Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პიროვნება და საზოგადოება“


ავტორი: ანა ხუციშვილი

„ვინ ვარ მე?“ - რამდენიმე წლის წინ სკოლიდან სახლში მოვდიოდი, როდესაც ამ კითხვამ გამიელვა გონებაში და უჩვეულოდ ჩამაფიქრა. ალბათ თქვენც გქონიათ მსგავსი „გაურკვევლობის“ პერიოდი, როდესაც თავი სამყაროზე, ღმერთზე, ადამიანებზე, ალტერ ეგოზე პასუხგაუცემელმა კითხვებმა მოიყარეს თავი.

მართლაც, ვინ ვართ ჩვენ? თითქოს მარტივი კითხვაა, არა? მაგრამ თუ დავფიქრდებით, უდიდესი დილემის წინაშე აღმოვჩნდებით. თუმცა ერთი რამ ცხადია, ჩვენ ვართ ადამიანები_განუმეორებლები და განსხვავებულები.

ვიბადებით, ვეცნობით სამყაროს, ვიზრდებით, ვსწავლობთ, ვვითარდებით და ნელ-ნელა ვყალიბდებით პიროვნებებად.

ყმაწვილობის, ე.წ. თინეიჯერული წლები კი ერთ-ერთ ყველაზე დიდ როლს თამაშობს ადამიანის პიროვნულ განვითარებაში. სწორედ ამ პერიოდში უჩნდება ბავშვს კითხვები, რომლებიც სცილდება „ბავშვურ“ საზღვრებს და აფიქრებს ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე. გონება სცილდება მშობლებს, სკოლას, მეგობრებს... და პასუხებს ეძებს უფრო შორს და უფრო ახლოს, იქ სადაც ძალიან მალე, ბევრჯერ მოუწევს ბრძოლა ხმლისა და აბჯრის გარეშე. ის პასუხებს საკუთარ თავში ეძებს. აკვირდება ყველაფერს, ისრუტავს, ცდილობს გაიგოს ის, რაც არასდროს უთქვამთ მისთვის. ის, რასაც თქმა არ სჭირდება. ის, რაც ფიქრის დროს უნდა შეიტყოს, რომ თითოეულ ადამიანში ცხოვრობს შინაგანი „მე“, რომელთანაც კამათი გარდაუვალია. საოცარი რამ არის ფიქრი, რადგან ამ დროს ირკვევა ცხოვრების ავან-ჩავანი.

ადამიანი პიროვნებად ყალიბდება. იზრდება და ცხოვრობს. ცხოვრობს ისე, როგორც მას სურს, ან ისე, როგორც მის მშობლებს, მეგობრებს ან მეზობლებს სურთ.

ადამიანთა უმეტესობას უჭირს წარმოაჩინოს თავისი ნამდვილი „მე“. უწევს ათასგვარი ნიღბის ტარება - მეგობრებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან, საზოგადოებასთან... და დასანანია, თუ მას საკუთარ თავთანაც უწევს ნიღბის ტარება უილიამ გოლდინგის მიერ შექმნილი გმირების მსგავსად „ბუზთა ბატონიდან“. იმ ბიჭების მსგავსად, რომლებმაც სახე და სხეული საღებავებით დაფარეს, დაარწმუნეს საკუთარი თავი, რომ არიან ველურები და ჩაიდინეს ისეთი რამ, რაც მთელი ცხოვრება სანანებელი გაუხდებოდათ. ისინი დაბრმავდნენ, აჰყვნენ სულელ და ქარიზმატულ ჯეკს და შედეგი: ღუდა და საიმონი მკვდრები არიან. კუნძული კი გადამწვარი, რადგან „ველურები“ დასდევენ რალფს - ერთადერთს, ვისაც საღად აზროვნება შეუძლია.

ყველა ადამიანში ცხოვრობს დემონი და ის გარკვეული დოზით შეიძლება გამოვლინდეს პიროვნების ყველაზე კრიტიკულ მომენტში.

ადამიანს მთელი სიცოცხლე ბრძოლა უწევს. არ ემორჩილება ბედისწერას, უიღბლობას და ცდილობს ადგეს, გაძლიერდეს და იბრძოლოს საკუთარი კეთილდღეობისთვის. რა თქმა უნდა, ამას დიდი სტიმული სჭირდება. ის საზოგადოება კი, რომელში ის ცხოვრობს, ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს. ზოგს უადვილდება ცხოვრება, ზოგი კი სულიერად იღუპება. არაფერს არ უნდა მისცე უფლება შენზე ზეგავლენა მოახდინოს! უნდა ებრძოლო ცდუნებებსა თუ დოგმებს. საზოგადოებაც ხომ ომია, ცივილური ომი.

ეს პრობლემა ყოველთვის არსებობს და დღესაც გვხვდება ცივილიზებულ სამყაროში.

გავიხსენოთ სოფიო (მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობიდან „ეშმაკის ქვა“)_ ყოვლად დადებითი, კეთილი და უმანკო პიროვნება, რომელიც ადამიანურმა ინსტიქტმა შეიწირა. მისი ერთადერთი „დანაშაული“ დაბრმავებულ ადამაინთა გარემოცვაში ყოფნა იყო. იგი აიყოლია დაზომბირებულმა, ტვინგამორეცხილმა ხალხის ჯგუფმა, რომელიც ემოციას აჰყოლია. შედეგი კი სამარცხვინო და დამთრგუნველია.

ერთი ცდა ჩაატარეს: დადეს ერთი შავი და მეორე თეთრი პირამიდა. ათ ადამიანს ჰკითხეს, თუ რა ფერი იყო ორივე პირამიდა. მათი პასუხი: „შავია“, მოისმინა უბრალო გამვლელმა და მისი პასუხიც ამავე შეკითხვაზე იყო, რომ ორივე შავია. მან „არ“ დაინახა თეთრი პირამიდა. აჰყვა ინსტიქტებს და არ დაუპირისპირდა უსამართლობას. სწორედ ეს არის ბრბოს ფსიქოლოგია. სოფიოც აიტანა ემოციამ, ჟრუანტელს უვლიდა სიტყვა „ჩაქოლეთ“. იგი საკუთარი სურვილის საპირისპიროდ წავიდა, რაც იმდენად განიცადა, რომ გონზე მოსული მალევე გარდაიცვალა. ასევე ბრბო ებრძვის მას, რასაც მისი გონზე მოყვანა შეუძლია.

საოცარი ირონია ჩანს სიტყვებში: „რალფი შუაში იდგა და დასტიროდა უმანკოების დასასრულს, ადამიანის გულში ჩაბუდებულ სიბნელეს.“

გარდა ამისა გვაქვს სხვა შემთხვევა, როცა ადამიანს არ ებრალება თავისი თავი, არ სურს სიცოცხლე და ამ ქვეყნიდან მარტო არ მიდის, მიჰყავს უდანაშაულო საზოგადოების გარკვეული ნაწილი. დიდი უსამართლობაა ეს. თავს თუ იმ ადამიანების ადგილას წარმოიდგენთ, რომლებიც მსხვერპლად შეეწირებიან ფიდაის (თ. დოლენჯაშვილი - „ფიდაი, ანუ ამინა სამიდან ხუთამდე“) ტერირისტულ აქტს, ალბათ უსიამოვნო გრძნობა გაგიჩნდებათ. ასეთი შემთხვევა არაერთია დღევანდელ მსოფლიოში.ამ დროს პიროვნებაა დაბრმავებული და დამნაშავეა საზოგადოება, რომელმაც ეს ადამიანი გადაიბირა.

ამ ყველაფრის შემდეგ მიჩნდება კითხვა, ნუთუ არსებობს ადამიანი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება? არ ვიცი. ვფიქრობ, არც არის საჭირო იყო ყველასთვის მისაღები.

არსებობს დაუწერელი კანონები ე.წ „მენტალობა“, რომელიც უნდა დაიცვას ადამიანმა, რომელ საზოგადოებაშიც იმყოფება. ზოგი დაუყოვნებლივ ასრულებს ამ მოთხოვნას, ზოგი უბრალოდ თავს არიდებს, ზოგი უაზრო პროვოკატორია და ზოგიც ჯანსაღი კრიტიკით არის დაკავებული. ჩემი აზრით კი, ყველაზე მართალი ის არის, რომელიც ცდილობს აღუდგეს იმ არასწორ აზრს, რომელიც დოგმად არის ქცეული. გიორგი ლეონიძის მოთხრობაში „მარიტა“, გოგონას არ აძლევენ სიყვარულის უფლებას, ძალით ათხოვებენ და ღალატს აბრალებენ. სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს ხევისბერს და მას აბსოლუტურად ყველა ეთანხმება, რადგან ასეთია „კანონი“. იმას კი არავინ კითხულობს, ვინ დაწერა , როდის ან რამდენად სამართლიანია.

სახარების მიხედვით იესოს მეძავი მიუყვანეს ჩასაქოლად, მაგრამ მან თქვა: „ისროლოს ქვა იმან, ვინც უცოდველია“. ეს შესანიშნავი მაგალითია იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარი ცხოვრებით უნდა იცხოვროს და დაანებოს სხვას თავი.

მაინც რა არის „ბუზთა ბატონი“?

ალბათ ის, რაც ყოველ ჩვენგანში ცოცხლობს. ჩვენ გვჭირდება მეტი ჯონათან ლივინგსტონი.

ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის, თითოეული თქვენგანი განსაკუთრებულია.

გაათავისუფლეთ გონება ბორკილებისგან.

„გაშალეთ მოჭრილი ფრთები, ადამიანებო!“

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG