Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო უმრავლესობა: ავტორიტარიზმის საფრთხე თუ სტაბილურობის გარანტია


ავტორი: ნათია ლილუაშვილი

ავად თუ კარგად არჩევნები ჩავათავეთ, შედეგიც მივიღეთ და საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პარტიის ანაბარა დავტოვეთ. მაგრამ არის კი ეს ის შედეგი, რომელიც გვინდოდა მიგვეღო? უნდა გვიხაროდეს, უნდა გვწყინდეს, თუდიდი მნიშვნელობის მინიჭება არც არის საჭირო? - ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სივრცე დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე მრავალფეროვანი ,,პოლიტიკური კატაკლიზმებით“ ხასიათდება. ამ მხრივ გამორჩეული და დასაფიქრებელია ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგები. მე რომ მკითხოთ, ამ შედეგებმაქვეყანა არჩეული და ოთხი წლით დაკანონებული ავტორიტარიზმის ზღვარზე მიიყვანა. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ზოგისთვის შეიძლება ,,გასაოცარი დემოკრატიის“ გამოვლინებაა, და თუ ეს მართლაც ასეა, თამამად შემიძლია ეს უკანასკნელი დემოკრატიის უარყოფით თვისებად გამოვაცხადო. რეალურად კი ,,კონსტიტუციური უმრავლესობის” იდეის მიზანი ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებების გამორიცხვაა. და მაინც რატომ არის ეს პრობლემა ასეთი საგანგაშო? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ისევ და ისევ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპებიდან უნდა ამოვიდეთ. კონსტიტუცია არ არის ჩვეულებრივი კანონთა კრებული, ის განსაკუთრებულ ნორმათა ერთობლიობაა, რომელიც ნებისმიერ კანონზე მაღლა დგას. ამიტომ ის საყოველთაო კონსენსუსის შედეგი უნდა იყოს. ერთი პარტიის, ან ერთი პოლიტიკური ძალის ხელში ამხელა ძალაუფლების თავმოყრა კი ნების საყოველთაობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

მთელი ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში თავმოყრამ, შესაძლოა, საზოგადოება სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენოს, ამიტომაც გამოსავლის გზების ძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიაქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. კითხვა მდგომარეობს შემდეგში: საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, რითი დავაბალანსოთ ძალაუფლება?

საუკეთესო შემთხვევაში, ყველაზე მარტივად მაშინ ავიცილებთ მოსალოდნელ საფრთხეებს თავიდან, თუ თავად ხელისუფლებას ექნება კეთილი ნება, მოთოკოს საკუთარი ამბიციები და გადაწყვეტილებები საყოველთაო კონსენსუსის საფუძველზე მიიღოს, მაგრამ ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა გენიალურობა სიმარტივეში ნამდვილად არაა, რადგან ლორდ აქტონს რომ დავესესხოთ "ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება კი რყვნის აბსოლუტურად“.

ერთ-ერთი მთავარი სუბიექტები დაბალანსების პროცესში პოლიტიკური პარტიებია (საპარლამენტოც და არასაპარლამენტოც). მიუხედავად იმისა, რომ მათმა უმრავლესობამ ვერ მოიპოვა მანდატები, მოპოვებულთა რაოდენობა კი არ არის კანონის დონეზე საკმარისი, ისინი მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრისას. სწორედ პოლიტიკური პარტიები გამოხატავენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების და, რაც მთავარია, ამომრჩეველთა ინტერესებს, რომლებიც შეიძლება არ არის მეინსტრიმული, მაგრამ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, უმრავლესობის მმართველობა მათი აზრის პატივისცემასაც ითვალისწინებს. ამიტომ ახლა ყველაზე ნაკლებად არის შიდაპარტიული კრიზისების დრო. ძლიერი ოპოზიცია არის ის აუცილებლობა, რომელიც ხელისუფლების აბსოლუტური ძალაუფლების დასაბალანსებლად ასე ძლიერ გვესაჭიროება.

სხვა ალტერნატივებიდან აუცილებლად უნდა გამოვყოთ არასამთავრობო ორგანიზაციების როლი და პასუხისმგებლობა. არასამთავრობო სექტორი თავისი არსით მუდმივად ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში,რადგან მისი მიზანი სხვადასხვა ტიპის პრობლემების წინ წამოწევა და ხელისუფლებამდე მიტანაა.მაგრამ ქართულ რეალობაში ის ხშირ შემთხვევაში ასრულებს გარედამკვირვებლის როლს, ან ასოცირებულია ამათუიმ პოლიტიკურ ძალასთან. ეს უკანასკნელი ცალსახად თვალშისაცემია, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ კანონი ამგვარ ქმედებას არ კრძალავს. დღეს, როდესაც ვსაუბრობთ ერთი პოლიტიკური ძალის გადამეტებულ უფლებებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივები, კრიტიკა და ზეწოლა ხელისუფლების ქმედებებზე მართლაც გადამწყვეტია. ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევის ნებისმიერ ეტაპზე მათი ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა, დაბალანსების კუთხით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

შეუძლებელია ძალაუფლების დაბალანსებაზე ვისაუბროთ მედიის როლის განხილვის გარეშე. მასმედია ჩვენს საზოგადოებაში დიდწილად განსაზღვრავს პოლიტიკურ (არა მხოლოდ) დღის წესრიგს. ის გვთავაზობს თემას განსახილველად და ხშირად გვიბიძგებს სასურველი პოზიციის ჩამოყალიბებისკენ. ალბათ ამ პროცესში მედიის მთავარი ფუნქცია საზოგადოების ყურადღების მობილიზება, საკითხის აქტუალურობისა და განხილვაში მათი ჩართვის აუცილებლობის დასაბუთებაა. ყველა აზრის, ყველა პოზიციის, ყველა მხარის წარმოჩენა და საზოგადოებისთვის დასკვნების გამოტანის შესაძლებლობის დატოვება.

არ შეიძლება ყურადღების მიღმა დაგვრჩეს ბიზნეს-სექტორი. პოლიტიკა და ეკონომიკა ურთიერთგადაჯაჭვული სფეროებია და ერთი მათგანის გადაწყვეტილებები პირდაპირ აისახება მეორის მოქმედებებზე. მარტივად რომ ვთქვათ, ვინც იხდის ფულს ის განსაზღვრავს პირობებს. ამიტომ ყველაზე დიდი გადასახადის გადამხდელთა ინტერესების გათვალისწინება ნებისმიერ ხელისუფლებას უწევს, თუ ის წმინდად ტოტალიტარული არ არის. შესაბამისად, ბიზნესი თამამად შეიძლება მოგვევლინოს ძალაუფლების აბსოლუტიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემაკავებელ რგოლად.

და ბოლოს, ბალანსის უზრუნველმყოფ მხარედ გვევლინება საერთაშორისო საზოგადოება და ის საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს აღებული. ღიად გაცხადებული პროდასავლური კურსი, ევროინტეგრაციის პროცესი,სხვადასხვა საერთაშორისო მისიები და ხელშეკრულებები, რომელთა პირობებიც ავალდებულებს ხელისუფლებას სასიკეთო და დემოკრატიული რეფორმები გაატაროს, ცალსახად ეწინააღმდეგება ძალაუფლების აბსოლუტიზაციას. მითუმეტეს, რომ მიმდინარე პროცესებსა და გატარებულ რეფორმებზე მონიტორინგს თავად საერთაშორისო საზოგადოება ახორციელებს.

ჰიპოტეტურად თითქოს მარტივად გვარდებაჩვენ მიერ თავში დასახელებული პრობლემა (ძალაუფლების დაბალანსების საკითხი) და თვითგვემის საბაბიც არ უნდა გვქონდეს, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ასეთი იდეალური ნამდვილად არაა. პოლარიზაციის მაღალი ხარისხი იგრძნობა ზემოთ ჩამოთვლილ თითქმის ყველა აქტორში. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ საქართველო პირველად არ დგას ამ პრობლემის წინაშე. უახლეს წარსულში ერთხელ უკვე ვიხილეთ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების გზით ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა და მისი უარყოფითი შედეგებიც ვიწვნიეთ საკუთარ თავზე. თუმცა შეცდომებზე სწავლის ფენომენი ამ საზოგადოების გამოგონება ნაკლებადაა. ავირჩევთ, მივცემთ სრულ ძალაუფლებას და შემდგომ ვიხსნით მთელს პასუხისმგებლობას -- აი ჩვენი საზოგადოების უმთავრესი პრობლემა.


ალბათ ახლა სწორედ ის დროა, როცა ყველამ უნდა იგრძნოს და გაითავისოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და ყველა ბერკეტის გამოყენებით წინ აღუდგეს ხელისუფლების რეუზურპაციის პროცესს, რათა ,,გასაოცარი დემოკრატია“ ,,საკონსტიტუციო დიქტატურამ“ არ ჩაანაცვლოს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG