Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოველთა წამება, რომელიც „არ ისჯება“


4 ოქტომბერს ცხოველების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს აღნიშნავენ ვაკის პარკში ცხოველთა მოყვარულებიც. მოუწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა და მუხლი კოდექსში, რომელიც ვერ იცავს ცხოველთა უფლებებს - ამის შესახებ საუბრობენ რადიო თავისუფლებასთან ცხოველთა უფლებების დამცველები. ისინი მიუთითებენ იმაზეც, რომ ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა საქართველოში არასათანადოდ ისჯება.

ცხოველთა წამება, რომელიც „არ ისჯება“
please wait

No media source currently available

0:00 0:05:37 0:00
გადმოწერა

თიკო კვალიაშვილი ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის წევრია. ის ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში იმ ნაწამები და მიტოვებული ცხოველების ფოტოებს, რომლებსაც შველა სჭირდებათ. ხდება ისეც, რომ ცხოველთა გადარჩენა ვეღარ ხერხდება. ამ ფოტოებს მას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უგზავნიან. ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი, რომელსაც თიკო რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს, ზუგდიდში მიუსაფარი ძაღლის პნევმატური იარაღით დაზიანების შემთხვევაა. მას 29 სექტემბერს იარაღი ხერხემალში ესროლეს, რის შედეგადაც ძაღლი პარალიზებული დარჩა:

„გარდა ამისა, იყო კიდევ ერთი შემთხვევა - ხარაგაულის ერთ-ერთი სოფლიდან წამოვიყვანეთ ძაღლი, რომელსაც ყელი გამოჭრილი ჰქონდა. ყოველდღიურად ხდება ეს ფაქტები, ყოველდღიურად. ხანდახან სასოწარკვეთილებაში ვვარდები და აღარ ვიცი ხოლმე, რა გავაკეთო. ძალიან ბევრ შემთხვევას ვაწყდები სისასტიკისა, თუმცა ჯერ არ მახსოვს, რომ ამ ფაქტების გამო ვინმე დასჯილიყო“.

მიუხედავად იმისა, რომ თიკოს ძალიან ხშირად უწევს ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე რეაგირება, ის მაინც ამბობს, რომ საზოგადოების ცნობიერება და დამოკიდებულება ამ დანაშაულების მიმართ ოდნავ, მაგრამ მაინც გაუმჯობესებულია. ამაზე მეტყველებს თუნდაც გამოხმაურებები და პეტიციები, რომლებიც უკანასკნელ წლებში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის შესახებ იწერება, თუმცა, როგორც თიკო კვალიაშვილი ამბობს, მსგავსი ფაქტების მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ გამოიხატება სამართალდამცავი სტრუქტურების რეაგირებით.

სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი - ეს არის მუხლი, რომლის მიხედვითაც ისჯებიან ადამიანები, რომელთა სისასტიკის შედეგად ცხოველები დაიღუპნენ ან დასახიჩრდნენ. მუხლი გულისხმობს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. ეს არის საქართველოს მთელ საკანონმდებლო სივრცეში ერთადერთი ჩანაწერი, რომელიც ცხოველთა უფლებებს ეხება. წლებია სწორედ ამ მუხლის ბუნდოვანებასა და საკანონმდებლო სივრცის მოუწესრიგებლობაზე ლაპარაკობენ ცხოველთა უფლებადამცველები. ამ მიზნით მათ 2016 წლის გაზაფხულზე პარლამენტში კანონპროექტი წარადგინეს, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილებები და შეიქმნას კანონი ცხოველთა უფლებების სათანადოდ დასაცავად. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია თინათინ ჭავჭანიძე, ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე. ის რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს იმ კანონპროექტის შინაარსზე, რომელიც მათ რამდენიმე თვის წინ პარლამენტში წარადგინეს, და იმედს იტოვებს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი კანონპროექტს კომპანიონი ცხოველების დაცვის შესახებ აუცილებლად განიხილავს და დაამტკიცებს:

„ეს კანონი გულისხმობს, პირველ რიგში, კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობის სტანდარტებს, რადგან დღეს ცხოველი განიხილება, როგორც საგანი, და ამიტომ მისი გაგდება, დაბმა, ცუდი მოპყრობა, ეს ყველაფერი არ ითვლება დანაშაულად. სანამ ცხოველი ცოცხალია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მას ჰქონდეს სრულფასოვანი ცხოვრება - იყოს ჯანმრთელი, ჰქონდეს კვება, გადაადგილების საშუალება. ანუ საერთაშორისოდ აღიარებული ცხოველთა კეთილდღეობის ხუთი თავისუფლება იყოს დაკმაყოფილებული“.

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, თინათინ ჭავჭანიძე და მისი კოლეგები ფიქრობენ, რომ 259-ე მუხლში აუცილებლად უნდა გაიწეროს, თუ რა ითვლება ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობად და, ამასთანავე, უნდა გაიზარდოს ამგვარი დანაშაულისთვის დაწესებული დასჯის ხარისხი. თინათინ ჭავჭანიძე სამართალდამცავების მხრიდან კანონის არასათანადოდ აღქმის პრაქტიკაზეც მიუთითებს:

ოჯახებშიც კი ძალიან ბევრი შემთხვევაა განზრახ მიყენებული დაზიანებებისა ცხოველების მიმართ, სასტიკად მოპყრობის და, ასევე, ამ ფაქტებზე სახელმწიფოს არასწორად რეაგირების...
ნატალია სლეპაკოვა

იმის გასარკვევად, თუ რამდენ ადამიანს დაეკისრა ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო თუ თავისუფლების აღკვეთა ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ათდღიანი ვადა ითხოვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად უკანასკნელ წლებში ცხოველთა წამების არაერთი გახმაურებული ფაქტისა, შსს-ს 2014-15 წლებში რეგისტრირებულ დანაშაულთა ჩამონათვალში არ არის აღრიცხული მსგავსი ტიპის არც ერთი დანაშაული:

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავები ამ კანონს ყურად იღებენ, რადგან დღეს არსებული კანონი რატომღაც ყურს უკან გადის და არ მოქმედებს და სერიოზულად არ აღიქმება“.

4 ოქტომბერს ცხოველთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ვაკის პარკში შეიკრიბნენ ცხოველთა მოყვარულები. მათ შორისაა ნატალია სლეპაკოვა, რომელიც ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის უმნიშვნელოვანესია:

„ოჯახებშიც კი ძალიან ბევრი შემთხვევაა განზრახ მიყენებული დაზიანებებისა ცხოველების მიმართ, სასტიკად მოპყრობის და, ასევე, ამ ფაქტებზე სახელმწიფოს არასწორად რეაგირების. ჩვენი დღევანდელი მთავარი მესიჯი ისაა, რომ ჩვენ ყველა, ვისაც ცხოველებზე გული შეგვტკივა, ერთად უნდა ვიდგეთ და უნარი უნდა შეგვწევდეს, რომ ერთმანეთის კრიტიკა მოვისმინოთ და ეს შეხვედრა მოიცავდეს, ასევე, გამოსავალსაც. ცალ-ცალკე ყოფნით არაფერი არ გამოგვივა, მხოლოდ ერთმანეთთან ურთიერთობით შევძლებთ სიტუაციის გამოსწორებას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG