აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ნატოს და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს სამხედრო ხარჯის მნიშვნელოვნად გაზრდისკენ მოუწოდა. ეს გამოძახილია მისი დაპირებისა, რომ იზრუნებს „ამერიკული სულისკვეთების აღორძინებისთვის“.
28 თებერვალს, კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტის რანგში თავის პირველ გამოსვლაში ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიხსენა საშინაო უსაფრთხოებისკენ მიმართული თავისი წინასაარჩევნო დაპირებები, რომლებიც მიმართული იყო უწინარესად საშინაო პრობლემების მოგვარებისკენ. კერძოდ, ტრამპმა აღნიშნა, რომ უგულებელყოფილია აშშ-ის ქალაქები, ამერიკელი დასაქმებულები რთული პრობლემების წინაშე დგანან, უაღრესად მაღალია ჯანდაცვის ხარჯები, მორღვეულია აშშ-ის ინფრასტრუქტურა და იზრდება იმიგრანტების მიერ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი.
აშშ-ის პრეზიდენტმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა თავისი მიზანი, გაანადგუროს „რადიკალური ისლამური ტერორიზმი“. „მოწმენი გავხდით ტერორისტული თავდასხმებისა ჩვენს ქვეყანაში - ბოსტონში, სან-ბერნარდინოსა თუ პენტაგონში, და, დიახ, მსოფლიო სავაჭრო ცენტრშიც კი. მოწმენი გავხდით თავდასხმებისა საფრანგეთში, ბელგიაში, გერმანიაში, მთელს მსოფლიოში. როცა ჩვენთან ჩამოსვლის უფლებას ვაძლევთ ხალხს იმ ქვეყნებიდან, სადაც არ ხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები, ამით თანაგრძნობას კი არ გამოვხატავთ, არამედ უპასუხისმგებლოდ ვიქცევით,“ განაცხადა დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე თავის პირველ გამოსვლაში.