Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: მამუკა ბადრიძე

რეზინის ზონარი მარცხენა მკლავზე შემოვიჭირე. მის ერთ ბოლოს კბილებით ჩავაფრინდი და ჩემსკენ ღონივრად გამოვქაჩე. როგორც კი, ჩემი მიძინებული ვენა საღათას ძილისაგან გათავისუფლდა და თავისი ლურჯი სხეული ჩემი ხელის კანქვეშ ამობურცა, მეორე ხელში ჩაბღუჯული წამლით გატენილი შპრიცი ხიშტივით დავარჭე.

დღეს უკვე მეოთხედ ვეკონტაქტები ამ გოთვერნობას. პირველ ჯერზე მოვწიე და მაგრად გამისწორდა. ერთი ეგ ტეხავს, რომ კაიფი დიდხანს არ გრძელდება, დიდი-დიდი თხუთმეტი წუთი, ნახევარი საათი, ჰა-ჰა ორმოცი წუთი. სადღაც ორ-სამ საათში ისე მაგრად მომინდა, რომ კინაღამ გავაფრინე. კიდევ კარგი, ბევრი ვიყიდე. თეთრი ფხვნილით გამოტენილი ერთი ჩეკი ორმოცდაათ ლარამდე დამიჯდა.

მეორე ზახოდზე ცხვირით შევიყნოსე. გამოვქლიავდი და ცალ ფეხზე ხტუნვა დავიწყე. ხელში ვითომ ჩემი დის სახტუნაო მეჭირა და ეგეთი რამეები. მერე კი, როცა უკვე ვენაში შევიშხაპუნე, ისეთი კაიფი მომცა, რომ მოწევა და შეყნოსვა სულ დამავიწყდა. ამიტომაც, მეოთხე ჯერზე ისევ ვენაში ვარჩიე.

რა კარგი რამე ყოფილა. თან რა იაფად ვიყიდე. ეგ უკვე გითხარი. რომ იცოდე, როგორ დავითრიე, სიცილით მოკვდები. შენ კი არ გიყვარს ეგეთი რამეები, მაგრამ მე ჩემსას მაინც ვიბაზრებ. ბიჭებმა მითხრეს ეს ბიო თუ იბიოამფეტამინი უმაგრესი რამეაო. თანაც უპრობლემოდ იყიდი, ვერც პატრული დაგიჭერს და ვერც ვერავინო. აუფ, ნელ-ნელა წამოვიდა...

მოკლედ, ინტერნეტში უნდა შეხვიდე და წამალი მოითხოვო. მერე წამლის ბარიგა, მოგონილი „კლიჩკით“ გეკონტაქტება და მაყუთის წინასწარ ჩასარიცხად პირად ანგარიშს გეუბნება. მერე ინტერნეტით ან ფეიბოქსიდან უნდა ჩარიცხო. როგორც კი ფული დაუჯდება, წამალს შენს სახლთან ახლოს მოგიტანს. მე, „ლიჩნად“ ჩვენს სადარბაზოში, კიბეზე დამიდეს. მესიჯი მომწერეს. ჩავედი და ავიღე. მეტი რა გინდა.

აუ, რა მაგრად წამოვიდა. ცოტა შემეშინდა, ხო იცი. ახლა ისიც გამახსენდა, რომ ამ ახალ წლებზე დიდუბესა და ნახალოვკაში ხუთი თუ ექვსი ბიჭი მოკვდა. ეტყობა დოზები აერიათ. მე მაგარი თვალი მაქვს და ეგეთი რამე არ მემუქრება. მამუკა, ცუდად ვარ, ნეტა ტელეფონის უპატრონოდ დაგდება არ გიყვარდეს, როგორმე დამეხმარებოდი. რაღაც უცნაურობები დამეწყო. ეს დედაჩემი სადღა წავიდა, სულ სახლშია ხოლმე, რაღაცას იჩალიჩებდა. მგონია, რომ გადავიწვი და ძალა გამითავდა, ჩემი გული თითქოს სადღაც ვარდება და ჩერდება...

ცოტა გადამიარა. საათს შევხედე. უკვე ცხრაა. მოდი ტელევიზორს ჩავრთავ. ვაა, დონალდაც გაიჩითა. ისეთი სახით დგას, თითქოს დედას იფიცებსო. ალაგ-ალაგ მისი სიტყვებიც მესმის, მექსიკელ გეებს საზღვრებს გავუხსნი, ჩინური პროდუქციის იმპორტს წავახალისებ, ემიგრანტ ქართველებსა და ამერიკელ ქალებს არავის დავაჩაგვრინებო. ვიღაცას კიდევ გონია, რომ...

ისევ ცუდად ვარ, თავი მისკდება. სუნთქვა ამიჩქარდა, მუცელი ამტკივდა. თითქოს გულიც მერევა. რაღაც ურჩხულები მეჩვენება, სადღაც ძალით მიმათრევენ. მე არ მივყვები. ჩემს სახლში მინდა, ჩემს სახლში, რომლის ყველა კედელი შავზე უფრო მუქია. კედლები უფრო და უფრო ვიწროვდებიან. იქნებ სასწრაფო გამოვიძახო. არა, არ მინდა. ექიმები მტრები არიან. მტრები არიან ექთნებიც და მაგათი მძღოლიც. ეგ მძღოლი პოლიციის აგენტია.

ქუჩაში ვიღაც ბავშვს ეძახის. ეს ქალი ჩემი მეზობელია. მე და მისმა ნიკალამ შარშან სკოლა ერთად დავამთავრეთ. ჰოდა, დედამისი მის პატარა დას ეძახის. ოჯახში ხუთი ბავშვია. ეს ქალი აღარ ჩერდება. ხმა როგორ გაფუჭებია, ნეტა რა დაემართა. ალბათ კვდება, თორემ ხმა რატომ გაუფუჭდებოდა. ნეტავ ვინ მიხედავს მის შვილებს.

თავბრუ მეხვევა და თვალები მებინდება, თითქოს გონებას ვკარგავ. ნეტა დედაჩემი სად არის? სად და, ამერიკაში. მეორე კლასში რომ ვიყავი, მაშინ წავიდა. ვალებს გადავიხდი და მალე ჩამოვალო. გადაიხადა, მაგრამ მაინც არ ჩამოდის. სკაიპით სულ ამერიკელებს აგინებს, მაგრამ მაინც არ ეთმობა იქაურობა. ალბათ მატყუებს. იქ არც ისე ცუდადაა, როგორც ყვება. ათი წელია, არ მინახავს. სახლში რომ ყოფილიყო, ამ საზიზღრობას ვერ მოვიტანდი.

ძალიანაც კარგი, რომ წავიდა. თუ უნდა, სულ ნუ დაბრუნდება, მთავარია ფული აგზავნოს. ნეტა რამდენი სახლი უნდა იყიდოს? სამი უკვე იყიდა, ახლა მეოთხეზე წვალობს. ნეტა თუ ვნახავ? ისე აქ როცა იყო, სულ მეჩხუბებოდა. რაც უნდა გამეკეთებინა, არასოდეს მეტყოდა, მაგარი ხარო ან რა ჭკვიანურად მოიქეციო. სულ იმას მეუბნებოდა, რომ უტვინო, უსინდისო და შემარცხვენელი ხარო.

ვაიმე, თითქოს მუცელს ვიღაც მიფატრავს და ჩემს ნაწლავებს ჯიჯგნის. რაღაც ხმები მესმის, სხვადასხვანაირი. მამუკ, შენც ხო გესმის? ვიღაც მეუბნება, რომ ჯოჯოხეთში წასასვლელად უნდა მოვემზადო და სპეციალური კბილის ჯაგრისი უნდა ვიყიდო. კიდევ ცხენიც უნდა იყიდო, იქ მანქანით წასვლა არ შეიძლებაო. მეორე მეუბნება, შენისთანა დამპალი საიქიოში არავის არ ჭირდებაო.

ოთახის კუთხეში ვიღაც ქალი დგას. არ ვიცნობ. მაღალია, შეზნექილი წელი აქვს. მკერდსაც არა უშავს, წაისექსებს. სახე კი, უტეხავს: აქვს ნარინჯისფერი თვალები, მიტკალივით სახე და მე რომ მჭირდება, იმ ცხენივით დიდი კბილები. თვალებში მიყურებს და მიახლოვდება. ჩერდება და მესამეზე ქეთინო რომ ცხოვრობს, იმისი ხრინწიანი ხმით მეუბნება, მიყვარხარო.

ეს მამაჩემი სადღა დაეთრევა? ნეტა სამსახური მაინც ჰქონდეს. ან ამ კაზინოში სიარულით არ დაიღალა? ერთხელ წააგო, გადაუხადა დედაჩემმა, მეორედ წააგო - გადაუხადა. შე დეგენერატო, რამდენჯერ უნდა გადაგიხადოს ცოლმა, რომელიც უკვე ცხრა წელია, რაც არ გინახავს. ნეტა თუ სცხვენია? ახალი მანქანით დარბის, მგონი ვიღაც ნაშაც ყავს. მაგას ალბათ ჩემი სიკვდილი უნდა. მე ისიც ვიცი, რომ ტიპი, ვისგანაც ინტერნეტით ეს წამალი ვიყიდე, მამაჩემია. ეგ იქნება, აბა სხვა ვინ უნდა იყოს? მოიყვანს მერე თავის ნაშას ჩვენს სახლში და გააკეთებენ ახალ ბავშვებს. მე კიდე საპნის ბუშტივით გავქრები.

ყველაფერი ჩემი ბრალია. ჩემს გამო წავიდა დედაჩემი. მე გამოვაშტერე მამაჩემი. მე გავუფუჭე ხასიათი ჩემს უმცროს დას ისე, რომ ბავშვი დასანახად ვეღარ მიტანს. იმიტომ, რომ ლუზერი ვარ.

მამუკა, ძმაო, იქნებ ეს ხმოვანი მესიჯი შენს ბლოგზე ატვირთო და ვიღაცეებმა ნახონ, ჰოდა იქნებ ხალხმა გაიგოს, ეს ბიოამფეტამინი რა ნაბი...

მოიცა, რაღაც დავმძიმდი, უჰჰჰ... მგონი ვკვდე...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG