Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნივერსიტეტული ეკლეკტიკა


ავტორი: სოფია პეტრიაშვილი

ეკლეკტიკა მიყვარს. მზოლოდ დიზაინში ან არქიტექტურაში __ არა, ზოგადად __ ცხოვრებაში. ასე უფრო საინტერესოა, უფრო მიმზიდველია, ნაკლებად მოსაწყენია.... ყველაფერი, ან თითქმის ყველაფერი. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ საუნივერსიტეტო ეკლეკტიკა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახრდა, განსაკუთრებული ფენომენია.

შაბათ დილის 9 საათი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსის (ადრე სამხედროების კორპუსს ვეძახდით ჩემი სტუდენტობის პერიოდში) მესამე თუ მეოთხე სართული, (დღემდე ვერ ვიგებ, როგორ ან საიდან აითვლება სართულები და აუდიტორიები მესამე და მეოთხე კორპუსებში ) 311 აუდიტორია. კედლებს იმხელა ბზარები აქვს, თავი ‘’ცისფერ მთებში’’ მგონია; იატაკი იმდენად შავია სიბინძურისგან, რომ მის დაგვას ან გაწმენდას აზრი არ აქვს, ალაბთ სწორედ ამიტომაც აღარ იგვება (ყოველ შემთხვევაში შაბათობით სულ დანაგვიანებულია). პარკეტი ზოგან ამოყრილია და ჩანს მოკაკულ-მოღრეცილი ლურსმნები. ეტყობა, ბევრჯერ სცადეს იგივე ლურსმნებით ამოყრილი პარკეტის დამაგრება, ურახუნეს ჩაქუჩი და მერე მიანებეს გულაცრუებულებმა თავი. რამდენჯერმე იმის შიშით, რომ ამ ლურსმნებით არავინ (ჩემი ჩათვლით) დაზიანებულიყო, ამოგდებული პარკეტი ფეხით კუთხეში მივაჩოჩე. ჩემდა გასაოცრად, შემდეგ ლექციაზე თავის ადგილას ჩაბრუნებული დამხვდა უკველბრივ ყველა. როგორც ჩანს, რაღაც დისონანსი შემოვიტანე ამ ერთგვარ ეკლეკტურ წესრიგში ან კიდევ ვერ გავიაზრე, რომ აუდიტორიაში ცარიელ ორმოს ისევ ლურსმნებგადმოყრილი და მოლაყლაყე პარკეტი ჯობია. მერე რა, რომ ჩემი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით (ძალიან მიყვარს ქუსლები!) გავლა-გამოვლისას იატაკი ამოძრავდება ხოლმე. მთავარია, რომ პარკეტი ფორმალურად თავის ორმოშია. მე კი შელაყლაყებული ხშირად იმას ვფიქრობ, რა სასაცილო ვიქნები ამხელა ქალი, 18-20 წლის სტუდენტების წინაშე რომ გავიშოტო ერთ მშვენიერ დღეს. ალბათ მეც და სტუდენტებიც ბევრს ვიცინებთ და ვინმე წამოდგომაშიც შემეშველება. ცხადია, ეს ვერ გახდება ცივი ომის, კუბის სარაკეტო კრიზისის ან კიდევ ერთა ლიგის კრიზისების დონის მოვლენა (მადლობა ღმერთს), თუმცა, იატაკზე გაშხლართული სოფო პეტრიაშვილი სტუდენტებს მოსაგონრად დიდხანს გაყვებათ.

ხო, ეკლეკტიკაზე მოგახსენებდით. ამოყრილ იატაკს აუდიტორიაში არაჩვეულებრივად ავსებს კედელზე საბჭოთა პერიოდის შუქის ასანთები, რომელიც ჟამთა სვლამ საოცრად გააყვითლა. მგონი, გადაღებილიც იყო ადრე და მერე გადაუვიდა ფერი, აიქერცლა საღებავი. მისი სიყვითლე საინტერესოდ ერწყმის დენში შესაერთებლის (‘’შტეფცელის“) სითეთრეს. ის თანამედროვეა, ლეპტოპებისა და პროექტორების კაბელებს მორგებული. მას ჯერ დრომ ვერაფერი დააკლო, რადგან ძველი დენის გაყვანილობებს გარედან დააკავშირეს მხოლოდ. მართალია, ლეპტოპის კაბელის შეერთების დროს ცოტა უცნაურ ხმებს გამოსცემს (ჩუმად ბზუის), მაგრამ ამასაც უცებ ეჩვევი და მერე აღარც კი გესმის ეს ხმა. ან კი როგორ გაიგებ, როცა 60 სტუდენტის ვიბრაციით ივსება ოთახი და იწყება გონივრულ აზრთა ჭიდილი. ვისღა ახსოვს ამ დროს ბინძური იატაკი, სინათლის ყვითელი ჩამრთველი თუ მოლაყლაყე პარკეტი. 18-20 წლის გოგო ბიჭები ისე საინტერესოდ განიხილავენ საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებს, აფასებენ ლიდერებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების როლს, რომ იმედით ივსები, ღირსეული მომავლის იმედით. თუმცა, ამ იდილიას უცებ არღვევს ფრაზა: ‘’აუ, ჩავიხუთეთ.’’ და შენც უცებ რეალობას უბრუნდები, ეკლეკტურ საუნივერსიტეტო რეალობას, სადაც აუდიტორიაში, რომელიც 60 სტუდენტს (ზოგჯერ მეტსაც) იტევს, გაგანია ივნისში ჰაერის მოძრაობის და ‘’გაგრილების’’ ერთადერთი მამაპაპური გზა არსებობს __ ორპირი (ესეც იმ შემთხვევაში, თუ გაგიმართლა და გარეთ ნიავია). თანამედროვე ჟალუზებს ამოფარებული თანამედროვე მეტალოპლასტმასის ფანჯრები უცხოპლანეტელებივით გამოიყურებიან ამ დროში გაცვეთილ აუდიტორიაში, სადაც მხოლოდ გამოცვლილი თეთრი ‘’შტეფცელია’’ მათთან ერთგვარ ჰარმონიაში (ის ხომ ჯერ კიდევ თეთრია და თან ამ საუკუნეშია წარმოებული). თუმცა, ამ რეალობას ალღოაღებულები (სიტყვა შეჩვეულებს მიზანმიმართულად არ ვიყენებ) უცებ ვაღებთ კარს, მასთან სკამის მიდგმა, ხოლო ფანჯრების ქვეშ რამდენჯერმე გადაკეცილი ფურცლის ამოდებაც არ გვავიწყდება და დისკუსიაც გრძელდება.

ასეთ აუდიტორიაში განსაკუთრებული ხიბლი აქვს სტუდენტების პრეზენტაციებს. აქ ახალგაზრდები ხშირად ყოველგვარი ტექნოლოგიებისა და შესაბამისი პროგრამების გარეშე (ჩვენთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ერთი პროექტორია, რომელიც წინასწარ უნდა დაიჯავშნოს და მეოთხე კორპუსიდან მესამეში ხელით უნდა მოიტანოს აუცილებლად ლექტორმა, სტუდენტებს არ ენდობიან L), შიშველი სიტყვის ძალით ახერხებენ მსმენელის მონუსხვასა და დაინტერესებას. ვინ __ მეტად, ვინ __ ნაკლებად, მაგრამ ახერხებენ. ვერ გეტყვით, რამდენად ეხმარებათ მათ ბინძური იარაკი, ჩახუთული ოთახი, გაბზარული კედლები და თეთრი მეტალოპლასტმასის ფანჯრები იმაში, რომ მთელი აქცენტი იმაზე გააკეთონ, თუ რას იტყვიან და არა იმაზე, თუ რომელი ტექნოლოგიის გამოყენებით იტყვიან თავიანთ სათქმელს. ალბათ უფრო პირიქით. თუმცა, ეს ნიჭიერი ახალგაზრდები ენთუზიაზმს მაინც არ კარგავენ. საოცარი მონდომებით ცდილობენ, არ დანებდნენ ამ საუნივერსიტეტო თუ ცხოვრებისეულ ეკლეკტიკას და ეს კარგად გამოსდით. მეტიც, ამაზე ხუმრობასაც ახერხებენ, გულწრფელად ხალისობენ ...

და ესეც ერთგვარი ეკლეკტიკაა, როდესაც ისმენ ჯანსაღ აზრს, კონსტრუქტიულ კრიტიკას, მყარ და განსხვავებულ არგუმენტებს მომავალი, ნიჭიერი თაობისგან და ეს ყველაფერი ხდება აუდიტორიაში, სადაც მე და ჩემს წინამორბედებს საბჭოთა პერიოდის სამხედროები ჰაერწინაღის გამოყენებას გვასწავლიდნენ, მე ჩემს სტუდენტებს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიულ საკითხებზე მეტად თავისუფლად, ჩარჩოებს მიღმა აზროვნებას ვასწავლი (ყოველ შემთხვევაში ძალიან ვცდილობ), ხოლო თეთრი მეტალოპლასტმასის ფანჯრები დროში გაცვეთილ ფერთა გამას ცდილობენ მოერგონ მოლაყლაყე იატაკის ფონზე.

პ.ს. იმედი მაქვს მოლაყლაყე იატაკს კვლავაც გადავურჩები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG