Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მგზავრი შუშის გემზე


ავტორი: სალომე გაბლიანი

მზესთან ალერსით შეღონებული ზღვა საღამოს მძიმედ სუნთქავდა. ისეთი ფერი იყო, მე რომ სიზმრის ფერს ვეძახი. კოჭებთან ქაფი მელაციცებოდა და თვალები მივნაბე ზღვის უსასრულობაში ჩაძირულმა. ხმაურმა გამომაფხიზლა: შუშის წკარუნი გავიგონე. ჩემს ფეხებთან, ქვებზე, ტალღებს შუშის ბოთლი შეეჩერებინა, თითქოს გემი შემჯდარიყოს რიფზე. ბოთლში ფურცელი დავლანდე. მჭიდროდ თავდაცული ‘’ამანათი’’ გავხსენი და ფურცელი უყოყმანოდ გამოვიღე. ნაწყვეტი იყო დღიურიდან: ალაგ–ალაგ სველი და გადღაბნილი.

ზაფხულის მშვიდი სიო მირევდა თმას. თან მოჰქონდა გამოცანით სავსე დღეები. კითხვა დავიწყე.

‘’–ნახე, რა ლამაზია, ვარდისფერი.

–არა. ვარდისფერი არ არის. თეთრია და ვარდისფერი ღაწვები აქვს.’’

23 ოქტომბერი

უკვე 1 კვირაზე მეტი იყო გასული, რაც ლილიაზე არაფერი გამეგო. ვიცოდი, რომ ვაწყენინე. ისიც ვიცოდი, ჩემს ზარს ელოდება.მხოლოდ ისარ ვიცი, რისთვის ვაჭიანურებდი ამდენს. ლილია მიცდიდა, მე კი მიყვარდა ის. მაშ, რისთვის ვყოყმანობდი ამდენს?! ალბათ საკუთარი პატივმოყვარეობა და უპირატესობის გრძნობა კმაყოფილებას მანიჭებდა.

25 ოქტომბერი

ამ საღამოს პატივმოყვარებოით გამოწვეულმა კმაყოფილებამ გადამიარა და ყურმილი ავიღე. ნომერი გამორთული იყო... ალბათ ფეისბუქზეა –მეთქი შესული, მეორე ნომერზე დაკავშირება ვცადე. არც ამჯერად მიმიღია პასუხი... ის მოიწვდომელი იყო. გამბედაობის უკანასკნელი ფთილებიც გავფანტე. ახლა კიდევ როდის გავაკეთებდი ამას, წარმოდგენა არ მქონდა.

27 ოქტომბერი.

დღეები სავსეა.. სიცარიელით. ჩვენ, ადამიანები, ხშირად ვემგსგავსებით ჩალით გამოტენილ თოჯინებს, რომლებიც მექანიკურად ხუჭავენ და ახელენ თვალებს, სხვისი დახმარებით წევენ ხელებს და გულზე ხელის დაჭერით ტირიან...

ლილია მენატრებოდა. ეს ცხადი იყო. მოტივაციას ვეძებდი ყველგან: წიგნებში, ფილმებში, ვიდეოებში, ფეისბუქზე, სხვა ადამიანებში... მათ შორის, გოგონებშიც... ავტობუსში, ქუჩაში, კაფეში, პიცერიაში, ბარში, სახლში, გულში და გონებაში. ამ ძებნასა და დავიდარაბაში რამდენ იმედგაცრუებას ვაწყდებოდი... როგორც ტივს აზვირთებული ნაპირები, ისე ვეხეთქებოდი აქეთ–იქით.

28 ოქტომბერი

ისევ ვრეკავ. კვლავ გამორთული აქვს.

...და მაშინ მივხვდი, რომ რაღაც დაიწყო. რაღაც ახალი და საშინლად თავზარდამცემი. ფეისბუქზე მისი გაზიარებული პოსტები დავათვალიერე. დაახლოებით 2 კვირის მანძილზე ახალი არაფერი იყო. მისი ფოტო – ქოხი ტყეში, უკვე ნანახი მქონდა.

ლილიას დაქალს მივწერე, ფლორს. ვხედავდი, როგორ დაეწერა სასაუბროში seen… პასუხს არ გამცა.

ლილიას ყველა ახლო მეგობარს სათითაოდ მივწერე. არავინ არაფერი იცოდა. ბენმა მითხრა: ‘’2 კვირაა, არავის უნახავს, უნივერსიტეტში არ დადის. ჩვენ საერთო პროექტი გვქონდა. ის ძალიან მოტივირებული იყო. ერთ დღესაც გააცდინა. მერე –მეორე დღეს და ასე მიყვა. ჩვენც ვდარდობთ მასზე. ლილია არაჩვეულებრივი გოგოა. ‘’

ის აორთქლდა. არავინ, არც ერთმა ადამიანმა არ იცოდა, სად გაქრა ლილია. როგორც ღრუბლის ნამცეცი, თეთრი და ძვირფასი. ლილია.

29 ოქტომბერი.

საღამოს 9 საათი. ლილიას სახლთან ვდგავარ, იმ იმედით, რომ მისი ოჯახის რომელიმე წევრი შემხვდება. ბოლთას ვცემ. ეს ჩემთვის უცხოა. ერთ მომენტში წასვლა დავაპირე. მე ხომ მე–9 კლასელი რომანტიკოსი არ ვარ. ნაბიჯიც გადავდი. ისევ გავჩერდი. ‘’ლილიას ამბის გაგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – თავმოყვარეობა!!!’’,– ვაჯახე საკუთარ ნერვებს და ღრმად ჩავისუნთქე.

მეზობელი ეზოსკენ მიმავალი გოგონა შევაჩერე. ვკითხე, ლილიას ოჯახის შესახებ თუ იცოდა რამე. მიპასუხა, რომ დელაკურები 1 კვირის წინ ამ ბინიდან გადავიდნენ. თუსად, წარმოდგენა არ ჰქონდა.

16 ნოემბერი.

მე მივხვდი, რომ სამყარო არც ისეთი სანდო ადგილია საცხოვრებლად, მაგრამ ადამიანებისთვის ესეც ზედმეტია. ჩვენი ცხოვრება სავსეა აღმასვლით და დაცემით. და ხანდახან სულაც აღარ გსურს ადგომა, იმიტომ, რომ რაც უფრო ფართხალებ, მით უფრო გითრევს მორევი და მიგაქანებს უსასრულო ფსკერისკენ. ზოგჯერ უმისამართო ლივლივი ჯობს, როცა გრძნობ, როგორ არწევს შენს სხეულს ზვირთები. ხელებგაშლილი იძირები და თავიდან იტვირთები, რომ გადარჩე. მთავარია, გადარჩე, იცოცხლო. იმიტომ,რომ ყველაფერს აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ სუნთქვის პატარა ნაპერწკალი ოდნავ მაინც ბჟუტავს.

23 ნოემბერი

უქმე დღეა. ქალაქი სადღაც მიმალულა. ყველა გიორგობის დღესასწაულის გამართლებით ჟინმორეულ ბახუსს ართობს. ყველაზე გადატვირთული ახლა რესტორნებია. ბარათაშვილის ხიდს გამოვცდი, ღია მუზეუმი გადავჭერი და ლესელიძეს დავყევი ფეხით. ყველაზე ნაკლები ხალხი ახლა სიონში მეგულებოდა. ბევრი არც მიფიქრია. მივსეირნობდი. გონებაში უკვე სიონის ეზოს წყალს ვსვამდი, მისი გუმბათის ფრესკები მაოცებდა.. ყირმიზა ანგელოზები. გულზე მუშტის დადება..– ეს მარტო მე ვიცოდიდა ცოტა ლილიამაც.

დიდი წრე დავარტყი. ქარვასლასთან ჩამოვიარე. ‘’რა უნდა იყოს ერთ წვეთ სითბოზე მეტი გასაცემი ჩემგან შენთვის...’’– ვატრიალებდი თავში რომელიღაც მწერლის ამ ფრაზას. ტაძრის გზაგასაყართან მოწყალება მთხოვეს. ლილიას თვალები დამიდგა წინ: უღონობის დროს რომ სულ გაქცევას ცდილობდნენ. ხურდა არ მქონდა. მქონდა შოკოლადი. ..

ტაძრიდან რომ გამოვედი, გაწვიმებულიყო. შუქნიშნის ფერებად იღვრებოდა ქალაქი. აკვარელის ნახატივით ლივლივებდა. ხიდებსა და აივნებზე მუქი ლურჯი ჩრდილები წვებოდა. ეზოს გარეთ რამდენიმე ძაღლს მოეყარა თავი და ვიღაცის ალერსს უგდებდნენ ყურს. ამ ნაცნობმა ხმამ ყველა საყვარელი მელოდია დაჩრდილა. სილუეტს დავაკვირდი...

.................................................

წარმოდგენა არ მაქვს, როგორ აღმოჩნდა დღიურის ნაწილი ბოთლში, ბოთლი კი – ბათუმის სანაპიროზე.არც ის ვიცი, წერილმა მე რატომ ამირჩია.

ინტერესი მკლავდა, სიუჟეტის გაგრძელების ინტერესი. მაგრამ რამე რომ მიმეღო, ჯერ მე უნდა გამეცა.

მეორე საღამოს უკვე ჩემი ‘’გემი’’ მიტორტმანებდა ტალღების ქიმებზე. გემბანზე მხოლოდ ერთი მგზავრი იყო– ჩემი ბარათი : ‘’24 ივლისი, 2015 წელი. გამარჯობა. მე ვარ...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG