TRIPP+-ის ამოცანაა „ტრამპის მარშრუტის“ - ამერიკის მიერ ადმინისტრირებული სატრანზიტო დერეფნის, - ხელშეწყობა არა მხოლოდ სომხეთის, არამედ ფართო რეგიონული მასშტაბით.
კონტექსტი - მოკლედ
- 2025 წლის წლის აგვისტოში თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართული მოლაპარაკებების დროს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ს კორიდორზე ექსკლუზიური უფლებების მინიჭების პირობა დადო;
- შემდგომში აშშ-ის და სომხეთის ოფიციალურმა პირებმა შეიმუშავეს „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ (TRIPP) გეგმები;
- მარშრუტი სომხეთის ირანთან საზღვარზე გაივლის და აზერბაიჯანს მის ნახიჩევანის ანკლავთან და თურქეთთან დააკავშირებს.
- აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა 2026 წლის თებერვალში სომხეთში ვიზიტისას ახსენა ფონდი Tripp+;
ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian-მა კი 2026 წლის 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფონდს რუსეთში დაბადებული, ჩიკაგოში მცხოვრები ბიზნესმენი და ინვესტორი, კონსტანტინ სოკოლოვი უხელმძღვანელებს.
ვინ არის სოკოლოვი
კონსტანტინ სოკოლოვი ერთ-ერთია იმ 36 კერძო დონორს შორის, რომლებმაც წვლილი შეიტანეს დონალდ ტრამპის მიერ თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზის პროექტის დაფინანსებაში.
მას ასევე 12 მილიონ დოლარზე მეტი აქვს შეწირული რესპუბლიკური პარტიის კამპანიებისა და აფილირებული პოლიტიკურ ჯგუფებისათვის, - ტრამპის მეორე ვადის განმავლობაში.
სოკოლოვს ბიზნესინტერესები აქვს სომხეთშიც, - იგი სხვა უცხოელ ინვესტორთან ერთად ფლობს ქვეყნის სამი მობილური ოპერატორიდან ერთ-ერთს, Viva Armenia-ს.
2026 წლის დასაწყისში, მედიის ცნობით, მან ინტერესი გამოთქვა სომხური მსხვილი სამთო კომპანიის შეძენით, რომელიც წამყვანი რუსული ბანკის, VTB-ს საკუთრებაში იყო.
გასულ თვეში კი VTB-მ დაასრულა კომპანიის გაყიდვა სომხეთში რეგისტრირებულ ფირმაზე, რომლის მესაკუთრეც ჯერ კიდევ უცნობი მეწარმეა.
„ამერიკის ინტერესი სტრატეგიულ დერეფანში“
ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ციტირებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომლის თანახმადაც $201-მილიონიანი TRIPP+ ფონდი უფლებამოსილია, „გასცეს სესხები, წილობრივი ინვესტიციები და გრანტები, რომლებიც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის სტრატეგიულ განვითარებას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“.
ამ რეგიონში დაზუსტებულია კონკრეტული სახელმწიფოებიც: „…მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში“.
გარდიანი წერს, რომ სოკოლოვის Tripp+-ის ფონდის ხელმძღვანელად დანიშვნა „მორიგი მინიშნებაა ამერიკის სურვილისა, ხელი შეუწყოს დასავლეთ აზიის ევროპასთან დამაკავშირებელი სტრატეგიული დერეფნის განვითარებას“.
გამოცემის ცნობით, არსებობს ვარაუდი, რომ ფონდის დაფინანსება გაიზრდება.
- აღსანიშნავია, რომ TRIPP+ არის უშუალოდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საინვესტიციო მიზნებისთვის შექმნილი ფონდი;
- სხვა არის „TRIPP-ის განვითარების კომპანია“ - TRIPP Development Company, მოკლედ TDC, - რომლის 74%-იც სომხეთმა აშშ-ს გადასცა, ხოლო 26%-ს სომხეთის მთავრობა ფლობს.
- ეს უკანასკნელი საოპერაციო კომპანიაა - უნდა მოახდინოს სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარება და ამასთანავე ზედამხედველობა „ტრამპის მარშრუტის“ გასწვრივ.
ფორუმი