Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში აღმოჩენილი ტერორიზმის საფრთხე


შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღკვეთილია ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა და ეს პროცესი ”მომზადების სტადიაზეა” შეჩერებული. თბილისში დაკავებულია 2 პირი, რომელთაგანაც ერთი ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაშია. საბრძოლო იარაღის გარდა, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი მასალები. უკავშირდება თუ არა ეს დაკავება თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეორგოლებს და უშლის თუ არა ხელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია საგამოძიებო პროცესს?

მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი სამართალდამცველებმა 13 ივნისს, გამთენიისას, თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში ისინი ”უცხო ქვეყნის მოქალაქეებად” არიან მოხსენიებული, თუმცა ამავე უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ
თუ მართლა ასეთი დიდი საქმეა, მარტო ეს ორი პიროვნება არ იქნებოდა. გვარების დასახელების აუცილებლობას მე ვერ ვხედავ, თუ ეს რაღაც პოლიტიკურ მიზანსაც არ ემსახურება...
ბესიკ ალადაშვილი
დაკავებულთა პასპორტები რუსეთის ფედერაციაშია გაცემული. მათ დროებით საცხოვრებელში ჩატარებული ჩხრეკის შედეგები საზოგადოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა ხუთშაბათის ბრიფინგზე გააცნო:

”ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია”.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ ვის ან რის წინააღმდეგ იყო ჩაფიქრებული ტერორისტული აქტის განხორციელება, თუმცა უტყუარად დადასტურებულია, რომ ”ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა” და ქვეყნის ფარგლებს პერიოდულად ტოვებდა კიდეც. ამასთან, 13 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მიკაილ კადიევის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული”. დაუზუსტებელი ინფორმაციით, საუბარია გერმანიაზე, ხოლო თავად კადიევს, რომელიც, სავარაუდოდ, დაღესტნელია, მოსკოვში მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ.

როგორც ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მიკაილ კადიევი, რომლის კვალიც გასული წლის დეკემბერში გაუჩინარდა და რომელსაც ოჯახის წევრებიც ეძებდნენ, შესაძლოა მთელი ამ ხნის განმავლობაში კავშირში იყო სამართალდამცველი ორგანოების გარკვეულ ჯგუფთან. მამუკა არეშიძის თქმით, დაკავებული კადიევი დაახლოებული იყო იმ პირებთან, რომლებიც 2012 წლის აგვისტოში ლაფანყურის სპეცოპერაციის ორგანიზებაზე მუშაობდნენ. შესაბამისად, ექსპერტი მიკაილ კადიევის დაკავებას ლოპოტის სპეცოპერაციის საქმის გამოძიებას უკავშირებს:

მამუკა არეშიძე
მამუკა არეშიძე
”მას გარკვეული კონტაქტი ჰქონდა რუსლან პაპასკირთან, იმავე ზოონთან, რომელიც ცნობილი იყო ზუსტად იმით, რომ მას ჩამოჰყავდა ახალგაზრდები, რომლებიც შემდგომში ლაფანყურში დაიღუპნენ”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების - ხელშემწყობებისა და მფარველების - გამოვლენისა და გაუვნებელყოფის მიზნით როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, დაკავებულთა გვარების გახმაურებას საგამოძიებო პროცესისთვის სახიფათო უხეშ შეცდომად მიიჩნევს უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი:

”როდესაც საქმე ძიების პროცესშია, არ შეიძლება კონკრეტული პიროვნებების მითითება, რომ ეს არ იყოს გაფრთხილება მათი თანამზრახველებისთვის და ასე შემდეგ. ეს არის დაუწერელი კანონი. თუ მართლა ასეთი დიდი საქმეა, მარტო ეს ორი პიროვნება არ იქნებოდა. გვარების დასახელების აუცილებლობას მე ვერ ვხედავ, თუ ეს რაღაც პოლიტიკურ მიზანსაც არ ემსახურება. აი, ეს არის პრობლემა, რომ ჩვენთან სპეცსამსახურები უშუალოდ პროფესიული საქმიანობით კი არ არიან დაკავებული, არამედ არიან დიდ პოლიტიკურ თამაშებში ჩართული”.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ბევრი არაფერია ცნობილი, მსჯელობა ჯერ მხოლოდ ვერსიების დონეზეა და გამოძიება მიმდინარეობს, დაკავებულებს სერიოზულ დამნაშავეებად მოიხსენიებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე:

”დაკავებული ადამიანები არიან მართლა სერიოზული ტერორისტები, რომელთა თანამონაწილეები ევროპის ქვეყნებშიც არიან დაკავებული, რა ინფორმაციასაც ჩვენ გავეცანით. ძალიან დიდი ოდენობით აღმოაჩნდათ მათ ასაფეთქებელი ნივთიერებები და სხვა ამუნიცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სპეცსამსახურები ძალიან აქტიურად მუშაობენ და მოქმედებენ იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება იყოს დაცული”.
დღევანდელმა დაკავებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ტერორისტული საფრთხის შემცველი ვიდეორგოლების - ჯიჰადის ვიდეორგოლების - გარშემო გამოძიების სერიოზულად წარმართვის აუცილებლობა...
ლევან ბეჟაშვილი

13 ივნისს გახმაურებულ ფაქტს გარკვეულწილად თალიბანის სახელით გავრცელებულ მუქარის შემცველ ვიდეორგოლებს უკავშირებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი. ის თვლის, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ძველ და ახალ ხელისუფლებას უფრო აქტიური თანამშრომლობა ჰმართებთ:

”დღევანდელმა დაკავებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ტერორისტული საფრთხის შემცველი ვიდეორგოლების - ჯიჰადის ვიდეორგოლების - გარშემო გამოძიების სერიოზულად წარმართვის აუცილებლობა. გამოძიება უნდა ჩატარდეს ობიექტურად და რეალური ვითარება დადგინდეს”.

ტერორისტული აქტის მცდელობის აღკვეთას თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეორგოლებს არ უკავშირებს ბესიკ ალადაშვილი, თუმცა, მისი ვარაუდით, ვიღაცას ძალიან უნდა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ტერორიზმის რეალურ თუ გამოგონილ შიშში იცხოვრონ. ამასთან, ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ 13 ივნისს გახმაურებული ფაქტი ლოპოტის ხეობის სპეცოპერაციას უკავშირდებოდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ”გააკეთებს ყველაფერს ტერორიზმის საფრთხისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვის მიზნით”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG