Accessibility links

გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ წელს დაბეჭდა ახალგაზრდა პროზაიკოსის, თაკო ფოლადაშვილის, სადებიუტო რომანი „სიკვდილის ახსნა“. წიგნი ჟანრულად ანტიუტოპიას (თუ, როგორც ანოტაციაშია აღნიშნული, დისტოპიას) შეიძლება მივაკუთვნოთ და ბევრი მახასიათებლით ჰგავს კიდეც ასეთ ნაწარმოებს, თუმცა ჟანრის კლასიკურ ჩარჩოებში მაინც ვერანაირად ვერ ჯდება, გამომდინარე იქიდან, რომ ავტორები, რომლებიც ანტიუტოპიურ სივრცეებს აღწერენ, ყოველთვის ცდილობენ ამ სივრცეში არსებული რეჟიმისა და ურთიერთობის წესების მკაფიოდ სტრუქტურირებას და პერსონაჟებს საკუთარი ფანტაზიით შექმნილ უმოწყალო სისტემაში ზუსტ და განსაზღვრულ ადგილს უჩენენ, თაკო ფოლადაშვილის რომანში კი ეს მეთოდი არ მუშაობს.

უფრო სწორად, წიგნის დასაწყისი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ტიპურ ანტიუტოპიასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ავტორი თანდათანობით, ნაცვლად იმისა, რომ გამოკვეთოს აღსაწერი სივრცის სქემა, საპირისპირო გზით მიდის და სურათს დღაბნის, პერსონაჟთა ქმედებებს ალოგიკურს, ამ ქმედებებს შორის კავშირებს კი მაქსიმალურად გაუგებარს ხდის. აწმყო და წარსული, სიზმრისეული და რეალური ერთმანეთში იზილება, რამდენიმე პარალელური თხრობა მოულოდნელი წყვეტებით მიმდინარეობს სხვადასხვა პირში, გამოიყენება დღიურის ფორმატი. რაც მთავარია, ყოველივე ეს კეთდება ისე რადიკალურად, რომ ირღვევა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნარჩუნდება ერთიანი ავტორისეული სტილი, ნარატივების ნაკუწების ამ დამაბნეველ მოცემულობას უცნაურად ამთლიანებს ლექსიკისა და წინადადებათა წყობის წინასწარ მოცემული ხასიათი, მონოტონურობა და ინტონაცია, ანუ თაკო ფოლადაშვილი ახერხებს ენობრივად შეკრული ტექსტის შექმნას, რასაც შესაბამისი განწყობა მოაქვს კითხვისას, თუმცა სულ ჩნდება განცდა, რომ თხრობის ამ მანერით ავტორმა ხელიდან გაუშვა შანსი, კარგი, „წესიერი“ ანტიუტოპია შეექმნა ქართულ ენაზე და ლიტერატურულ ექსპერიმენტებში გადაიჩეხა. გარკვევა ამ ამბივალენტურობაში, რომელიც აშკარად თავის პლუსებსაც შეიცავს და მინუსებსაც, არის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი და წიგნის რედაქტორს, მწერალ ალექსანდრე ლორთქიფანიძესაც, ვთხოვე, პირველ რიგში, ამაზე ესაუბრა.

ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ძალიან მომეწონა ერთი სიტყვა ამ წიგნთან მიმართებაში, რომელიც უბრალო მკითხველმა რევიუში დაუწერა ამ წიგნს: დაწერა, რომ ეს არის დესტრუქციული თხრობა. თვითონ დესტრუქციული თხრობა მინუსი არ არის ლიტერატურისთვის, საინტერესო მიგნებადაც შეიძლება ჩაითვალოს, რა თქმა უნდა, თუ ამართლებს საშუალება მიზანს. მე მგონია, რომ შეიძლება, მიუხედავად გართულებული, გაბუნდოვანებული თხრობის მანერისა, აეწყოს კონსტრუქტორი და, საბოლოო ჯამში, ძალიან ლამაზი რაღაც სათამაშო თუ სურათი გამოვიდეს. თუმცა ძალიან რთულია ამის აწყობა. მე თვითონ, რედაქტირების პროცესში, ძალიან ბევრჯერ დავიკარგე თაკოს დასახულ ლაბირინთში - პერსონაჟების ხაზები მოულოდნელად კვეთს ერთმანეთს და მოულოდნელად წყდება ადგილ-ადგილ და ჩნდება, ასევე, შემოდიან პერსონაჟები, რომლებიც უცებ ვერ ხვდები, აქ რატომ შემოვიდნენ ან, საერთოდ, საიდან შემოვიდნენ და ა.შ. თუმცაღა, ასევე მაინც ვთვლი, რომ არც ესაა ლიტერატურისთვის მინუსი, იმიტომ რომ მსოფლიო ლიტერატურაში არსებობს უამრავი წიგნი, რომელიც რთულად იკითხება და არ იკითხებაც კი, ასე რომ, ამ შემთხვევაში მგონია, რომ ეს არის წიგნი, რომელიც ამსხვრევს ბოლო დროს გაბატონებულ სტერეოტიპს, რომ ლიტერატურა წყალივით უნდა იკითხებოდეს. წიგნმა გამოსვლიდან მცირე ხანში იპოვა ისეთი მკითხველიც, რომელსაც ასეთი სირთულე მოეწონა. მე მგონია, რომ ისეთი მკითხველისთვის, რომელსაც უყვარს ფანტაზიორობა, მისწრება იქნება ამ წიგნის წაკითხვა.

ალექსანდრე ლორთქიფანიძე
ალექსანდრე ლორთქიფანიძე

მიუხედავად ზემოთქმული სირთულეებისა, შევეცადოთ უფრო კონკრეტულად აღვწეროთ, რა ხდება რომანში. წიგნი აღწერს რეზერვაციას თუ გეტოს, სადაც გადასახლებული ე.წ. „დავიწყებული“ ადამიანები ცხოვრობენ. ეს გეტო საბაგირო ხაზით უკავშირდება გარესამყაროს, ე. წ. ოლქს, საიდანაც პერიოდულად იღებს პროდუქტებს, ამანათებს, წერილებს. საბაგიროზე წვდომა აქვს მუნჯ და ნახევრად ყრუ იაკობს. ის იღებს არა მხოლოდ გზავნილებს, არამედ დავალებებსაც ოლქიდან და პირნათლად ასრულებს მათ. რომანის სივრცეს, ფაქტობრივად, იაკობის ირგვლივ შლის ავტორი: ესაა მისი ცოლი კარე, მისი ცოლის მეგობარი - მისანი არაბელა, რომელიც გეტოს კიდეზე ცხოვრობს, ესაა მისი შვილი მატილდა, რომელიც სკოლა-ინტერნატშია მიბარებული, ესაა თ. პ., რომელიც ოლქიდან მოსულ პროდუქტებს ყიდის და აქვს საიდუმლო ბიბლიოთეკა, ვისგანაც იაკობს მატილდასთვის საიდუმლოდ მოაქვს წიგნი „გადარჩენილი ადამიანები“, ივო და ივლიტა, რომელთაც აქვთ კაფე „ფლორიანი“ და ჰყავთ ვაჟი ფლორიანი, რომელიც მატილდას თანაკლასელია და ა.შ. ანუ გეტოს სურათი იხატება: იაკობის სახლი, დამწვარი სასტუმრო, სადაც საბაგიროს კაბინა ჩერდება, კინოდარბაზი, რომელიც ფეთქდება და იქ შეკრებილ „დავიწყებულ ადამიანებს“ ქვეშ მოიყოლებს, სკოლა, კაფე, პროდუქტების მაღაზია, მისნის სახლი... მოქმედება ძირითადად ამ ადგილებში ვითარდება. აქ, ყველგან, სიკვდილის სუნი ტრიალებს: მუდამ ვიღაც ვიღაცის მოკვლას აპირებს, რადგან ოლქიდან დაავალეს ან, უბრალოდ, საიდანღაც გაჩნდა მასში ეს სურვილი. ხშირად სიკვდილის მიზეზი აუხსნელია, როგორც ეს ხდება სკოლაში, სადაც მოსწავლეები, ძირითადად, ჯერ კვდებიან და თხრობაში ამის შემდეგ ჩნდებიან ხოლმე და სადაც სკოლის დირექტორი, იუჯინი, შემზარავად დაკაკუნობს, კაბა აცვია და მისი სქესის გაურკვევლობა ზოგადად მისი ფენომენის გაურკვევლობაშია გადაზრდილი. არის კიდევ ვინმე რაიანი, ოლქიდან შემოღწეული გეტოში რაღაც საიდუმლო გზით და იმ სასიკვდილო ობობას ქსელში, რომელსაც ავტორი ხლართავს, ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს. გეტოში სულ ცივა და თოვს, ყველა განუწყვეტლივ და მომაბეზრებლად ყავას სვამს (უნდა ვივარაუდოთ, რომ აქ „მშრალი კანონი“ მოქმედებს), ყველა ცდილობს, პროდუქტების შესაფუთად გამოყენებულ ძველ გაზეთებში რამე საყურადღებო ამოიკითხოს... აი, დაახლოებით ესაა ის ატმოსფერო, რომელსაც თაკო ფოლადაშვილი თავის რომანში ქმნის. საიდან შეიძლებოდა გაჩენილიყო ახალგაზრდა ავტორში ეს სამყარო? საინტერესო პასუხი აქვს ამაზე ალექსანდრე ლორთქიფანიძეს.

ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ჩემთვის ამ რომანის მთავარი პლუსი არის ატმოსფერო, რომელსაც ავტორი ქმნის. იმდენად ძლიერმოქმედი, რომ მე პირველი კითხვისას ვწყვეტდი ხოლმე კითხვას და ცოტა ხანი ვსულიერდებოდი და ვაგრძელებდი მერე, იმიტომ რომ საკმაოდ დამთრგუნველი ატმოსფეროა შექმნილი. ეს ანტიუტოპიის განუყრელი თვისება არის, მაგრამ ვიცით გასართობი ანტიუტოპიებიც, განსაკუთრებით თანამედროვე ბესტსელერები. ერთობი, როცა მათ კითხულობ. იქ კი ცუდია რაღაც, რაც არის აღწერილი, მაგრამ მაინც ერთობი... ამისგან განსხვავებით, "სიკვდილის ახსნა" არის საკმაოდ დამთრგუნველი წიგნი და მგონია, რომ ამაზე არა მხოლოდ დისტოპიის სიყვარულმა იმოქმედა, არამედ ჩვენმა რეალობამაც, ჩვენმა ბავშვობამაც. თქვენ უფრო კარგად გახსოვთ და გამოიარეთ ანტიუტოპიური წლები ჩვენს ისტორიაში, მაგრამ ჩვენც გვახსოვს ის ჩაკეტილობა და ის საშინელი ატმოსფერო, რომელიც ტრიალებდა ქალაქში 90-იან წლებში, და მგონია, რომ ამანაც იმოქმედა თაკოზე. მე დიდი ხანია ვიცნობ ავტორს და აღვნიშნავ, რომ ორივე ვცხოვრობდით იმ წლებში თბილისის გარეუბანში და გარეუბნებმა, მართალია, კონკრეტულად ომი არ იწვნიეს თავის თავზე, მაგრამ, სამაგიეროდ, ზუსტად ანტიუტოპიურ სივრცეებად გარდაიქმნენ, ამ ომის საშიშროებიდან გამომდინარე, რაღაც ჩაკეტილ სივრცეებად პატარა გარეუბნული უბნები, რომელთა ბავშვებსაც არ უშვებდნენ ცენტრში დედები და მამები, იმიტომ რომ იქ იყო ომი. იმ წიგნში არის ასეთი ჩაკეტილი სივრცე, მხოლოდ საბაგიროთი უკავშირდება რაღაც იზოლირებული ქალაქი დანარჩენ სამყაროს და მე მართლა მახსოვს, რომ ჩემი უბანი რაღაც ასეთი იყო, ერთი ტრამვაი დადიოდა და ერთი ავტობუსი კვირაში სამჯერ და იმითი უკავშირდებოდა გარესამყაროს მხოლოდ და მხოლოდ. მგონია, რომ ამანაც იმოქმედა, რაღაც ფესვები ჩვენი რეალობიდან აქვს აღებული.

ძალიან ბევრს შეიძლება გაუჩნდეს წიგნის დასრულების შემდეგ დაუსრულებლობის შეგრძნება და, ნაწილობრივ, ეს ასეცაა, იმიტომ რომ, მგონია, რომ თაკო გააგრძელებს ამ ქალაქზე და ამ გარემოზე თხრობას. იქ არის ძალიან ბევრი ხაზი, რომელსაც სჭირდება ახსნა, გარდა იმისა, რომ სიკვდილს საბოლოოდ სჭირდება ახსნა...

საბოლოო ჯამში, „სიკვდილის ახსნა“ თაკო ფოლადაშვილის მწერლურ პოტენციალს გვაჩვენებს, თუმცა მისი ექსპერიმენტატორობა, გარკვეულწილად, სიბნელეში ხელის ცეცებით სიარულსაც ჰგავს. „დესტრუქციულ თხრობად“ მონათლული მისი ხელწერა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ საჭიროებს ჩამოყალიბებას, ზედმეტი მინარევებისაგან დაწმენდას, ალტერნატიულ ლოგიკაში მოქცევას, რათა ეს დესტრუქციულობა თვითმიზნური არ გახდეს და ავტორმა არ იფიქროს, რომ ისეთ ლიტერატურულ ხერხს მიაგნო, სადაც უკვე „ყველაფერი მოსულა“. თავისთავად, რომანს ეტყობა, რომ ავტორი არანაირად არ ცდილობს იოლი გზებით იაროს, ჩანს სულიერი ენერგია, ჩადებული წერის პროცესში, და ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ თანამედროვე ქართულ პროზას არაორდინარული ხედვისა და უკვე საკმაოდ მაღალი პროფესიული ოსტატობის მქონე ავტორი შეემატა.

დაბოლოს, მოვუსმინოთ ერთხელაც ალექსანდრე ლორთქიფანიძეს.

ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ძალიან ბევრს შეიძლება გაუჩნდეს წიგნის დასრულების შემდეგ დაუსრულებლობის შეგრძნება და, ნაწილობრივ, ეს ასეცაა, იმიტომ რომ, მგონია, რომ თაკო გააგრძელებს ამ ქალაქზე და ამ გარემოზე თხრობას. იქ არის ძალიან ბევრი ხაზი, რომელსაც სჭირდება ახსნა, გარდა იმისა, რომ სიკვდილს საბოლოოდ სჭირდება ახსნა, და მგონია, რომ წიგნს მოჰყვება გაგრძელებები არატიპური, - ანუ როგორც ჩვენ ვიცით ლიტერატურაში, რომ სიუჟეტი გრძელდება, - შეიძლება ამ შემთხვევაში სიუჟეტი არ გაგრძელდეს და, უბრალოდ, აუხსნელი რაღაცები აიხსნას, ეს იყოს პარალელური თხრობა. არ ვიცი, ამას ავტორი გადაწყვეტს, ალბათ. მაგრამ ნუ შეგეშინდებათ წიგნის წაკითხვის შემდეგ იმის, რომ რაღაცები გაუგებარი დარჩა: ყველაფერი აიხსნება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG