Accessibility links

ნინო მანჯავიძე − არქიტექტორი


17 დეკემბერი, კვირა

დილიდანვე მილოცავენ... მეც ჩავები... დღეს ბარბარობაა. დედას უყვარს ეს დღე.

წმინდა ბარბარემ ისმინა მისი ვედრება და ლამაზი, ხუჭუჭთმიანი გოგო, ჩემი თეკლა მოევლინა ამ ქვეყანას. დედასთან კამათი არ ღირს. რას იზამ? საღამოს ოჯახი შეიკრიბება და როგორ არ მინდა, გამოვაკლდე ამ თავყრილობას. დღევანდელი გეგმა კი ჯერ კიდევ ათი დღის წინ დავწერე. შევძლებ კი ცვლილება შევიტანო?! ერთკვირიანი მონახაზი თაბახის ფურცელზე ქრონოლოგიურადაა დაწერილი. ფურცელი მაგიდაზე, კომპიუტერის გვერდითაა გამოჭიმული და მოსვენებას მიკარგავს. შესრულებული პუნქტების გადახაზვა ჩემი ახალი ახირებაა. გრაფიკულია და გამომსახველობითი. რაც მეტია ხაზი, მით მეტია თავდაჯერებულობა. ბევრი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ საჭიროა, მიიღო გადაწყვეტილება და ის ერთადერთია. წერტილი უნდა დაისვას. დღემდე ვფიქრობ, რომ ეს არის ამაღელვებელი მომენტი. გაურიგდე საკუთარ თავს და მიიღო შედეგი; შედეგი, რომელიც გაბედნიერებს.

ნახაზები ამოვბეჭდე, გავემზადე, ბიჭები მელოდებიან. მიკვირს, რომ დღეს არ ისვენებენ. ავჩქარდი, მეორე ობიექტზეც უნდა მოვასწრო მისვლა, თან თავს ვირწმუნებ, რომ მანქანის გასაჩერებელ ადგილს აუცილებლად მოვნახავ - მინდა, მჯეროდეს აზრის მიზიდულობის თეორიის. გზაში ნიკაზე ვფიქრობ. ეს ის ახალგაზრდაა, რომლის ბინის ინტერიერიც უნდა მოვაწყო.

ნიკას თუ მოსწონს, მოსწონს. თუ არა, არა. მინდა, ზუსტად ვიგრძნო მისი მოლოდინი... დამკვეთის ტყავში გახვეული ავითარებ შენს წარმოსახვას და იმ მსახიობს ემსგავსები, რომელიც რეჟისორობაზე ოცნებობს. თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ ოცნებას ისრულებ და რეჟისორი ხდები. ამ წუთიდან იწყება კინო - მრავალპერსონაჟიანი, მრავალდარგიანი, მრავალფეროვანი...

გამიმართლა, მანქანა გავაჩერე. ჩქარი ნაბიჯით გავემართე სადარბაზოსკენ. ლიფტმაც არ დააყოვნა და რამდენიმე წუთში ბინაში აღმოვჩნდი. მუშაობა მიდის, საქმე აშკარად წინ მიიწევს, გულს უხარია და მხიარულ ხასიათზე ვდგები. არც შექებას ვიშურებ და ნახევრად ხუმრობით შენიშვნებსაც ვიძლევი. ნახაზებს განვიხილავთ და ყველაფერზე ვთანხმდებით. ბიჭებს ხვალამდე ვემშვიდობები. ახლა მეორე ობიექტზე ვარ მისასვლელი. ორი „ტრიფლექსი“. სამუშაო შეჩერებული იყო. დამკვეთმა ახლახან განაახლა და მეც ყველაფერს ახალი თვალით შევხედე. თითქმის სამი წელია გასული. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მე შევიცვალე. უფრო პრინციპული გავხდი. არ მინდა კომპრომისი. ვგრძნობ, რომ შემიძლია დავარწმუნო. გამოცდილება, რომელიც ახლის ძიებისკენაა მიმართული, მომწონს და ენერგიით მავსებს. ურთიერთობა, რომელიც ბადებს შემოქმედებას, სრულიად განსაკუთრებულია, რადგან შედეგი მხოლოდ შენ არ გეკუთვნის. სწორედ ერთი კვირის წინ, სასტუმრო "ბილთმორში" გაიმართა არქიტექტორთა საზეიმო დაჯილდოების ცერემონია "არქიტექტურული პრემია 2017". ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი ჩემ მიერ განხორციელებული "სახლი ლაგოდეხში" გახდა. მახსენდება, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. დამკვეთის მთავარი მესიჯი: სახლი ურთიერთობისთვის, მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის, სადაც თავისუფლება და ბედნიერებაა. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ერთობლივი პროექტი და ერთობლივი გამარჯვებაა.

ობიექტიდან გვიან ვბრუნდები და ხვალისთვის ნახაზებს ვამზადებ. რა კარგია, რომ დიდი ოჯახი მყავს. ამ საღამოს დედა ჩემს დებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად გაატარებს. მე კი ჯერჯერობით სატელეფონო საუბრით ვკმაყოფილდები. მადლობა, დე, რომ ასე კარგად გესმის ჩემი.

18 დეკემბერი, ორშაბათი

სულ რამდენიმე საათი მეძინა. ასე ხდება თითქმის ყოველთვის. ცხელი შხაპი, თურქული ყავა, ყავის სურნელი, კომპიუტერი. დილა დაიწყო! წუხანდელ ჩანაწერს გადავხედე. დღიურზე ერთი ამბავი გამახსენდა. ათი წლის ვიყავი. ზამთრის არდადეგები იყო. დედა და მამა უცხოეთში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ. დილა იყო მაშინაც. წასვლის წინ მამა მომეფერა, რატომღაც ცალკე გამიყვანა და მთხოვა, მათ არყოფნაში დღიური მეწერა - მისთვის საინტერესო იყო ჩემი და ჩემი დების თითოეული დღე. დაბრუნებული კი დიდი ინტერესით წაიკითხავდა ჩანაწერებს. ეს ამბავი არასდროს მავიწყდება. თორმეტფურცლიანი, პრიალა რვეული ავიღე, გავაფორმე სხვადასხვა ნახატით და დავიწყე წერა. ყველაფერს ვწერდი, მნიშვნელოვანს და უმნიშვნელოს... ბევრი იცინა მამამ დღიურის კითხვისას. მე კი სასაცილოდ სულაც არ მქონდა საქმე. ჩემმა უფროსმა დამ იწყინა, მამამ მე რატომ არ დამავალაო და კონტრდღიურის წერა დაიწყო...

ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა, ობიექტიდან დამირეკეს. უნდა წავიდე. შეხვედრა მაქვს დანიშნული მომიჯნავე სპეციალისტებთან. ეს ერთგვარი კონსილიუმია, რადგან წინასწარ, ადგილზე, კომპლექსურად შევისწავლოთ არსებული პრობლემები. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სწორად და თანამიმდევრულად დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები.

საათს დავხედე და უკვე ექვსია. მწერალთა სახლში მაგვიანდება. თუმცა მიხარია, რომ მაინც ვასწრებ. რეზო თაბუკაშვილის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებული გამოფენის გახსნაა. ბატონი რეზოს ცხოვრება და შემოქმედება ჩემს ბავშვობას და ახალგაზრდობას თან სდევს. მღვდელმთავარი ისიდორე ქოჩიაშვილი ე.წ. "ბლაგოჩინი" ბატონი რეზოს ბაბუა და ჩემი დიდი ბაბუა იყო. საოჯახო მემკვიდრეობიდან სურათებსა და წიგნებზე ვნადირობდი. ისიდორე იშვიათი სილამაზის კაცი იყო. საიდან მოდის და სად მიდისო სილამაზე... თაობიდან თაობაში გადადის, სულის მშვენიერებასთან ერთად მონუმენტური ხდება, როგორც ბატონი რეზოს შემთხვევაში. საღამო აკადემიური იყო. ქალბატონი ლანა ღოღობერიძის მიერ წაკითხული რეზოს მშვენიერი ლექსები, უნიკალური გამოფენა -ვიტორიო სელას ფოტოები. მოგონებები. წიგნი "რეზო თაბუკაშვილი", რომელიც ჩემს ბიბლიოთეკას შეემატება და თეკლა წაიკითხავს. როგორ სჭირდება დღევანდელ საქართველოს ასეთი მამულიშვილები. ქედს ვიხრი მის წინაშე.

მალე ათი გახდება და გაკვეთილი მაქვს. თუმცა მოსწავლე ამჯერად მე თავად ვარ, ხოლო მასწავლებელი - ჩემი კოლეგაა, არქიტექტორი. კოტე მეხმარება კომპიუტერული გრაფიკის ცოდნის გაღრმავებაში. ეს ინსტრუმენტის ფლობაა. რასაც ვერ გააკეთებ მცირე ცოდნით, გააკეთებ მეტი ცოდნით. ჩარჩოებში მოქცევის საშიშროებისგან დაგიცავს და ყოველთვის ყველაფრის მიზეზს საკუთარ თავში დაუწყებ ძებნას. სწავლის ჟინი და შემოქმედების პროცესი ჩემთვის ერთნაირად მიმზიდველია. ერთხელ ამოვიკითხე იტალიელი მისიონერების ფრაზებში: "კარგად შესრულებული სამუშაო ლოცვის ტოლფასიაო" და მეც ვცდილობ სულ „ლოცვაში“ ვიყო.

სახლში მისვლაც მოვასწარი და ფეხსაცმელების გაწმენდაც. კიდევ კარგი... ათ საათზე გაკვეთილის დაწყებას ერთი უპირატესობა აქვს - ქალაქში მოძრაობაც შემსუბუქებულია და მანქანის გასაჩერებელ ადგილსაც უფრო მონახავ. აი, კოტეს სადარბაზოში შეკედლებული ძაღლი კი, რომელსაც ცუცა შეარქვეს, ცოტა არ იყოს მაშინებს. იქნებ ისე მივაღწიო ლიფტამდე, რომ ცუცა არ შემეფეთოს.

19 დეკემბერი, სამშაბათი

სამი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით "WOMEN BUILD GEORGIA". ამ სიტყვების პირდაპირი თარგმანი, "ქალები აშენებენ საქართველოს", შესანიშნავი და ამაღელვებელია. ვფიქრობდი, ვეთანხმებოდი თუ არა ასეთ დაყოფას. აზროვნებას საზღვრები არა აქვს. არც ურთიერთობებს აქვს საზღვრები. არქიტექტურა კი ურთიერთობებს ემსახურება. მივხდი, რომ ეს ყველაფერი გამორჩეულობასა და განსაკუთრებულობაზე არ არის აგებული. თითოეული ჩვენგანი შენების ფერხულშია ჩაბმული, რაც აღსანიშნავია.

პირველი საათია. კომპიუტერთან მუშაობა დავასრულე. კერამიკული ფილები უნდა შევარჩიო. კიდევ რამდენიმე პანო და ტექსტილი ფარდებისათვის. "რუმ დიზაინი" - ჩემი საავტორო დიზაინით შესრულებული „შოუ რუმი“. მაღაზიის წინ ვჩერდები და სიხარულით ავრბივარ კიბეზე. აქ ჩემს წარმოსახვას რეალობად ვაქცევ.

რეკონსტრუქცია, სარდაფების საპრეზენტაციო სივრცეებად გადაქცევა და უსახური ფასადის სახეცვლილება მიმზიდველს ხდის აქაურობას. უცხოელი კოლეგები ათვალიერებენ, აფასებენ ჩატარებულ სამუშაოს და უკვირთ, ამას ერთი ავტორი რომ ახორციელებს. ერთიანობას კი სწორედ თავიდან ბოლომდე გააზრებული კონცეფცია ქმნის. ქვეცნობიერი ჰარმონიის ტყვეობაშია. "არქიტექტურული პრემია 2015"-ის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი - ნომინაციაში საზოგადოებრივი ინტერიერი - "რუმ დიზაინი" გახდა.

უკვე ჩამობნელდა, სასიამოვნო დაღლილობას ვგრძნობ, დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ, მივალ სახლში, რამდენიმე პუნქტს გადავხაზავ, შხაპს მივიღებ და ცოტა ადრე დავიძინებ.

მესინჯერში ჩემი მეგობარი ნიკოლოზობის დღესასწაულს მილოცავს და რესტორანში მეპატიჟება - "ქალები ვიკრიბებით!" გამეცინა, ისევ ქალები!

20 დეკემბერი, ოთხშაბათი

გამეღვიძა, გოგოების წუხანდელი მოლხენა გამახსენდა. იუმორით და ხალისით სავსე საღამო იყო, მართლაც მშვენივრად განვიტვირთე. შხაპიც მესიამოვნა და მერაბის გამომცხვარი მჭადიც. ჩემს განუმეორებელ ყავას კი არაფერი შეედრება. პირველ საათზე დამკვეთთან შეხვედრა მაქვს დანიშნული. ამასობაში ფეისბუკმა ერთი წლის წინ დაწერილი პოსტი გამახსენა. ჩემი დილა დღეს მართლაც საუკეთესოდ დაიწყო - თეკლას ნახატებით ვისიამოვნე და პოსტი წავიკითხე:

"ოთახში იატაკზე ფურცლები იყო მიმოფანტული... ოთახის მილაგება გადავწყვიტე და ნელ-ნელა ფურცლების ალაგება დავიწყე... ერთიმეორეს ენაცვლებოდა საყვარელი, ზოგჯერ სასაცილო ფიგურები ერთი უწყვეტი ხაზით გამოყვანილი... თანდათან გავხალისდი, ჩამოვჯექი და ვგრძნობდი, როგორ მსიამოვნებდა ამ უჩვეულო, ძალიან ცოცხალი, მოძრავი, მეტყველი ფიგურების თვალიერება.... ეს იყო ბედნიერება!!! თეკლა მაშინ ექვსი წლის იყო და როგორც ყველა ბავშვი განუწყვეტლივ ხატავდა.... მე მადლობელი ვარ იმ დღის, როცა თეკლას მიმოფანტული ნახატები ავკრიფე და ვნახე ის სამყარო, რომელშიც ცხოვრობდა ჩემი პატარა, საყვარელი გოგო... და მე დავიწყე ცხოვრება ამ მშვენიერებასთან ერთად.... ეს იყო წლების წინ, დღეს თეკლა ოცი წლისაა და ყველაზე ბედნიერი ასე მგონია მაშინაა, როცა თავის ხაზებში იძირება და ისევ ისე, როგორც ბავშვობაში, ხაზებს ეფერება, თანაც ელვისებური სისწრაფით ავლებს, ფერისა და ფორმის ურთიერთობას სიყვარულით ათბობს და ამის შემხედვარე, მე ისევ ბედნიერი ვარ....."

თეკლა ბერლინში სწავლობს. არქიტექტურა აირჩია... თბილისში სწავლის პერიოდში (ტექნიკურ უნივერსიტეტში) დავალება მისცეს. უნდა აერჩია დედაქალაქში რეალიზებული შენობის ცუდი მაგალითი და ანალიზი გაეკეთებინა. კოსტავას ქუჩაზე გავიზარდე, აკადემქალაქის მიმდებარე ტერიტორია ჩემი სახლის უკანაა. ბავშვობაში ხშირად მიფიქრია, რომ ეს უბანი იმსახურებდა კეთილგონიერ განაშენიანებას. აქ რაც მოხდა, დანაშაულია ქალაქის წინაშე - ერთი შენობის ნაცვლად მთელი განაშენიანებაა გასაანალიზებელი. დღეს თეკლა სწორედ ქალაქგეგმარებითაა დაინტერესებული, მე კი გერმანული არქიტექტურული სკოლის სწავლის სისტემა მაინტერესებს . თვალყურს ვადევნებ.

შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. ობიექტზეც შევიარე, ხვალინდელი დღის გეგმაც დავსახეთ და შინ მივიჩქარი. ახალ პროექტზე ვმუშაობ და კოტეს დავალებაც მაქვს გასაკეთებელი.

მესინჯერის ზარის ხმა გაისმა. თეკლა მირეკავს. მარიამ კანდელაკთან არის სტუმრად. სწავლის, მუშაობის და კულინარიის დარგში წარმატებებზე მიყვება. მარიამი, ანიმაციური ფილმების რეჟისორი და პროდიუსერია, რომელიც ამჟამად ბერლინში მოღვაწეობს. ამ ზაფხულს ვიყავი მარიამის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალზე - "ნიქოზი". საოცარი ბავშვები გავიცანი, პატარა მსახიობები, რომლებიც ბატონმა გელა კანდელაკმა ხელის ჩრდილების ხელოვნებას აზიარა.

ათი საათი ახლოვდება და კოტეს გაკვეთილზე მივდივარ. ლიფტამდე უშიშრად მივედი. დიდი ხანია ცუცა არ შემხვედრია და ვატყობ, როგორ გავთამამდი.

21 დეკემბერი, ხუთშაბათი

დღეს გადავწყვიტე პროექტზე ვიმუშაო. კონცენტრირება მჭირდება. ვრჩები კომპიუტერის ტყვეობაში.

22 დეკემბერი, პარასკევი

გუშინდელმა დღემ კარგად ჩაიარა. ჩემს დავთარში ხაზები ჭარბობს. გამახსენდა, რომ ახალი წელი კარზეა მომდგარი. თუმცა ნაძვის ხეზე კი არა, განვლილ წელზე ვფიქრობ. იყო ობიექტები, რომლებზედაც მუშაობამ სიამოვნება მომიტანა, გამოცდილება შემძინა. განსაკუთრებული ლაგოდეხის სახლია. სახლი ბუნებაში, ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზეა, დომინანტი ბუნება სულიერ სიმშვიდეს გთავაზობს. ჰარმონია შენარჩუნებულია. სახლში ყოფნისას სიმწვანე შინ შემოდის, როცა გარეთ ხარ, ინტერიერი ბუნების ნაწილი ხდება.

ჩინეთში მოგზაურობამ ამ ქვეყნის კულტურას მაზიარა. დროის სიმცირემ გადაწყვეტილების სწრაფად მიღება მასწავლა. ეს იყო კარგი გამოცდილება. გერმანიამ წესრიგით და სისუფთავით მომხიბლა. იტალიაში ვიმოგზაურე და ეს მე არასოდეს დამავიწყდება. სტუდენტობისას ნასწავლი არქიტექტურული ძეგლები ადგილზე შევიგრძენი. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მხოლოდ ადგილზე შეიძლება განიცადო ჭეშმარიტი სიამოვნება. მასშტაბი, დინამიკა და თვით ჰაერიც კი, რომელიც ავსებს შენობებს, მნიშვნელოვანია.

მომავლის გეგმებზეც დავფიქრდი. ორი წელია, ნინუცა ჩემი მეკვლეა. ის მსოფლიოს ათ ახალგაზრდა ლიდერთა შორისაა. მეკვლეობაში მგონი, მას კონკურენტები გამოუჩნდნენ. წელს ბექამ ვერცხლის ლომი აიღო კანში, მარიამი კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გახდა, ლიზას „National Geographic საქართველო“-ს სტატია Best Edit-ად დასახელდა, შოთა აუდიტის მენეჯერის პოზიციაზეა დელოიტში, თაფო ოჯახურ ბიზნესს ჩაუდგა სათავეში, კონტრდღიურების ავტორი, ირმა, სამედიცინო განათლებაში ყველაზე ნოვატორულ - სიმულაციური სწავლების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს სამედიცინო უნივერსიტეტში. ასეთია ჩემი დიდი ოჯახი.

23 დეკემბერი, შაბათი

დღეს არქიტექტორები შევიკრიბეთ. არქიტექტორთა კავშირის ყრილობა კოლეგების ნახვისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის კარგი საშუალებაა. თუმცა სხვა მხრივ შეკითხვები ბევრია. კარგი იქნება ერთად დგომას თუ შევძლებთ.

"თავისუფლების დღიურების" დასრულების დღეს მივხვდი, რომ მთელი კვირაა, ჩემი თავით ვარ დაკავებული. წარმოუდგენელია, რაღაც განსხვავებულს ვაკეთებ...

please wait

No media source currently available

0:00 0:15:14 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG