Accessibility links

ტრადიციული გამმიჯნავი ხაზები და საქართველოს პარტიული პოლიტიკა


ავტორი: ​საბა ყაფლანიშვილი

დასავლეთ ევროპულ პარტიულ პოლიტიკაში გამმიჯნავი ხაზების მნიშვნელობა უდიდესია. ეს იყო ის საფუძველი, რაზეც იქმნებოდა პოლიტიკური პარტიები და რამაც შედეგად ჩამოაყალიბა მათი პოლიტიკური სისტემა. ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ლიპსეტმა და როკანმა დასავლეთ ევროპის ისტორიის უკანასნკელი 4 საუკუნის შესწავლის შედეგად გამოყვეს ის მუდმივი გამყოფი ხაზები, რაც აყალიბებდა რეგიონის პარტიულ პოლიტიკას: ეკლესია-სახელმწიფო, ცენტრი-პერიფერია, ეკონომიკის პირველადი და მეორადი სექტორები, მუშა-მესაკუთრე.

ევროპაში ეს იყო საზოგადოების გამყოფი ხაზები. დაპირისპირებულმა ჯგუფებმა ჩამოიყალიბეს კოლექტიური პოლიტიკური თვითშეგნება და მოახერხეს პარტიულ პოლიტიკაში საკუთარი ძალების მობილიზაცია. ამ ქვეყნების პარტიული სისტემების სტაბილურობა (მიუხედავად ბოლო წლებში ახალი, სისტემასთან დაპირისპირებული პარტიების გაჩენისა, საერთო სურათი მაინც არაა რადიკალურად შეცვლილი) სწორედ ამ ღრმა დაყოფებიდან და ბრძოლის ისტორიიდან მოდის.

პოსტკომუნისტურ სისტემებში პარტიული პოლიტიკის ჩამოყალიბება სხვაგვარად მოხდა. ზოგიერთმა ქვეყანამ ახალ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლა მეტნაკლებად უმტკივნეულოდ მოახერხა, ზოგგან კვლავ აქტიური როლი შეიძინეს კომუნისტური რეჟიმის დამყარებამდე არსებულმა პარტიებმა, თუმცა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების დიდ ნაწილში პარტია უფრო ქარიზმატულ პოლიტიკურ ლიდერთა ხელში არსებული სახელისუფლებო ინსტრუმენტი გახდა.

საქართველოში, ისევე როგორც სხვა მრავალ პოსტკომუნისტურ ქვეყანაში, 1990-იანებში განვითარებულმა მძიმე მოვლენებმა ხელი შეუწყო რეგიონისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური სცენის ჩამოყალიბებას. შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, სწრაფი პრივატიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულმა უთანასწორობამ და ეკონომიკურმა შოკმა, საბჭოთა მემკვიდრეობისგან დისტანცირებისკენ სწრაფვამ და ყოფილი პარტიული ელიტის მიერ ახალ სისტემაში ძველი პრივილეგიების შენარჩუნების სურვილმა შექმნა დასავლეთ ევროპისგან რადიკალურად განსხვავებული სურათი.

იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობის პოლიტიკური ქცევა მოტივირებული ყოფილიყო მათი სოაციალური კუთვნილებით, პირველ პლანზე გამოვიდნენ ქარიზმატული ლიდერები, რომლებიც ბუნდოვანი ეკონომიკური დაპირებებით, ჯერ კიდევ წინა რეჟიმისას არსებული სოციალური კაპიტალითა და ნაციონალისტური ნარატივებით შეეცადნენ მოსახლეობის მიმხრობას და მათ ეს უმეტესად წარმატებით გამოუვიდათ.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პერსონალიზებულ პოლიტიკას ასეთი ძლიერი ასპარეზი პირველ რიგში იმ იდეოლოგიურმა ვაკუუმმა მისცა, რაც კომუნიზმის დაშლამ გამოიწვია. თუკი ადრე არსებობდა ერთი წარმმართველი მსოფლმხედველობა, რომელიც აყალიბებდა პოლიტიკურ ცხოვრებას და არ ტოვებდა ადგილს ალტერნატივისათვის, კომუნიზმის კრახის შედეგად შეიქმნა სინდამვილე, რომელშიც აღარცერთი იდეოლოგია აღარ სარგებლობს მსგავსი სტატუსით, თუმცა პოლიტიკური ცხოვრება ჯერ კიდევ მასობრივ პარტიებზეა მორგებული.

ესაა პარტიები, რომლებიც ამჯერად უკვე საზოგადოების ყველა ნაწილის მხარდაჭერის მოპოვებას არა იდეური ინდოქტრინაციით, არამედ ლიდერის პირადი თვისებებით, ეკონომიკური სარგებლის დაპირებით, პირადი კონტაქტების დამყარებით და ნაციონალისტური და რელიგიური გამოღვიძების ტალღაზე აყოლით ცდილობს.

საქართველოში ეთნიკური და რელიგიური იდენტობის ხაზგასმა გახდა საბჭოთა პერიოდის ბოლო წლებში გაჩენილი ეროვნული მოძრაობის დამახასიათებელი ნიშანი. მართლმადიდებურმა ეკლესიამ, როგორც საბჭოთა პერიოდში რეპრესირებულმა ინსტიტუტმა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წლებში განსაკუთრებული როლი შეიძინა. იგი გახდა ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი და შედეგად მოიპოვა საგრძნობი პოლიტიკური გავლენა. ხელისუფლების მოპოვებისა თუ შენარჩენუბის მსურველი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან საჭირო გახდა მოსახლეობაში გაძლიერებული ეროვნული და რელიგიური გრძნობის გათვალისწინება და საკუთარი თავის, როგორც ამ ფასეულობების მატარებლის წარმოჩენა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ელიტის საკმაო ნაწილი თავის დროზე სწორედ კომუნისტური პარტიის წევრები იყვნენ.

ამრიგად, ასეთი სახით აწყობილი პარტიების წევრები აღმოჩდნენ საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები. მათი პოლიტიკური ერთგულება დაბალი იყო, რადგან ის პირად ნაცნობობაზე, არასტაბილურ სისტემაში რაიმე ეკონომიკური სარგებლის მიღებაზე და ლიდერის ქარიზმაზე იყო დაფუძვნებული. შეიარაღებული კონფლიქტებიდან მიღებული მძიმე გამოცდილება კი სტაბილურობისაკენ სწრაფვას კიდევ უფრო აძლიერებდა, ამის გზად მოსახლეობის უმეტესობას ჩამოყალიბებული სტატუს კვოს შენარჩუნება ევლინებოდა.

დასავლეთ ევროპისთვის დამახასიათებელმა პოლიტიკურმა გამყოფმა ხაზებმა ჩვენს რეგიონში არ შეიძინეს აქტუალურობა. საბჭოთა დროს სოციალური დაყოფები ძლიერ თვალშისაცემი არ იყო, ხოლო კავშირის დაშლის შემდგომ წლებში ჩამოყალიბებულმა, რეგიონისთვის სახასიათო მდგომარეობამ არ დატოვა ადგილი დასავლეთ ევროპის მსგავსი სოციალური ფრაგმენტაციისთვის. განსაკუთრებით გაძლიერებულმა არაფორმალურმა სექტორმა ასევე უზრუნველყო დაპირისპირებების ოფიციალური პოლიტიკური სივრციდან, უფროპირად სფეროში გადატანა.

დღესდღეისობით, მიუხედავად პოლიტიკური მდგომარეობის უფრო მეტად დასტაბილურებისა, პარტიული პოლიტიკა კვლავაც დიდწილად უცვლელი რჩება. წევრობის მოტივაცია, დაპირებები, პარტიის იმიჯი და დიდი, ყოვლისმომცველი და იდეოლოგიურად ამორფული პარტიები საკუთარ თავში იმ პოსტსაბჭოთა პერიოდის საწყის წლებში ჩამოყალიბებული პოლიტიკური სინამდვილის გადმონაშთს განასახიერებენ.

რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როდესაც, ჩვენი რეგიონის ქვეყნების გამოვლილი ისტორიული გზა ძლიერ განსხვავდება დასავლეთ ევროპული სახელმწიფოებისგან, არცაა ბუნებრივი ჩვენს სინამდვილეში მოელოდე იქ ჩამოყალიბებული გამყოფი ხაზების ზუსტ ანალოგს, თუმცა მაინც გასათვალისწინებელია რამოდენიმე ფაქტორი: დიდი ეკონომიკური უთანასწორობა, წარმოებისა თუ მომსახურების სექტორში დასაქმებულთა რთული სამუშაო პირობები, ცენტრსა და პერიფერიას შორის არსებული საგრძნობი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ნაპრალი და ა.შ. ეს ყველაფერი ქმნის გარკვეულ პირობებს უკვე საქართველოსთვის დამახასიათებელი ახალი პოლიტიკური გაყოფის ხაზების ჩამოყალიბებისათვის. დღესდღეისობით მთავარი ხელის შემშლელი მაინც პოლიტიკური კულტურაა, რომელიც ყველაზე მეტად 1990-იან წლებში არსებულმა არასტაბილურობამ ასაზრდოა, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში პოლიტიკური ცხოვრების დასტაბილურებამ და ძველ სინამდვილეში ჩამოყალიბებული ნარატივების მოძველებამ შეიძლება პოლიტიკურ ძალებს შეუქმნას ახალი ასათვისებელი სივრცე და ნიშა, რომელიც ხელს შეუწყობს პარტიულ ცხოვრებაში ახალი გამყოფი ხაზების გაჩენას და მათი მნიშვნელობის გაძლიერებას.

დაწერეთ კომენტარი აქ

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG