Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კავკასია - თბილი ციმბირი


ავტორი: მაკა ხუციშვილი

პოლონური კომპაქტური დასახლება საქართველოში, კონკრეტულად კი ლაგოდეხში XIX საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა, როცა აქ გადმოასახლეს 1830-1831 წლებში პოლონეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების მონაწილეები. ესენი იყვნენ პოლონელი ოფიცრები, რომლებიც პოლონურ არისტოკრატიას - შლიახტას წარმოადგენდნენ. მათი მეორედ გადმოსახლება კავკასიაში მოხდა 1863 წლის პოლონეთის აჯანყების შემდეგ.

დღესაც ბევრი პოლონელი ცხოვრობს ლაგოდეხში, რომლებიც 1831 წელს გადმოსახლებული პოლონელების შთამომავლები არიან. 18 პოლონელ ოფიცერს შორის რომლებიც „თბილ ციმბირში“ გადმოასახლა რუსეთის იმპერიულმა ხელისუფლებამ, ერთ-ერთი გახლდათ ზიგმუნდ კვოკი, რომლის შთამომავალთან ნინა კვოვკთან ჩავწერეთ ზეპირი ისტორია.

ნინა კვოკი: „1831 წლის ნოემბერში დაახლოებით ჩემი წინაპრები საქართველოში ჩამოვიდნენ. ისინი არისტოკრატული წარმოშობის ხალხი იყო და მეფე არ უნდოდათ, ამიტომ მოაწყეს აჯანყება რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. მეტროპოლიამ ჩაახშო აჯანყება და გადაწყვიტა დაესაჯა ამბოხებული ხალხი. წესით ისინი უნდა დაეხვრიტათ, მაგრამ რადგან ეს იყო პოლონური შლიახტა სასჯელის უფრო რბილი ფორმა - გადასახლება შეუფარდეს. გადაწყდა მათი გადასახლება ციმბირში, მაგრამ უეცრად შეიცვალა მარშრუტი და დასჯილები ვორონეჟიდან მოაბრუნეს და ციმბირის ნაცვლად კავკასიაში გადმოასახლეს. ამიტომ საბუთებში ჩაწერილი იყო, რომ პოლონელები „თბილ ციმბირში“ წავიდნენ.

აქ მოვიდა ორი ბატალიონი: ერთი იყო 18 პოლონელი ოფიცერი თავისი ოჯახებით, მეორე რუსების ჯგუფი. მაშინ აქ არ იყო ქალაქი, მხოლოდ სოფელ ვაშლოვანში იყო რამდენიმე სახლი. გადმოსახლებულმა პოლონელებმა აქ ააშენეს სახლები. ერთი ქუჩა იყო, რომელსაც ეძახდნენ კალინოვკას. ეს იყო პირველი ქუჩა ლაგოდეხში.

პოლონელებს მისცეს ბევრი მიწები, მათ შორის ჩემს წინაპრებსაც. ისინი იყვნენ ძალიან მშრომელი და განათლებული ხალხი. ააშენეს ძალიან ლამაზი სახლები, სახლის წინ ეზოებში დარგეს ლამაზი ყვავილები. ეს სიახლე იყო, მაშინ აქ არავინ იცოდა, რომ შეიძლება სახლის წინ დარგო ლამაზი ყვავილები და ხეები. აკეთებდნენ „ვიშნოვკებს“ - ალუბლის ლიქიორს. ეს იყო მათი ეროვნული სასმელი. ქართველები აკვირდებოდნენ ახალ მოსულ ხალხს და ძალიან მოსწონდათ.

პოლონელებმა ლაგოდეხში ააშენეს კათოლიკური ეკლესია, სადაც კომუნისტებმა სამხედრო საწყობი მოაწყეს. ახლა რესტავრირებულია, როგორც მართლმადიდებლური ეკლესია. მეორე იყო უფრო პატარა პოლონური კასწიოლი (ეკლესია). ახლა იქ ელექტრო სადგურის შენობაა განთავსებული. აქ არის რუსული სასაფლაო, სადაც ბევრი პოლონელია დასაფლავებული. ადრე პოლონური იყო ეს სასაფლაო“.

საბჭოთა რეჟიმში ცხოვრება პოლონელებისთვისაც ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ფაქტიურად, მოხდა მათი გარუსება. მათ ეკრძალებოდათ არა მხოლოდ სწავლა პოლონურად, არამედ საუბარიც კი, თავიანთი ნაციონალური დღესასწაულების აღნიშვნა და რაც მთავარია სამშობლოსთან კონტაქტი. საბჭოთა მთავრობა ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა დასავლური წარმოშობის ადამიანებს და მათში ხედავდა დასავლეთის აგენტებს.

ნინა კვოკი: „ბოლშევიკური რეჟიმის დამკვიდრების შემდეგ პოლონელებს და მათ შორის ჩემს წინაპრებსაც აეკრძალათ კავშირი ისტორიულ სამშობლოსთან. საბჭოთა პერიოდში საბუთებში არ უნდა ყოფილიყო აღნიშნული ეროვნება პოლონელი თუ უნდოდათ ნორმალური ცხოვრება, განათლების მიღება, მუშაობა. ყველას რუსს უწერდნენ. გვარები შეუცვალეს ყველას რუსული სტილით. მაგალითად: კვოკი იწერებოდა კვოკინსკი. სახელებიც რუსულად გადააკეთეს: იან-ივანი, ვლაძიმეშ-ვლადიმირი და ა. შ. პოლონურ ენაზე საუბარი აკრძალული იყო. ბაბუაჩემისგან მახსოვს, რომ ისინი ჩუმად მაინც საუბრობდნენ პოლონურად. რელიგიურ და ეროვნულ დღესასწაულებსაც მალულად აღნიშნავდნენ. ყველა საბუთს ანადგურებდნენ, რომლითაც მტკიცდებოდა მათი პოლონელობა. მახსოვს მამაჩემმაც დაწვა ასეთი საბუთები, მაშინ 5-6 წლის ვიქნებოდი. ამის გამო ბაბუაჩემი ძალიან ცუდად გახდა. დაგავიწყდება შენი პოლონეთი და აქედან აღარ წახვალო. ამ საბუთებში ეწერა რა ქონებას ვფლობდით კრაკოვთან. აქ გადმოსახლებული პოლონელები ძირითადად რუსულ სკოლებში სწავლობდნენ და განათლებასაც რუსეთში იღებდნენ.

საბჭოთა რეჟიმის დროს, როცა დაიწყო კოლექტივიზაცია მოვიდნენ ბაბუაჩემთან და უთხრეს: „ან შენი ნებით ჩააბარებ მიწას და საქონელს კოლმეურნეობას, ან არა და ტყვია შუბლში, ოჯახი ციმბირში. არ გექნება კავშირი საზღვარგარეთთან“. რა თქმა უნდა, ბაბუამ ჩააბარა ყველაფერი კოლმეურნეობას.

როგორც ბაბუაჩემისგან მახსოვს, ჩვენი წინაპარი ზიგმუნდი (ვინც აქ გადმოასახლეს 1831 წელს) იყო კრაკოვიდან. კრაკოვთან ახლოს არის სოფელი, სადაც ჩვენი საგვარეულო მამული იყო, იქ ცხოვრობდნენ მათი ბიძაშვილები. სამწუხაროდ სოფლის სახელი არ მახსოვს. ჩვენს საოჯახო არქივში არის საბუთი, სადაც წერია, რომ 1905 წელს ბაბუას აძლევდნენ უფლებას დაბრუნებულიყო პოლონეთში, მაგრამ ვეღარ მოასწრო, რადგან დაიწყო 1905-1907 წლების რევოლუცია რუსეთში. შემდეგ კიდევ რევოლუცია 1917 წელს და საბოლოოდ აქ დარჩნენ. საბჭოთა პერიოდამდე მათ ჰქონდათ კავშირები იქაურ ნათესავებთან, მაგრამ შემდეგ ჩაიკეტა. მახსოვს ბაბუა ამბობდა: „მოვა კიდევ ისეთი დრო, როცა შესაძლებელი იქნება პოლონეთში დაბრუნება და თუ ცოცხალი ვიქნები მე დავბრუნდები“.

პირველად, პოლონური საზოგადოება ლაგოდეხში ჩამოაყალიბა ქალბატონი ნინას წინაპარმა ზიგმუნდმა და ყოველთვის მისი წინაპრები ხელმძღვანელობდნენ მას. ახლაც ქალბატონი ნინა ხელმძღვანელობს კახეთის პოლონელთა კავშირს, რომელიც ლუდვიგ მლოკოსევიჩის სახელს ატარებს 2008 წლიდან (ლაგოდეხის ნაკრძალის დამფუძნებელი და 1831 წელს გადმოსახლებული ოფიცრის, ფრანციშეკ მლოკოსევიჩის შვილი). ორგანიზაცია მრავალ საინტერესო კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით. მათ შორის რაც ყველაზე მთავარია, ადგილობრივ წარმოშობით პოლონელ ბაშვებს (ასევე ქართველებსაც) ასწავლიან პოლონურ ენას, ისტორიას, კულტურას და ტრადიციებს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG