანი ბათუმის ბულვარში 25 აგვისტოს გამთენიისას დააკავეს. როგორც მათი ადვოკატი ანა მდინარაძე ამბობს, ლევან ბერიანიძესა და თორნიკე კუსიანს, თანმხლებ პირებთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაუდგენელმა პირებმა, პოლიციამ კი არაფერი იღონა მოძალადეთა შესაჩერებლად და თანასწორობის მოძრაობის წევრების მიმართ ჰომოფობიური მოტივით, თავის მხრივაც, განახორციელა ძალადობა:

პოლიციამ დამაგდო ძირს და შემდგა წიხლებით, მერე ჩამტენა მანქანაში... მერე შემიყვანა განყოფილებაში, წამაქცია, მაგიდაზე... პიდარასტებო, ჩვენი პატრიარქის ქვეყანაში როგორ ხართ, თქვენნაირი ბინძურები როგორ უნდა დავიცვათ? კი, პოლიციის თანამშრომლები გვეუბნებოდნენ...
ლევან ბერიანიძე

„სამ ტრანსგენდერთან ერთად, მოდიოდნენ ესენი ბულვარში, ბუმ-ბუმის ტერიტორიაზე, გამოჩნდა ვიღაც ადამიანი, რომელმაც შეაგინა მათ, შემდეგ მოხდა დაპირისპირება ამის ფონზე, ამ სიტყვიერი შეურაცხყოფის ნიადაგზე, ამის შემდეგ მოხდა თორნიკეს დისტანცირება ამ შემთხვევიდან, შემდეგ კი, როდესაც თორნიკე ისევ მიბრუნდა ამ ტერიტორიაზე, ნახა, რომ მიმდინარეობდა რაღაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა, დაპირისპირება, დაინახა თავისი მეგობრები გასისხლულ მდგომარეობაში, ცდილობდა გამოეძახა პოლიცია, თუმცა პოლიცია იქვე იყო და დამატებითი ეკიპაჟის გამოძახების შესაძლებლობა არ მიეცათ ამათ. და შემდეგ ამბობენ, რომ პოლიციამ დაგვიჭირა ხელები და აძლევდა ვიღაც უცნობ პირებს იმის შესაძლებლობას, რომ ვეცემეთ“.

ადვოკატი აქვე შენიშნავს, რომ, მიუხედავად თანასწორობის მოძრაობის წევრებზე ბათუმის ბულვარში უცხო პირთა მიერ განხორციელებული ძალადობისა, პოლიციამ მხოლოდ ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი დააკავა. თავის მხრივ, ლევან ბერიანიძე ამბობს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჰომოფობიური აგრესიით პოლიციის მხრიდან მათ მიმართ გაგრძელდა, როგორც მათი გადაყვანის დროს მანქანაში, ისე პოლიციის განყოფილებაში, სადაც, თითქოსდა, შემოწმების მიზნით, ტანსაცმლის გახდასაც აიძულებდნენ:

„პოლიციამ დამაგდო ძირს და შემდგა წიხლებით, მერე ჩამტენა მანქანაში... მერე შემიყვანა განყოფილებაში, წამაქცია, მაგიდაზე... პიდარასტებო, ჩვენი პატრიარქის ქვეყანაში როგორ ხართ, თქვენნაირი ბინძურები როგორ უნდა დავიცვათ? კი, პოლიციის თანამშრომლები გვეუბნებოდნენ“.

ლევან ბერიანიძე პროცესუალურ დარღვევებზეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში მათ რამდენიმე საათის განმავლობაში არ განუმარტეს დაკავების მიზეზი, ასევე არ მოხდა მათი ფიზიკური დაზიანებების აღნუსხვა. „თანასწორობის მოძრაობის“ წევრების პრეტენზიები წინასწარი დაკავების იზოლატორში მოისმინა სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა ციალა ქათამიძემ:

„ჩვენ დავიწყეთ საქმის წარმოება და შევეცდებით, საქმის წარმოების ფარგლებში, დადგინდეს რამდენად იყო პროცესუალური ნორმები და უფლებები დარღვეული დაკავებულებისა, ასევე რამდენად ჰქონდა ადგილი ჰომოფობიურ გამონათქვამებს, ძალის გამოყენებას პოლიციელების მხრიდან. ვიზუალურად აღენიშნებათ გარკვეული ტიპის დაზიანებები ორივე დაკავებულს და ასევე, ამასთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვანია, დადგინდეს ამ დაზიანების წარმოშობის მიზეზები და დრო“.

ეს ცხადყოფს იმას, რომ ზოგადად სისტემა არ ცდილობს უპასუხოს მსგავსი ტიპის დანაშაულებს და პოლიტიკური ჰომოფობიაა, რომლის უკან, სამწუხაროდ, სახელმწიფო თავისი უმოქმედობით ან, ხშირ შემთხვევაში, თავისი ქმედებებით ხელს უწყობს ასევე საზოგადოებაში ჰომოფობიური ნიადაგის გავრცელებას...
გიორგი თაბაგარი

ციალა ქათამიძე აქვე შენიშნავს, რომ სახალხო დამცველის აჭარის სამმართველოში პოლიციის მიერ ძალის გადამეტებისა და ჰომოფობიის საკითხზე „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენელთა მიმართვა წელს, ჯერჯერობით, ერთადერთია. თავის მხრივ, მომხდარზე საგანგებო განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიციის თანამშრომლების მიმართ დაკავებულების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს გენერალური ინსპექცია სწავლობს, ბათუმის ბულვარში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. რაც შეეხება თანასწორობის მოძრაობის წევრთა დაკავების მიზეზს – შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში განმარტებულია, რომ სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე დაუდგენელ პირებს შორის ჩხუბის ფაქტზე შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი და განსაკუთრებული აგრესიით გამორჩეული ორი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას წესრიგის დაცვის შესახებ და, სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად, სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს. პოლიციის მხრიდან სისტემური პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ტენდეციაზე ზოგადად და, კონკრეტულად, 25 აგვისტოს ბათუმის ბულვარში მომხდარი ინციდენტიდან გამომდინარე საუბრობს თანასწორობის მოძრაობის აქტივისტი, გიორგი თაბაგარი, რომელიც, აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასაც სიმპტომატურად მიიჩნევს:

„მაშინ, როცა ჯერ სასამართლოც მიმდინარეობს, გამოძიებას ჯერ არაფერი დაუდგენია, უკვე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რაც არის უაღრესად არაპროფესიონალური და, ანუ ეს ცხადყოფს იმას, რომ ზოგადად სისტემა არ ცდილობს უპასუხოს მსგავსი ტიპის დანაშაულებს და პოლიტიკური ჰომოფობიაა, რომლის უკან, სამწუხაროდ, სახელმწიფო თავისი უმოქმედობით ან, ხშირ შემთხვევაში, თავისი ქმედებებით ხელს უწყობს ასევე საზოგადოებაში ჰომოფობიური ნიადაგის გავრცელებას“.

„თანასწორობის მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ბერიანიძისა და გამგეობის წევრის, თორნიკე კუსიანის მიერ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამართლო 26 აგვისტოს იმსჯელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG