თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი მომავალ კვირას ჩინეთში დაგეგმილი სამიტის ფარგლებში შეხვედრას გეგმავენ.
აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების ისტორიული შეხვედრა ჩინეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ შენჟენში გაიმართება, სადაც ტრამპი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტს დაესწრება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესსპიკერმა ოლივია უელსმა განუცხადა.
„პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავს მსოფლიოში ბირთვული იარაღის შემცირების საკითხს. პრეზიდენტ ტრამპს მიაჩნია, რომ ბირთვული იარაღის გავრცელება ძალიან სახიფათოა“, – თქვა მან.
როგორც ცნობილია, მსოფლიოს უდიდესი ბირთვული სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრაზე შესაძლოა ირანის საკითხიც განიხილონ, თუმცა უკრაინის საკითხი დღის წესრიგში არ იქნება. მოსკოვსა და პეკინს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
სააგენტოები AP და Reuters-ი ანონიმურ, მაღალი რანგის ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ მოლაპარაკებების შედეგად რაიმე შეთანხმების მიღწევა მოსალოდნელი არ არის.
ტრამპი შენჟენში ოთხშაბათს, გვიან საღამოს ჩავა. ის ორდღიან სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც 21 წევრი სახელმწიფო მონაწილეობს. ხუთშაბათს ის სი ძინპინთან ორმხრივ მოლაპარაკებებსაც გამართავს. ეს მათი მეოთხე შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც ტრამპი 2025 წელს პრეზიდენტის თანამდებობას დაუბრუნდა.
„ჩინეთში ვიზიტს პრეზიდენტი ტრამპი შეერთებული შტატების, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრით დაასრულებს“, – განაცხადა უელსმა.
მისი თქმით, ტრამპის ვიზიტი, რომელიც სამშაბათს ფილიპინებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტზე დასწრებასაც მოიცავს, „ამერიკელი ხალხისთვის ისტორიული გამარჯვებების მოპოვებასა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის ინტერესების წინ წაწევას“ ისახავს მიზნად.
ფორუმი