Accessibility links

ეკატერინე ციმაკურიძე - იურისტი


კვირა, 25 თებერვალი

ორშაბათი დატვირთული დღე იქნება. ამის შესახებ პარასკევს საღამოს იუსტიციის საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებული სხდომის დღის წესრიგი გვატყობინებს.

ორშაბათს განსახილველი საკითხებისთვის მოსამზადებლად მხოლოდ ორი და ისიც არასამუშაო დღე რჩება. არადა, საბჭო კანონს რომ იცავდეს, სულ ცოტა 7 დღით ადრე შეგვატყობინებდა, რომ შვიდი დღის შემდეგ, ორშაბათს, საბჭო ფრიად მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.

ასე გვაიძულებს სისტემა მუდამ სადღაც მივიჩქაროდეთ, ვერ მოვასწროთ, შევეშვათ.

ძალების მოსაკრებად თოვლიან მთას მივაშურე, ლეპტოპით ხელში. ასე გარემოს მაინც გამოვიცვლი, თვალს მომჭრიან მშობლიური ქათქათა ქედები და საქმესაც გავაკეთებ. ახლა დასვენების კულტურასა თუ უკულტურობაზე არ ვფიქრობ, უფრო ის მაწუხებს, რომ სანამ ასე ვმუშაობთ, მეცოდინება - ჯერ დემოკრატია არ გვაქვს.

დემოკრატია ხომ პროცესია, დროში გაწელილი, იმისთვის რომ საკითხებზე მსჯელობა, ყველა განსხვავებული აზრის მოსმენა და დაინტერესებული პირის ჩართვა მოხერხდეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას.

ორშაბათი, 26 თებერვალი

დილის 9 საათიდან საიაში ვიკრიბებით სისხლის სამართლის საქმეზე სამსჯელოდ. 11 საათზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე წასვლამდე რამდენიმე რამ უნდა მოვასწრო.

დღეს საბჭო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარეს დანიშნავს. დილიდან განცხადება გავავრცელეთ. სასამართლოებში თავმჯდომარეების დანიშვნის პროცესი, წლებია, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

სპექტაკლზე მისულივით ვარ. ასე მგონია, სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს წევრები ადგებიან, ერთმანეთს ხელებს ჩასჭიდებენ და მადლობის ნიშნად მაყურებელს თავს დაუკრავენ.

ერთი წამით საკუთარი თავი წარმოვიდგინე, ტაშს როგორ ვუკრავ ამ დიდებულ წარმოდგენას, მერე კი ვამბობ: იცით, ყველაზე მეტად რომელი სცენა მომეწონა? გასაუბრებისას საბჭოს არამოსამართლე წევრი ირმა გელაშვილი რომ ეკითხება თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატს, ასევე საბჭოს წევრს, ლევან თევზაძეს:

ბატონო ლევან, როგორ აპირებთ საბჭოს წევრობა და პალატის თავმჯდომარეობა ერთმანეთს შეუთავსოთ?

ბატონი ლევანი უპასუხებს:

თუ მე გავხდები თავმჯდომარე, მზად ვარ გადავდგე საბჭოს წევრის თანამდებობიდან.

ირმამ კი არ იცის, რომ თავმჯდომარეების კვოტა საბჭოში უკვე შევსებულია და ლევან თევზაძის გადადგომა მისი კეთილი ნება კი არ არის, არამედ თანამდებობრივი შეუთავსებლობაა. თავის მხრივ, ლევან თევზაძეც არჩევს ამაზე არ გაამახვილოს ყურადღება.

ისიც თამაშია, პალატის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებაზე თერთმეტმა მოსამართლემ წინასწარ წერილობითი უარი რომ განაცხადა; ისიც, დანარჩენი ორი კანდიდატიდან ორივე ერთი თვის დანიშნული რომ არის მოსამართლედ და არ აქვთ საკმარისი გამოცდილება თავმჯდომარეობისთვის; ისიც თამაშია, სერგო მეთოფიშვილი ასე ოსტატურად, მაყურებლის გასაგონად, ორი კანდიდატის გამოუცდელობის დემონსტრირებას რომ ახდენს, ვაითუ ამას მაყურებელი თავად ვერ მიხვდესო. ასე აღმოჩნდა ლევან თევზაძე უალტერნატივო და „ყველაზე შესაფერისი“ თავმჯდომარეობის კანდიდატი.

აქ ყველაფერი მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება გაცილებით უფრო ადრე და სადღაც სხვაგან მიიღეს.

მოსამართლე ლევან თევზაძე, ალბათ მაშინაც ასე თამაშობს, როცა ადამიანის ბედს წყვეტს.

სულხან მოლაშვილის მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე გამახსენდა, რამდენიმე დღის წინ უვადოდ რომ დანიშნა ამავე საბჭომ. სულხან მოლაშვილს, რომელიც მოსამართლის წინაშე აშკარად ნაწამები იდგა, ალბათ მოსამართლემ თვალი აარიდა, გაითამაშა, თითქოს ვერ ხედავდა მის იარებს. მოსამართლემ არ დაიცვა ერთი ადამიანი ძლევამოსილი სახელმწიფოს რეპრესიისგან. სულხან მოლაშვილს არ ჰქონდა მოსამართლის იმედი, ალბათ თავიდანვე არ ენდობოდა მას.

ამაზე ერთი ძალიან ცნობილი ავტორის ძალიან ცნობილი სიტყვები მახსენდება: მოსამართლეს არ ჰყავს ჯარი, ის არ განაგებს ხაზინას. საზოგადოების ნდობა ერთადერთია, რაც მოსამართლეს გააჩნია.

ჩვენი ნდობა მოსამართლის მიმართ არის ერთადერთი, რასაც ვერ მოგვაჩვენებენ, ვერ გაითამაშებენ.

თუ არ ენდობით მოსამართლეს, თუ არ გაქვთ მისი სამართლიანობის და ჰუმანურობის იმედი, ეს ნიშნავს, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. პირიქით არასოდეს ხდება. არ არსებობს სასამართლო, რომელსაც აქვს დამოუკიდებლობა, მაგრამ არ აქვს ნდობა.

სამშაბათი, 27 თებერვალი

ამ კვირაში კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ იწყებს საჯარო კამპანიას. კამპანიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლაა. დღეს, სხვა საქმეებთან ერთად, კამპანიისთვის მზადებაში ვარ ჩართული.

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, უკვე დიდი ხანია, ამ მდგომარეობას თავისი სახელი დავარქვით: სასამართლოს მართავს კლანი, ქვეყანას - არაფორმალური მმართველი.

პირველად მაშინ გავოცდი, როცა წლების წინ, ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობისას, აღმოვაჩინე, რომ თუ მინდოდა უწყებას მნიშვნელოვან საკითხზე მიეღო გადაწყვეტილება, არა ხელმძღვანელისთვის, არამედ მისი ერთ-ერთი ქვეშევრდომისთვის უნდა მიმემართა. ასეთი შემდეგ კიდევ რამდენიმე სხვა სამსახურში განმეორდა.

ასე აღმოვაჩინე, რომ არაფორმალური მმართველობა იყო და არის ყველგან, ყველა უწყებასა თუ ინსტიტუციაში, მიუხედავად იმისა, სახელმწიფოა ის თუ არა. თამაში კი საქვეყნო, საყოველთაო მასშტაბს იძენს.

არაფორმალური მმართველობის პრობლემა უფრო ყოვლისმომცველია და სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლა არის უფრო დიდი მოვლენის ერთი ნაწილის წინააღმდეგ გალაშქრება. ამიტომ არის ეს ბრძოლა ხანგრძლივიც და რთულიც.

რატომ არის ეს პრობლემა? არაფორმალური მმართველობა ყოველთვის ერთი ადამიანის ნებაზე დაიყვანება და რა დონეზეც არ უნდა დასჭირდეს მოქალაქეს სახელმწიფო სერვისი თუ დახმარება, ის ყველა დონეზე ერთსა და იმავე პასუხს მიიღებს. ფუნქციების დანაწილებისა და კონტროლის მექანიზმები არ მუშაობს.

ოთხშაბათი, 28 თებერვალი

დილით ადრე ვდგებით. ბესო მეკითხება, ვაპირებ თუ არა საუზმობას. თუ კი, საუზმის მომზადებისას მეც გამითვალისწინებს.

ჩვენთან არ არსებობს წინასწარ დადგენილი როლები. ხშირად დავფიქრებულვარ, რა იქნებოდა ოჯახში ქალისა და კაცის როლების ტრადიციული განაწილება რომ გვქონდეს. ყოველდღიური ყოფითი გამოწვევები მარწმუნებს, რომ ვერაფერს მოვახერხებდი, პროგრესისთვის ბრძოლაზე საუბარიც ზედმეტია.

სახლში ვიცით, რომ, რაღაც არარსებული კანონების ძალით, დილით საუზმის მომზადება მხოლოდ ჩემი მოვალეობა არ არის, საუზმის შემდეგ თეფშების ალაგების ფუნქცია ექსკლუზიურად მე არ მეკუთვნის, არსად წერია, რომ ქმრის ტანსაცმელი დილაობით კარადიდან მე უნდა გადმოვიღო და ხელში მივაწოდო, გუშინ საღამოს რომ მისი ფეხსაცმლის გაწმენდა ვერ მოვასწარი, ესეც დღეს დილით უნდა გავაკეთო; არც ის წერია სადმე, რომ ბავშვი სკოლაში წასასვლელად მხოლოდ ცოლმა შეიძლება მოამზადოს.

ცოტნესთან ურთიერთობის ათწლიანმა გამოცდილებამ მასწავლა: ბავშვი არასოდეს არის პატარა საიმისოდ, რომ ისწავლოს, მთავარია ინფორმაცია მისთვის გასაგებ ენაზე მივაწოდოთ. არ შეიძლება ბავშვი იზრდებოდეს გარემოში, სადაც მას მუდმივად ქალი ემსახურება, რომ სახლში არის სამუშაო, რომელიც მხოლოდ ქალმა უნდა გააკეთოს, რომ ის ჯერ პატარაა და თვითონ ვერ იზამს და ა.შ. სწორედ ასეთი მიდგომების გამო, ქალი ბავშვის წარმოსახვაში ყალიბდება კაცის ან, ზოგადად, ოჯახის მოსამსახურედ და მომვლელად და არა მამაკაცის თანაბარ ოჯახის წევრად.

გამიმართლა, რომ ამ ბრძოლებით სავსე სამყაროში ჩემსა და ბესოს შორის არსებობს უსიტყვო თანხმობა, რომ საქმეს არ აქვს სქესი, რომ ოჯახში არავინ არის მოსამსახურე, რომ ოჯახში ყველას აქვს თანაბარი უფლება განვითარდეს. ჩემს მიკრო სამყაროში ასეთი წესები მოქმედებს. მაგრამ გარშემო უამრავი ქალი ვერ იღებს განათლებას, არ აქვს თავისუფალი არჩევანი, განიცდის ძალადობას, არ არის კაცის მსგავსად თავისუფალი.

სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ამგვარი სტერეოტიპებისაგან არც მოსამართლეები არიან თავისუფალი. შედეგად, სასამართლოში მაღალ პოზიციებს, ფაქტობრივად, მხოლოდ კაცი მოსამართლეები იკავებენ.

ხუთშაბათი, 1 მარტი

დღეს კამპანიის საჯარო პრეზენტაცია გვაქვს.

არასამთავრობო სექტორში ჩემი რამდენიმეწლიანი მუშაობა წყალში ჩახტომას ჰგავს: მთელი სიმძიმით ვეშვები ფსკერზე, მაგრამ ვიცი, რომ წყალი აუცილებლად ამომიყვანს მაღლა.

დავრწმუნდი, რომ თავისუფლებისა და პროგრესისთვის იმაზე ნაკლები ადამიანი იბრძვის ამ ქვეყანაში, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

მაგრამ ვიცი, რომ ესეც აუცილებლად გასავლელი ეტაპია და არასამთავრობო სექტორშიც იქნება ცვლილებები.

ბოლოს და ბოლოს, გამოეთიშო საყოველთაო თამაშს, ისეთივე რთული ამოცანაა, როგორც თავი დააღწიო სტერეოტიპებს, ბავშვობიდან რომ გინერგავდნენ.

ჯერჯერობით ამ მხრივ საუკეთესო მაგალითად საია მესახება. მას არ ჰყავს „მუდმივი“ თავმჯდომარე. ეს ორგანიზაცია, მიუხედავად გამოწვევებისა, თავისი მრავალწლიანი არსებობით, რთულად, მაგრამ ამტკიცებს, რომ დემოკრატიული მართვა არ არის ილუზია.

პარასკევი, 2 მარტი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე ირაკლი შავაძეს მოუსმენენ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სასამართლოში კლანური მმართველობის მამხილებელი განცხადებები საჯაროდ გააკეთა.

აქამდე გარეშე დამკვირვებლის თვალით დანახულ კლანურ მმართველობაზე ვსაუბრობდით, დღეს ამაზე თავად მოსამართლეები მიუთითებენ.

ეს დიდი გარდატეხაა!

საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის ანგარიშის გამოქვეყნების დრო მოდის და ისევ გვიან დავასრულებ მუშაობას.

ჩემი მეგობრის ფილმის ჩვენებაზე ვერ წავედი. რამდენჯერაც უნდა ვნახო „მე გადავცურე ენგური“, ყოველ ჯერზე ხელახლა განმაცდევინებს სახლში დაბრუნების აღფრთოვანებას. აფხაზეთი ბავშვობასავით შორი და უნაკლოა. სწორედ იქიდან გაჩნდნენ ჩემს მეხსიერებაში დედა და მამა, როგორც ჩემი ყველაზე დიდი წამქეზებლები სამართლიანობისთვის ბრძოლაში.

შაბათი, 3 მარტი

დღეს ალექსანდრე ჩამოვა სოფლიდან. ეს ერთი კვირა ბებოსა და პაპასთან გაატარა. ალექსანდრე ჯერ სამი წლისაც არ არის. ჩვენი გვიან საღამოს შეხვედრები წესად იქცა.

იშვიათად მეძლევა შესაძლებლობა შაბათ-კვირა მთლიანად შვილებს დავუთმო. ეს დრო ან დაკარგულია, ან, პირიქით, როგორც ჩემს, ისე სხვის შვილებს თანაბრად წაადგება.

იქამდე კი გონებაში ვცდილობ გამოვთვალო, რამდენი წლის იქნება ალექსანდრე, როცა ის მოსამართლეები ამოწურავენ საკუთარ უფლებამოსილებას, ამ დღეებში უვადოდ რომ დანიშნა საბჭომ; ახლავე შევძლებთ მივაღწიოთ ცვლილებებს, თუ კიდევ 20 ან 25 წელი მოგვიწევს ლოდინი იმისთვის, რომ მოსამართლეებად დანიშნონ ადამიანები, ვინც ჩვენს ნდობას იმსახურებს.

ცხადია, ვნერვიულობ. რადიო თავისუფლებაში მივდივარ და ეს ყველაფერი უნდა გითხრათ.

please wait

No media source currently available

0:00 0:09:47 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG