Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მრავალწლიანი პროექტი ციხეგოჯის აღსადგენად


ციხეგოჯის, უფრო სწორად კი, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახალ პროექტს იწყვებს. 22 ცალკეული კომპონენტისგან შემდგარი საპროექტო დოკუმენტაცია 2015 წლის ბოლოსთვის დაიდება. სამუშაოების დასრულებას 2020 წლისთვის ვარაუდობენ.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ციხეგოჯი (იგივე ნოქალაქევი, იგივე არქეოპოლისი) კოლხეთის სამეფოს უმსხვილეს ცენტრი იყო. მე-4 საუკუნის მიწურულიდან ის ჯერ ეგრისის ერისთავის ქუჯის რეზიდენცია გახდა, შემდეგ კი ეგრისის დედაქალაქი. ის სენაკთან ახლოს მდებარეობს.

ხელოვნებათმცოდნე პარმენ ზაქარაია თავის წიგნში „ციხეგოჯი ნოქალაქევი“ წერს:

„არქეოლოგიური გათხრებით დადგენილია, რომ აქ ცხოვრებისეული კვალი ძვ. წ. აღ.-ის მეორე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან იწყება. ეს უძველესი არტეფაქტები ნაქალაქარის ქვედა ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. როგორც ირკვევა, ძვ. წ. აღ.-ის მე-8 საუკუნიდან აქ არსდება საკმაოდ დიდ ფართობზე გაშლილი დასახლება, შესაძლოა ქალაქური ტიპისაც კი, რომელიც მრავალდარგობრივი სახელოსნო წარმოებით იყო ცნობილი. არქეოლოგიური გათხრებით, აქ გამოვლენილია ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი მეტალებისგან მძივების დასამზადებელი და მცირე მეტალურგიული სახელოსნოები“.

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი ნინო ჯოლია ამბობს, რომ ციხე-ქალაქის ტერიტორია 17-25 ჰექტარი ყოფილა. ხალხი ცხოვრობდა როგორც უშუალოდ ციხის შიგნით, ასევე გარეთაც. თუმცა საფრთხის დროს ყველა გალავნის შიგნით იკეტებოდა. ციხე გვირაბით უკავშირდება მდინარეს, გვირაბი მე-6 საუკუნისაა და დღემდე რესტავრაცია არ დასჭირვებია. რესტავრირებულია მისი კიბეები, გარდა 12 საფეხურისა, რომელიც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.

„ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია 6 ტაძარი. პირველი ტაძარი თარიღდება ძვ. წ. აღ. მე-4 საუკუნის პირველი ნახევრით. ერთ-ერთი ტაძარი არის ქალაქის მე-3 ნაწილში, ციტადელზე, და მე-6 საუკუნის დარბაზული ტიპის ტაძარს მიეკუთვნება. გვაქვს, ასევე, ქალაქობის პერიოდის, მე-3-4 საუკუნის, სადაზვერვო კოშკი“.

ციხეგოჯი
ციხეგოჯი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი გაოცებას გამოთქვამს, რომ წლების განმავლობაში ნოქალაქევს სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. მისი თქმით, მსგავი ძეგლი ამიერკავკასიაში არ არის.

„ამიერკავკასიაში უანალოგო მაშტაბების ნაქალაქარი გახლავთ. თუნდაც ინფრასტრუქტურული ერთეულები როგორ არის შემორჩენილი: სასახლეები, ეკლესიები, წყალსადენი, უნიკალური წყალსაცავი, უნიკალური გვირაბი მდინარე ტეხურაზე, ლანდშაფტი, რომელიც ამ ყველაფერს ძალიან ლამაზ იერს აძლევს. დღეს მოხდა სწორედ მისი ჯეროვნად დანახვა“.

მისივე თქმით, ამ „დანახვის“ შედეგია ის, რომ იწყება მასშტაბური პროექტი ძეგლის პოპულარიზაციისთვის და ასევე მისი მსოფლიო მემკვიდრეობის კულტურული ძეგლების ნუსხაში მისაღებად.

მისივე თქმით, ნოქალაქევი საქართველოში ერთადერთი კულტურული ძეგლია, რომელსაც თავისი განვითარების პასპორტი აქვს:

„სადაც ყველაფერია აბსოლუტური სიზუსტით გაწერილი, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ გვქონდეს 21-ე საუკუნის, ევროპული ღირებულებების არა მხოლოდ მუზეუმი, არამედ ნაქალაქარი, თავისი კონსერვაციებით, რესტავრაციებით, ინფრასტრუქტურული ჩანართებით, ახალი გზებით, სველი წერტილებით“...

2015 წელი პროექტების მომზადების წელია, მათზე შემდეგ შესაბამისი დარგობრივი კომისიები იმუშავებენ. პროექტი, სავარაუდოდ, 2020 წელს დასრულდება. დავით ლომიტაშვილი ხაზს უსვამს, რომ ყველაფერი საერთაშორისო ნორმების დაცვით განხორციელდება და ძეგლი უეჭველად შევა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.

არა გვაქვს საგამოფენო სივრცე დროებითი გამოფენებისთვის, არა გვაქვს საკონფერენციო დარბაზები. ასე რომ, თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს...
ნინო ჯოლია

საპროექტო დოკუმენტაცია 22 ცალკეული კომპონენტისაგან შედგება და მოიცავს იმ ობიექტებს, რომლებიც ციხეგოჯის გალავნებს შორის იყო მოქცეული და ან დღემდე არის. მათ შორისაა ეგრისის მეფეთა პირველი სასახლეები, ტაძრები და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ამ ობიექტებიდან ბევრი მხოლოდ ნაწილობრივ არის შემორჩენილი.

„რ. თ. - შეიძლება რომ ბოლომდე აღდგეს?

დ. ლ. - ვერა, ვერა, ვერც ერთ შემთხვევაში, რადგან ჩვენ არ ვიცით, როგორი გაგრძელება ჰქონდა მას. წლების განმავლობაში ამ ექსპედიციის ხელმძღვანელი ვიყავი, მაგრამ ეს არ მაძლევს უფლებას დავარღვიო ის ნორმა, რომელიც მსოფლიომ მიიღო - თუ არ იცი ზემოთ როგორ ვითარდებოდა, მეტი აღარ დაუმატო“.

უშუალოდ ციხის გვერდით განთავსებულია მუზეუმი, სადაც 5 410 ექსპონატი ინახება. როგორც ნინო ჯოლია ამბობს, მუზეუმის კოლხეთის დარბაზში ექსპონატები თარიღდება ჩვ. წ. აღ.-მდე მე-9-1 საუკუნეებით და ასევე არის ეგრისის სამეფოს პერიოდის არტეფაქტებიც. თუმცა თავად მუზეუმი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს:

„არა გვაქვს საგამოფენო სივრცე დროებითი გამოფენებისთვის, არა გვაქვს საკონფერენციო დარბაზები. ასე რომ, თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს“.

ნინო ჯოლია ასევე ამბობს, რომ ციხეგოჯის დამთვარიელებელთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. ძირითადად სკოლებიდან მოდიან, თუმცა არიან უცხოელი ტურისტებიც.

ნოქალაქევი
ნოქალაქევი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე ჯერჯერობთ ვერ ამბობს, რა დაჯდება ციხეგოჯის რეაბილიტაციის მთლიანი პროექტი ან ვინ დააფინასებს მას. უშუალოდ საპროექტო სამუშაოებისთვის 350 ათასი ლარია გამოყოფილი. მისივე თქმით, სააგენტო მზადაა საჯარო განხილვებისათვის. დაინტერესებულ პირებს შენიშვნების მიწოდება სააგენტოს ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ.

„უფრო ჩართულები არიან ამ პროცესებში თვითონ პროფესიული წრეები, მაგრამ მოსახლეობისთვის, საზოგადოებისთვის ყოველთვის ხელმისასწვდომია. მაქსიმალურად ვცდილობთ, თუ ვინმეს რამე ადეკვატური შენიშნვნა ან თხოვნა ექნება, რაც ძეგლთა დაცვასთან კავშირში არის, ყოველთვის გავითვალისწინებთ და ვითვალისწინებთ კიდევაც“.

როგორც უკვე ვთქვით, საპროექტო დოკუმენტაცია 22 ცალკეული კომპონენტისაგან შედგება, ესენია: 1. ეგრისის მეფეთა პირველი სასახლე (IV-V სს.); 2. ეგრისის მეფეთა მეორე სასახლე (V-VI სს.); 3. დადიანების სასახლე (XVII-XVIII სს.); 4. სამნავიანი ბაზილიკა (V ს.); 5. ორმოცმოწამეთა ეკლესია (VI ს.); 6. დარბაზული ეკლესია (VI ს.); 7. მეფეთა უბნის ჭიშკრის კოშკი (VI ს.); 8. სამეფო აბანო (V-VI სს.); 9. სამოქალაქო აბანო (IV-V სს.); 10. ქალაქის თავდაცვითი კედლები კოშკებით (III-V სს.); 11. მთავარი კარიბჭე (V ს.); 12. გვირაბი (IV-VI სს.); 13. ციხის დაცვის შენობის ნაშთები, ციტადელის გამოკლებით (V-V სს.)); 14. გამოსაწვავი ღუმელების ნაშთები (III-VI სს.); 15. რკინის ხიდი მდ. ტეხურაზე (XIX სს.); 16. ნაქალაქარის სამხრეთ გალავნის თავდაცვითი სისტემა. 17. დარბაზული ეკლესია VI სს; 18. წყალსაცავი IV-VI სს; 19. შიდა ციხე - ციტადელი კოშკებით IV-V სს; 20. დარბაზული ეკლესია ციტადელში V-VI სს; 21. ფერდობზე არსებული კოშკი; 22. ახალი მუზეუმის შენობა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG