Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრაფარეტები ტრაფარეტის წინააღმდეგ


ოლიმპიადაში მონაწილეობის წინააღმდეგ დვანში აქცია გაიმართა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:41 0:00
გადმოწერა
ნიჩბებით, ორი ტრაფარეტითა და დროშებით შეიარაღებული ახალგაზრდები დვანში დილიდან გამოჩნდნენ და იქით დაიძრნენ, სადაც თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტი დგას. ტრაფარეტთან მიწის თხრა დაიწყეს, მავთულხლართებს მიღმა მეზობელ სოფელ მუგუთში აქტიურად ამოძრავდნენ, მიმდებარე მთაზე კი ვიდეოკამერით რუსეთის სასაზღვრო უწყების წარმომადგენელი გამოჩნდა. საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მავთულხლართებთან ახალგაზრდებმა ორი ტრაფარეტი ჩაარჭვეს ქართულ-ინგლისური წარწერით: „ყურადღება, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია“. აღნიშნული აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „საზოგადოებრივი ინიციატივის“ ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც სტუდენტები და მსახიობებიც შეუერთდნენ. მსახიობი ლევან ჩოლოყაშვილი ამბობს, რომ, საქართველოს ოკუპაციის გარდა, მეგობრებთან ერთად საქართველოს სოჭის ოლიმპიადაზე შესაძლო მონაწილეობას აპროტესტებს და ყველა ქვეყნის დელეგაციას მოუწოდებს, რომ ამ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადონ. მისი თქმით, მაშინ როდესაც რუსეთი მშვიდობიან მოქალაქეებს მავთულხლართებით ეზოებს უღობავს, ქვეყანამ არ უნდა მიიღოს იმ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გადაწყვეტილება, რომლის მასპინძელიც რუსეთია.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დვანში საპროტესტო აქცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღეს დაამთხვიეს. „საზოგადოებრივი ინიციატივის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ლაშა ფარულავა, აცხადებს, რომ მათი სურვილი ოკუპაციის მშვიდობიანი დასრულებაა მსოფლიო თანამეგობრების დახმარებით. მისი აზრით, თუ ქართველი სპორტსმენები სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ, ეს ოლიმპიური დროშის ქვეშ უნდა გააკეთონ.

საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მავთულხლართებთან ახალგაზრდებმა ორი ტრაფარეტი ჩაარჭვეს ქართულ-ინგლისური წარწერით: „ყურადღება, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია“.
საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მავთულხლართებთან ახალგაზრდებმა ორი ტრაფარეტი ჩაარჭვეს ქართულ-ინგლისური წარწერით: „ყურადღება, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია“.
აქციის მონაწილეებთან დვანელები და იმ სახლების მფლობელები მივიდნენ, რომლებსაც საოკუპაციო ხაზში მოყოლა ემუქრებათ. ახალგაზრდებთან საუბარი პრობლემების შესახებ გაიმართა. დვანელი შალვა მეკარიშვილი ამბობს, რომ სოფელში კვლავ მოუგვარებელია სარწყავი წყლის პრობლემა.

საკუთარი გაჭირვების შესახებ ერთ-ერთი დაშლილი სახლის მფლობელმა აკაკი კორაშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, სახლის გარდა, საოკუპაციო ზოლში მიწის ნაკვეთებიც ჰყვება და მთლად საკუთრების გარეშე რჩება.

საპროტესტო აქცია მალე დასრულდა. დვანთან ახლოს კი, გზის გასწვრივ, თხრილი და იქ მომუშავე ტექნიკა შევნიშნეთ. სოფლისკენ ბუნებრივი აირის მაგისტრალის გაყვანის სამუშაოები უკვე დაწყებულია, ადგილობრივი მოსახლეობა კი არჩევნების დასრულებისა და ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირებების შესრულების მოლოდინშია.
XS
SM
MD
LG