Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და როგორ ხდებიან საქართველოში პარტიის წევრები?


ავტორი: ნინო ჩერქეზიშვილი

რატომ შედიან მოქალაქეები პარტიებში? როგორ ხდება პარტიის წევრების რეკრუტირება? ვინ ხდებიან პარტიის წევრები? რა პირობებს უყენებს პარტია მოქალაქეებს მასში გასაწევრიანებლად? როგორ დგება პარტიული სიები და რამდენად ადვილია პარტიებისთვის მისი წევრების ჩანაცვლება.?

მრავალ სხვა მეცნიერთან ერთად პოლ საბატიეც მიიჩნევდა, რომ მოქალაქეები პარტიებში წევრიანდებიან ამ პარტიასთან იდეოლოგიური და მიზნობრივი სიმპათიების გამო. ეს თეორია ადვილი დასანახია დასავლეთ ევროპის შემდგარი დემოკრატიის ქვეყნების მაგალითზე, მაგრამ რთული მოსარგებია ქართული რეალობისთვის. საქართველოში პარტიაში გაწევრიანება მოქალაქეების მხრიდან არაერთგვაროვნად აღიქმება. ზოგი თვლის, რომ პარტიაში შესული ადამიანი მატერიალურ გამორჩენას მოელის; ძალიან ცოტა თუ მიიჩნევს პარტიაში შესულ ადამიანს იდეოლოგიურად მოტივირებულად. ეს ალბათ დაბალი პოლიტიკური კულტურის ბრალია. განვითარების ისეთ ეტაპზე მყოფი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, ხშირად მატერიალური კეთილდღეობა იდეებზე, იდეოლოგიაზე, მიზნებზე და ღირებულებებზე მაღლა დგას. რა განაპირობებს საზოგადოების ასეთ დამოკიდებულებას და ხომ არ უწყობენ პარტიები ამ პროცესს ხელს?

დასავლეთ ევროპის განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც პარტიის წევრობისთვის მრავალი პირობა უნდა დააკმაყოფილოს მოქალაქემ, საქართველოში პარტიები თითქმის არანაირ ბარიერს არ აწესებენ. საკმარისია პირადი კავშირები, ლიდერებთან დაახლოება და საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა. ქართული პარტიების უმეტესობას წევრების საკითხის მიმართ განსხვავებული ხედვა აქვს. გაწევრიანების პროცედურის საჩვენებლად მოვიშველიებ ნაციონალური მოძრაობის მაგალითს, სადაც ყველა წევრობის მსურველ მოქალაქეს, რომელიც აცხადებს, რომ პარტიის ხედვებს იზიარებს, შეუძლია პარტიის წევრი გახდეს. ამისთვის წევრობის მუსრველებმა პარტიის ადგილობრივ ოფისში წევრობის განაცხადი უნდა შეიტანონ, ასევე პარტიის უკვე არსებული რამდენიმე წევრისგან რეკომენდაცია წარადგინონ. გარდა ამისა მსურველებმა გასაუბრებაზე უნდა დაასაბუთონ თავისი მიზნების და ზრახვების დადებითი სარგებელი პარტიისთვის. როგორც წესი გასაუბრება და რეკომენდაციის წერილი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. უნდა ავღნიშნოთ ისიც რომ წარმოდგენილი პარტიების ნაწილმა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო პარტიაში წევრების მიღების წესის გამკაცრება. ამ ტენდენციას ისინი წევრების მასობრივი გადინებით ხსნიან, ამიტომ ახალი წევრებისგან ისინი ითხოვენ მეტ მხარდაჭერას და ერთგულებას.

საქართველოში არსებული პარტიების საარჩევნო სიებს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ სიის ბოლო წევრებად ხშირად არიან წარმოდგენილნი ქალები. ბოლო ადგილებს იკავებენ ის კანდიდატები, რომლებიც თავიდანვე განწირულები არიან პარლამენტს გარეთ დარჩენისთვის. როგორ ლაგდება პარტიის საარჩევნო სია? ვინ ინაცვლებს ბოლოში? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ადვილია, თუ დავაკვირდებით, რომ პარტიის ბოლო ნომრებად ხშირად პროფესიით „დიასახლისი“ ქალბატონები არიან შეყვანილი. ეს შეიძლება დაფინანსების მიღების მოტივით ავხსნათ, ან სიის უბრალოდ შევსების სურვილით. პარტიის იდეოლოგია ხშირად განაპირობებს ამ პარტიაში გაწევრიანებული მოქალაქეების ასაკს. მაგალითად, პოლიტიკურ სუბიექტ გირჩს ძალიან ბევრი ახალგაზრდა მხარდამჭერი და წევრი ყავს. ეს უმეტესწილად განპირობებულია გირჩის პოლიტიკური პროგრამით და იდეებით. როგორც ჩანს, მათი იდეები ახალგაზრდებისთვის მეტადაა მისაღები.

პარტიაში გასაწევრიანებლად მსოფლიოში არსებული პრაქტიკიდან შეგვიძლია დავასახელოთ შემდეგი სახის წინაპირობები: წერილობითი დასტური პარტიის მიმხრობის შესახებ, ყოველთვიური საწევროს შეტანა, პარტიის გაზეთის გამოწერა, ოჯახის წევრების ამ პარტიის მომხრეობის დადასტურება და სხვა. ხშირია ახალგაზრდების შესვლა პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციებში, საიდანაც ისინი მომავალი პარტიული კარიერისკენ გზას იკაფავენ. საქართველოში პარტიები მომავალ წევრებს თითქმის არასდროს უწესებენ ბარიერს. ჩვენ არ გვაქვს იდეოლოგიური შეზღუდვა, არ გვაქვს მრავალი პარტიის გამოცვლის შეზღუდვა. პირიქით, გვაქვს მაგალითები იმისა, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდანმოყოლებული 2016 წლის არჩევნების ჩათვლით, ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი ყველა მმართველ ძალაში იყო გაწევრიანებული. მიუხედავად ამისა, ქართველი ამომრჩევლები ხშირად „პატიობენ“ ასეთ საქციელს და პარტიასთან ლოიალურობის მიზეზით მსგავს კანდიდატებს ირჩევენ მმართველ პოზიციებზე.

პარტიის ლიდერების წასვლა ხშირად პარტიის დაშლას იწვევს, ხშირად კი ხმების დაკარგვას. ამის მაგალითია ნაციონალური მოძრაობის დაშლა. რის შემდეგაც რამდენიმე ახალი პოლიტიკური სუბიექტი გაჩნდა ქართულ რეალობაში. ნაციონალური მოძრაობის და მისი დაშლით შექმნილი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამური რაოდენობა დაახლოებით იმდენი იყო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნებზე, რამდენიც 2016 წელის საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული ხმები. ამ მაგალითიდან ჩანს, რომ ხშირად საზოგადოება პარტიაში მის ლიდერს უჭერს მხარს და არა იდეოლოგიას. არსებობს შემთხვევები, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი პარტიის იდეოლოგიას მხარს უჭერდეს, მაგრამ მისი წევრების გამო სხვა არჩევანს აკეთებდეს ან საერთოდ არჩევნების მიმართ იმედგაცურების გამო მონაწილეობაზე თქვას უარი. ამ ფაქტიდან ასევე ჩანს რომ ქართულ პარტიებს უჭირთ ახალი „ღირსეული“ კანდიდატების მოძებნა და ხმების შენარჩუნება.

დასკვნისთვის, ქართული პარტიების მარტივი ანალიზით ვხედავთ, რომ პარტიაში გაწევრიანებული ადამიანების მიმართ საზოგადოებას სხვადასხვანაირი და ხშირად არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება აქვს. ასევე გვაქვს შემთხვევები მრავალი პარტიის გამოცვლის და პარტიების პირობების არარსებობის მასში გასაწევრიანებლად. აქედან გამომდინარე პარტიის წევრები სრულიად არაკომპეტენტური ადამიანები ხდებიან და მათ სიის ბოლოში „გადაისვრიან“ ხოლმე. ასევე ჩვენ ვხედავთ რამდენად რთულია პარტიებისთვის ძირეული ცვლილებებისას ტრანსფორმაცია და ასე ვთქვათ მოქმედებაში დარჩენა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG