Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერაქტი ავღანეთში და ქართველი ჯარისკაცები


სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად. მათგან ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და, სავარაუდოდ, მისი მკურნალობა გერმანიაში გაგრძელდება. მომხდარის კვალდაკვალ, საქართველოში კვლავაც აქტიურად ლაპარაკობენ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის – იდგეს გლობალური მშვიდობის დაცვის სადარაჯოზე, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად. საქართველოს წვლილს ადეკვატურად აფასებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. თემას ლელა კუნჭულია განავრცობს.

ტერაქტი ავღანეთში და ქართველი ჯარისკაცები
please wait

No media source currently available

0:00 0:05:46 0:00
გადმოწერა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული ქართველი სამხედროების – სერჟანტ გიორგი წიქარიშვილისა და პირველი კლასის რიგითის, ირაკლი კუჭუხიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი უკვე გაწერეს ჰოსპიტალიდან, ხოლო უფროსი ლეიტენანტის, ივერ ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. სამხედროს ჩაუტარდა ოპერაციები და შესაძლოა, რომ სამკურნალოდ მისი გერმანიაში გადაყვანა გახდეს საჭირო.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე – ბაგრამის სამხედრო ბაზის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდა. თავდაცვის მოინისტრის, ლევან იზორიას თქმით, ტერორიზმთან მებრძოლი ქართველი სამხედროები, მსოფლიოს მშვიდობის დაცვით საქართველოს იცავენ:

„ამ ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა ავღანელი თარჯიმანი, მძიმედ დაიჭრა ამერიკელი ოფიცერი, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, თუ რა საპასუხისმგებლო ფუნქციას ასრულებენ ჩვენი სამხეროები – ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მსოფლიოში“.

ავღანეთში მომხდარ აფეთქებას საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა, როცა ის 7 სექტემბერს სიტყვით გამოდიოდა გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულთა ფიცის დადების ცერემონიალზე. გიორგი მარგველაშვილმა დაჭრილი სამხედროების მიმართ თანადგომა გამოხატა და მძიმედ მყოფ გამოჯანმრთელება უსურვა:

„ჩვენ მოგვაყენეს დარტყმა – მტერმა დაჭრა ჩვენი სამი თანამებრძოლი ავღანეთში. ამ ამბის გაგების პირველივე წუთებიდან, ჩვენ ვფიქრობთ მათ ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით ჩვენ ვლოცულობთ ივერი ბუაძის ჯანმრთელობაზე და მას ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას“.

ნატოს ოფიციალურ ვებსაიტზე განთავსებული ბოლო მონაცემების თანახმად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისია ავღანეთში ამჟამად 13 576 ჯარისკაცს ითვლის და, მათ შორის, საქართველოდან წარგზავნილი ჯარისკაცების რიცხვი 872-ს შეადგენს. ისინი იქ ამერიკის დროშის ქვეშ მსახურობენ. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში სამსახურის დროს 32 ქართველი სამხედროა დაღუპული. გაღებულ დიდ მსხვერპლსა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში შეტანილ დიდ წვლილს ყოველთვის დიდი მადლიერებით მოიხსენიებენ როგორც საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოთა უმაღლესი პირები, ასევე თვითონ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები:

მაისში, როცა თბილისი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომას მასპინძლობდა, თბილისში იმყოფებოდა ასევე – ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტემიულერი, რომელმაც საქართველოს განსაკუთრებული პარტნიორი უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ასრულებს თავის ვალდებულებებს და ალიანსიც ასევე მზად არის, დაეხმაროს საქართველოს:

„ძალიან ვემადლიერებით საქართველოს ალიანსში შეტანილი წვლილისა და ქართველი სამხედროების სამსახურისთვის. ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის – საქართველო ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია, ავღანეთში მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში. საქართველო ასევე მონაწილეობს ნატოს რეაგირების ძალებში და ნატოს წვრთნებში. ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს შეიარაღებული ძალები გახდა უფრო შემძლე და უფრო თავსებადი, ვიდრე ოდესმე. 2014 წელს ნატოს ლიდერებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის „არსებითი პაკეტის“ მინიჭებას – რათა გაძლიერდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, გაძლიერდეს შესაძლებლობები – ნატოს შეიარაღებული ძალების მხარდამხარ მუშაობისთვის და დაეხმაროს საქართველოს, მოემზადოს ნატოში გაწევრიანებისთვის“.

იმის გარდა, რომ გლობალური უსაფრთხოების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილი საქართველოს უფასდება, ანალიტიკოსების აზრით, ქვეყანას სხვა არჩევანი არა აქვს – რადგან საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა ცივილიზებული სამყაროს სასიცოცხლო მიზანია. როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, „არსენალის“ აღმასრულებელმა რედაქტორმა – თემურ ჩაჩანიძემ უთხრა რადიო „თავისუფლებას“, საქართველო დგას იქ, სადაც მისი ადგილია:

„ეს არის საქართველოს წვლილი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში და ეს წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ეს ქვეყნის ავტორიტეტზეც მოქმედებს. ქვეყნები, რომლებიც ტერორიზმს ებრძვიან, იმავდროულად, არიან დემოკრატიისთვის მებრძოლი ქვეყნები და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის... ჩვენი ქვეყნის მომავალი ეს არის ნატო და ევროკავშირში გაერთიანება“.

მიუხედავად იმისა, რომ, ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის ფარგლებში, ბრძოლის სრულიად განსხვავებული ტაქტიკა გამოიყენება და ის, ძირითადად, პარტიზანულ ომზეა გათვლილი, ანალიტიკოსების ერთი ნაწილის აზრით, იქ არის რეალური საბრძოლო ვითარება და ქართველი სამხედროების მიერ ავღანეთში მიღებული დიდი გამოცდილება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასაც ემსახურება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG