Accessibility links

ავტორი: მამუკა ბადრიძე

ვინც ეს არ იცის, მათთვის ვიტყვი, რომ საარბრიუკენის მოედანსა და მშრალ ხიდს შორის არსებობს დედა ენის ბაღი, რომელშიც ახალი წლის დღეებში კაშკაშა საბავშვო ქალაქი გაიხსნა. ამ ამბავმა ჩემი უმცროსი, ოთხი წლის შვილის გამო დიდად გამახარა, თუმცა ამ სიხარულის კვალდაკვალ მაინც გამიჩნდა მოკრძალებული კითხვა, ამ ქალაქის გადასახადის გადამხდელთა თანხების განმკარგავებმა როგორ მოახერხეს ეს?

მათთვის ვისაც ამ აწ უკვე ყოფილი საბავშვო ქალაქისშინაარსი ოდნავ მაინც აინტერესებს, ვიტყვი, რომ მიუხედავად არცთუ გამაოგნებელი მასშტაბისა და პომპეზურობის უქონლობისა, ის აგებული იყო გემოვნებით, სითბოთი და შეიძლება ითქვას - საქმის ცოდნითაც კი. გამომდინარე ჩემი მოწონებიდან თუ ბავშვის აღფრთოვანებიდან, რომელიც ამ პატარა ქალაქის უმთავრესი შესასვლელის თაღიდანვე დაიწყო, უკვე გამიჩნდა გარკვეული აზრი იმაზე, რომ ჩვენი მეგაპოლისის უღიმღამო წვრილბოსობას, ჯანსაღი იდეები, როგორც ასეთი - აქვთ.

საახალწლო ქალაქში შესვლისთანავე თვალში გეცემოდათ ორ მწკრივად ჩალაგებული პაწაწინა სახლები, რომლებიც სხვადასხვა სათამაშოსა თუ სუვენირის მაღაზიის როლს ხალისით ასრულებდნენ. ამ სახლთა ლოგიკური გაგრძელება იყო სხვადასხვა სახის ატრაქციონი, რომლებსაც კომპოზიციურად ამაგრებდა თეთრ ირმებიანი ქათქათა მარხილი.

ზემოაღნიშნულ სიკეთეთა ცენტრში იდგა ათასფეროვანი ნაძვის ხე. მის ძირში ამოზრდილი იყო თოვლის პაპის სახლი, რომელშიც მასპინძლის ნაცვლად ახოვანი დაცვის პოლიციელი დაგვხვდა. ამან სულაც ვერ შეუშალა ხელი ჩემს ვაჟს, რომკაცური გულმოდგინებით „დაცული ობიექტის“ შტურმით აღება რამდენჯერმე ეცადა. რაც შეეხება დაცვის ბიჭს, მან პატარა მომხვდურს წინააღმდეგობა ისე თეატრალურად გაუწია, რომ ყველა კმაყოფილი და გაღიმებული დავრჩით. ხოლო როცა თოვლისპაპის მოსვლის დრო ვკითხე, ეს არავინ იცისო - ასე მიპასუხეს. მართალია, ეს ალბათ ასეც უნდა იყოს, საიდუმლოდ.

მოულოდნელად ბავშვების ჟრიამულის ხმა გავიგე, ვიფიქრე, რომ თოვლის პაპა გამოჩნდა, მაგრამ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა – პატარების დიდი ნაწილი გარს შემოხვეოდა ვიღაც ცისფერჩალმიან ინდოელს, რომელსაც ყვითელი ქურთუკი, წითელი როლინგი, ლურჯი შარვალი და ვარდისფერი ბათინკები ეცვა. ამ კაცის ჩაცმულობა ქართველი ბავშვებისათვის, და არამარტო მათთვის, იმდენად საზეიმო იყო, რომ საახალწლო ქალაქის ღირსშესანიშნაობად იქცა.

ასეთი სანახაობით გახარებულ ჩემს შვილს თვალები უსაზღვროდ გაუფართოვდა და ხვეწნით მითხრა, მაგ მხიარულ კაცთან სურათი გადამიღეო. მე ვიუარე, რადგან მისვლა უცნობთან, რომელიც პატარებს შორის გვარიანად დაბნეული ჩანდა, ბუნებრივად მომერიდა. ამგვარ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ სხვა მშობლებიც, რომლებმაც უკვე აღარ იცოდნენ სხვადასხვა ფერში გამოწყობილი ადამიანის მიმართ ყურადღება გამოეჩინათ თუ პირიქით.

ეს უცხო კაცი განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ მისი შესამოსელის ფერთა გამა, ჩვენი, ამ უზომოდ ბედნიერი ბავშვების მშობელთა ჩაცმულობის ფონზე ძალიან ხალისიანად გამოიყურებოდა, რადგან, ჩვენი ჩაცმულობა იყო ერთფერიანი და ეს ფერი იყო - შავი.

უცებ ვიგრძენი, რომ გულში რაღაც ჩამწყდა და მივხვდი იმას, თურმე რამხელა მნიშვნელობა აქვს ტანსაცმლის ფერს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხვალინდელი დღიდან ჩემთვის და არამარტო ჩემთვის საყვარელ შავ ფერს შეველევი და ნარინჯისფერით გაწყობილ წითელ ქურთუკს ჩავიცვამ. თუმცა ჩემთვის უცხადესი გახდა, რომ ადამიანები ფერადი სამოსით ბავშვებს უკიდეგანოდ იზიდავს.

იქნებ აქ შავი ფერი წარმატებით იმიტომაც სარგებლობს, რომ ქვეყანაა ათასფერადი, ხალხი კიდევ - მრავალფეროვანი. გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერს კოსმიური წონასწორობა ჭირდება, მთა-ბარის შეფერილობა და ინდივიდუალობა ქართველებმა სავარაუდოდ ჩაცმულობით დავაბალანსეთ. ასეა თუ ისე, შავ ფერს ჩვენში უპირობოდ, თუმცა ალბათ მაინც უსამართლოდ აღმატებული ადგილი უკავია.

თუ შავი ფერი აღმოსავლეთის ქვეყნებში სრულყოფილებისა და კეთილშობილების ფერად ითვლება, აქ ის ტრადიციულ სამგლოვიარო ფერად განიხილება, რაც სულაც არ გვიშლის ხელს, რომ ყოველდღიურად სიამოვნებით ვატაროთ. თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ შავი ასევე ითვლება იდუმალების ნიშნად. ამიტომ იმ ქართველმა, ვისაც თავი იდუმალ და არაორდინალურ ადამიანად მიაჩნია, რაზეც ეჭვი მაქვს, რომ ასეთი ბევრია, დე, იაროს ისე, როგორც უნდა.

მიუხედავად შავი ფერის თაყვანისცემისა, ჯერ არ დაგვიკარგავს სიფრთხილის გრძნობა, რის გამოც არ გვიყვარს „შავი დღე“, ჭირივით გვძულს „შავი სია“ და თვით „შავი ჭირი“, არ გვიზიდავს „შავი ბაზარი“, ვერიდებით „შავ კატასა“ და ახლოს არ ვიკარებთ „შავ ლაქას“. აი, ასე.

თუმცა მაინც უნდა ვთქვა, რომ ჩვენდა მოსაწყენად თუ სხვათა მოსაჩვენებლად შავი ფერი ქართველისათვის დამახასიათებელ ერთგვარ ბრენდად იქცა, ისევე როგორც ფრანგისთვის ყელსახვევი, ჩეჩენისთვის ფაფახი, რუსისთვის კი ვალინკები.

ამასობაში ფერადსამოსიანი ინდოელი გახარებული ბავშვების გუნდს ფრთხილად მოსცილდა და გასავლელისკენ მოზომილი ნაბიჯით წავიდა. ჩემგან შორს კი იყო, თუმცა მაინც ვიგრძენი მისგან წამოსული დადებითი მუხტი. ალბათ სწორედ ამან შავ სამოსში გახვეულ ხალხს გული „ჯგუფურად“ აგვიჩუყა.

ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ნიკამ, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა მითხრა: „მაგრად გაასწორებს, თუ ერთხელაც თბილისის ქუჩაში ჩალმიანი ტიპი გამეჩითება.“

გაიჩითა, ნიკა, გაიჩითა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG