Accessibility links

ყარამან ქუთათელაძე - მხატვარი


კვირა, 4 მარტი

ყავა - სიგარეტი. მე მგონია, ამაზე კარგი არაფერია! დილით ყავა, სიგარეტი. წერილები... არაფერი... თუმცა, აუზიც კარგია, ვაკის პარკი და ველოსიპედი. ხო, ადრე იყო. დღეს - ყავა, სიგარეტი.

2018 წელი... თბილისში ვარ წელს პირველად. დიდი ხნით. ალბათ, უკვე თვე-ნახევარი. წლებია, გარიყულაზე ვცხოვრობ. ცოტა რთულია ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლა. თბილისში ბევრი რამ შეიცვალა. აქ ძნელია აზრების დალაგება. უნდა მივეჩვიო. პასტორალი, იქ... თუმცა, აქ წელს, გარიყულაში, ბევრი საქმეა. 10 წელია ფესტივალს ვატარებთ. არა, ვერ დავწერ ამ დღიურს. კარგი... ალბათ... შეხვედრა მაქვს. უნდა წავიდე, მერე დავწერ.

ორშაბათი, 5 მარტი

ხო, 10 წელი ფესტივალ “Fest i Nova”-ს ვაკეთებ და... თითქმის 20 წელი გარიყულაში ვცხოვრობ. “UToPia”... “თანამედროვე ხელოვნების ცენტრი“... „ART VILLA GARIKULA”... როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? ალბათ, ძალიან ადრე. ან, სულ იყო. არ ვიცი. ხო, დღიური უნდა დავწერო. გამახსენდა სკოლა და გამოცდები, გაკვეთილები. საღამოს დავწერ. არა, ჯობია, დილით. დილით... შუადღეს... გარიყულა... ალბათ, ოქროყანა, სადაც იყო ჩემი ბავშვობა... ძალიან კარგი და სასაცილო. ფეხბურთი და ყველა ბავშვობის გასართობი. გარიყულა ჰგავს ჩემს ბავშვობას - ალბათ, ზაფხულის წვიმა და თივის სურნელი, ენერგია და სიმჩატე, რომელიც ახლავს უდარდელ ბავშვობას...

ხო, იქ პირველად შემიყვარდა... ეს შეგრძნება ბედნიერება იყო!

ამ შეგრძნებას ეძებს, ალბათ, ყველა.

მე დავიბადე თბილისში 1959 წელს, 21 აპრილს. ზოგჯერ მგონია, რომ დრო არ იცვლება, მხოლოდ ემოციები და სიტუაცია. ძალიან საინტერესო ეპოქაში, როდესაც ტექტონური ცვლილებები მოხდა. სადაც დავიბადე, ის სახელმწიფო აღარ არსებობს. დარჩა მითები და ლეგენდები (კარგია, რომ არ არსებობს).

უნდა წავიდე. არ ვიცი, როგორ განვაგრძო ეს დღიური. დამავიწყდება, რაც არ უნდა ჩავწერო, აღარ მექნება სურვილი განვაგრძო.

ხო, საბჭოთა კავშირი გრანდიოზული UTOPIA, რომელმაც მილიონობით ხალხის აზრები და სიცოცხლე შეიწირა...

სამშაბათი, 6 მარტი

რას ფიქრობთ: ყავა, სიგარეტი.

ალბათ, იმიტომ ვწერ საბჭოთა კავშირზე, რომ მე, უბრალოდ, იქ დავიბადე და ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა იქ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ნაცრისფერი იყო. და აქ უნდა ვთქვა, რა იყო?.. პრინციპში, არაფერი. ჩვენ, უბრალოდ, ახალგაზრდები ვიყავით. საბჭოთა კავშირის დეკადანსი. მაგ დროს კი საინტერესო ამბები და ადამიანები გხვდება.

არა, არ შეიძლება ესე: ვერ ვწერ ამ დღიურს. მემუარები გამომდის. წავედი.

დღეს წავალ ელიავას ბაზრობაზე.

ოთხშაბათი, 7 მარტი

რატო არავინ არ წერს ამ სამყაროზე არაფერს? იქნებ, იქ დაბოდიალობს დღევანდელი ფიროსმანი... იმ დროს, როდესაც აღმოაჩინეს ფიროსმანი, თბილისი იყო იმდროინდელი ელიავა ან ნავთლუღი.

თბილისი...

უნდა შევხვდე წლევანდელი ფესტივალის კურატორებს - ჯგუფ „ბულიონს“. წინასწარგრძნობა მაქვს, რომ წელს გველის ძალიან საინტერესო სეზონი! ფესტივალის დასახელება - „გარიყულობის თავისუფლება“.

მგონი, ერთ-ერთი საუკეთესო კონცეფციაა Fest i Nova-ს ისტორიაში.

კარგი, მერე დავწერ. გავისეირნებ.

თბილისში რომ დავდივარ და ვუყურებ ახალ შენობებს და მანქანებს (საცობებს და ა.შ.), მგონია, რომ ფუტურისტების მანიფესტი და მარინეტის იდეები ჩვენთან განხორციელდა ან ხორციელდება. ყოველ შემთხვევაში, ბეტონის პოეზია, დანგრეული მუზეუმები ჯდება ფუტურისტების იდეებში.

აქაც, მგონი, UToPia-ა, დეველოპერების უტოპიაა, „დეველოპმენტუტოპიკუს“-ი. არ არის ცუდი. არ მგონია, მაგრამ უნებლიეთ გამოდის რაღაც სიურრეალისტური სამყარო.

ბევრი არ ფიქრობს ამაზე, მაგრამ მხატვრული და არტისტული იდეები, რომლებიც შემოქმედის ახირებას და ფანტაზიებს ბრალდება, მერე რეალიზდება. როგორი ირონიულია ეს ყველაფერი...

კარგი, ისევ დღიური... „UToPia”

თბილისში ვარ. უნდა დავიწყო მუშაობა. მაგრამ ჯერ ვხვდები ჩემს გუნდს ფესტივალის ორგანიზებასთან დაკავშირებით.

წელს ძალიან კარგი გუნდი მყავს და ყოველთვის კარგი ადამიანები მუშაობდნენ ჩემს ირგვლივ. თუმცა, იდეა, რომელიც მე მივაწოდე მათ, იყო სრულიად UToPiURI და გიჟური. ალბათ, ყველას მაინც ამოძრავებდა ენთუზიაზმი და შემოქმედება.

წარმოუდგენელი იყო თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დაარსება სოფელში, შიდა ქართლში, ჩვენი რეალობის გათვალისწინებით.

არანაირი პრაგმატიზმი არ ამოძრავებდა იმ ადამიანებს, ვინც მუშაობდა და მუშაობს ამ იდეის ირგვლივ.

ყავა, სიგარეტი...

უნდა შევხვდე ბევრ ადამიანს.

ტაქსი.

წერილები.

უნდა დავიწყო მუშაობა.

ხვალ არა, დღეს.

ხუთშაბათი, 8 მარტი

გამოდის, ორ დღიურს ვწერ - ერთი დღიური არ მომწონს. ახლა ვაფასებ მწერლის შრომას - რა არაჩვეულებრივი ხალხია. როგორ შეიძლება გადმოცემა იმის, რაც ჩაფიქრებული გაქვს. თუ დაამატე შემოქმედება!

ხო, მუზები დამავიწყდა. ალბათ, მწერლების მუზები უფრო ღონიერები და მძიმეები არიან. ხო უნდა დასვან საწერ მაგიდასთან ისინი!

კარგი, წავედი. ყავა, სიგარეტი.

ისევ თბილისი...

მგონი, ვეჩვევი ურბანულ ცხოვრებას (თახვის დღე). დღეს მივდივარ მუზეუმში. წელს იგეგმება ჩემი პაპის, კირილე ზდანევიჩის, კატალოგის გამოშვება. ძალიან ბედნიერი ვარ! ადამიანი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ქართული ავანგარდული მოძრაობის ფორმირებაში, ნიკო ფიროსმანის აღმოჩენაში, ნამუშევრების შეგროვებაში, პოპულარიზაციაში. თითქმის მთელი ცხოვრება მიუძღვნა ფიროსმანის აღიარებას. ურთულესი, დრამატული გზა გაიარა აღიარებიდან საბჭოთა საპატიმროებამდე. დღეს მივიწყებულია და ეს კატალოგი იქნება კირილეს ბრწყინვალე შემოქმედების გახსენება!

რა კარგია, რომ უამრავი მკვლევარი, ხელოვნებათმცოდნე და, უბრალოდ, ძმებ ზდანევიჩების შემოქმედების გულშემატკივრები არსებობენ და ენთუზიაზმით მუშაობენ.

კარგი შეხვედრა. ნანა შერვაშიძე!!!

მგონი, ყველაფერი გამოუვა!

მუზეუმიდან გამოსვლისას ისევ მარინეტი გამახსენდა.

ვსეირნობ რუსთაველზე. არავინ არ შემხვდა...

საოცარი ხალხი გავიცანი ამ ქუჩაზე. ალბათ, დღესაც არიან, მაგრამ მე არავის ვიცნობ. მინდა ვიღაცა შემხვდეს, კაფეში დავჯდეთ, სიგარეტი, ყავა, ლა-ლა, ბლა-ბლა...

ქალაქის ცხოვრება...

ა, ხო, პარიზი. იქ მომწონდა მარტო კაფეში ჯდომა. პარადოქსია, მაგრამ იქ ყოველთვის ნაცნობი მხვდებოდა.

Paris - ელენე ზდანევიჩი. საოცარი ადამიანი. ILIAZD-ის მეუღლე, რომელმაც მანახვა Picasso-ს დროინდელი პარიზული სამყარო - იმ ადამიანების, ვინც შექმნა ეპოქა.

ლუკა წულაძე - ყველაფერი ავანგარდზე! Paris-ზე, მეგობრობაზე და ყველაფერზე!

გელა!

ა, ხო, გელას უნდა შევხვდე!

Paris-Tbilisi - აქაც არი ზოგჯერ.

გარიყულაში გადავიტანეთ Paris.

არა, არ შემიძლია ეს დღიური. უნდა წერო ბევრი. ჩამოდი გარიყულაში და კაფეში დავჯდეთ. მოგიყვები ბევრს და რაა რო?.. წავედი.

ყავა, სიგარეტი.

ზოგჯერ შემოქმედება დაკავშირებულია ყველაზე გიჟურ აზრებთან, არარაციონალურ ბოდვას გაგონებს. ამ ბოდვაში ზოგჯერ იბადება პოეზია. ეს ისე... კარგი...

ხვალ განვაგრძობ.

რამდენი უნდა წერო...

დღეს ვიმუშავებ.

პარასკევი, 9 მარტი

სახელოსნო - მამაჩემის.

აპოლონ ქუთათელაძე.

დღეს, როდესაც „გარიყულას“ პროექტზე ვმუშაობ, ჩემთვის წარმოუდგენელია იმის აღქმა, თუ როგორ შეძლო აპოლონმა იმ ეპოქაში ახალი, თანამედროვე აკადემიის შექმნა! დარწმუნებული ვარ, საოცარი სიმამაცე, სიყვარული, თავდადება იყო საჭირო. უბრალოდ, დღევანდელი ბიუროკრატია და ასე შემდეგ ბევრად არ განსხვავდება იმდროინდელი სისტემისგან. უფრო სასტიკიც იყო! ამას იმიტომ ვწერ, რომ დიდი ხანი არ ვყოფილვარ სახლში და მამაჩემის სახელოსნოში მომივიდა ეს აზრები.

რა თქმა უნდა, სტიმულია შეუპოვრობისთვის!

ისევ რაღაცები ავურიეთ. მოკლედ, ეს დღიური არ გამოდის!

კარგი, დავწერ ცოტას.

მაგრამ, ჯერ ყავა, სიგარეტი.

ხო, ბევრი ემოცია ამოძრავდა და სულ ვცხოვრობ ემოციით. ალბათ, ხელს მიშლის.

არა, ცოტა ხანში დავწერ!

წავედი.

გარიყულა!

მალე წავალ! იქაც იმდენი რამ ხდება. ვერ დავწერ ამდენს. მაგრამ, მთავარია, იქ სამყარო შენდება, სადაც ადამიანებმა უნდა იგრძნონ თავი თავისუფალ ადამიანებად!

ხო, ეგ იდეა იყო ყოველთვის! თავისუფლება... შემოქმედებითი თავისუფლება!

მე, უბრალოდ, კარგი ბედი მერგო, რომ ჩემს ირგვლივ მშობლები, ახლობლები, მეგობრები მყავდა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები და ამიტომ მივეჩვიე იმ აზრს, რომ თავისუფლება მარტო ოცნება არ არის და იდეები, რაც არ უნდა UToPiური იყოს, ადრე თუ გვიან რეალიზდება.

ტაქსი. ქალაქი. სიგარეტი ვიყიდე. შეხვედრა მაქვს.

აზრები ძალიან სწრაფად იცვლება.

ტაქსი. ვერა. ვაკე.

ისევ ტაქსი.

მერე წავალ ფეხით.

ვაკე, ვერა.

ამ ადგილებზე შორს ჯერ არ გავსულვარ.

შაბათი, 10 მარტი

გარიყულა, თავისუფლება, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი!

თავიდან ჩვენი თაობის ოცნება იყო ის, რომ თბილისში ყოფილიყო ეს ყველაფერი. როდესაც საბჭოთა კავშირი კომაში იყო, ბევრს ილუზია ჰქონდა, რომ ეს იდეა განხორციელდებოდა, მაგრამ წლები სჭირდება და, ალბათ, ყოველ წელს მაინც ვფიქრობ, რომ ახლა აქტუალური გახდება!

ყოველთვის ვფიქრობდი გარიყულას შექმნით ვანახებდი მოდელს, მაგალითს იმის, რომ შესაძლებელია ყველაფერი, რაც ჩაფიქრებული გაქვს.

რაც არის ძალიან კარგი, ეს არის ახალი თაობა, რომელმაც ნაბიჯი გადადგა თავისუფლებისკენ. ბევრად ლაღად აზროვნებს და ბევრი ობობებისგან განთავისუფლდა. თუმცა, მათ არ აკლიათ პრობლემები!

დრო, რა თქმა უნდა, დრო არ მაქვს, რომ დავწერო ყველაფერი, რის თქმაც გინდა ერთი კვირის განმავლობაში.

ძალიან ბევრი სათქმელი გაქვს და მერე ფიქრობ - გამომრჩა, ყველაფერს ვერ გაიხსენებ. დარეკა ტელეფონმა, მესიჯი. სადღაც უნდა წახვიდე.

ფიქრობ, ხვალ გაიხსენებ.

მერე ისევ რაღაცა გიშლის ხელს!

ალბათ, სიგარეტი...

please wait

No media source currently available

0:00 0:11:31 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG