Accessibility links

ცოტნე ცხვედიანის დებიუტი კრებულით "ქალაქი და წმინდანები" ძალიან წარმატებული იყო - სრულიად ახალგაზრდა მწერლის ნიჭი და გამოკვეთილი პოზიცია ლიტერატურულმა სამყარომ შეამჩნია, აღნიშნა. ორი წლის წინ მეც დადებითად შევაფასე ეს წიგნი ჩვენს რუბრიკაში. შარშან "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" ცოტნეს პირველი რომანიც გამოსცა, სახელწოდებით "მაიაკოვსკის თეატრი", და გამოსვლისთანავე ძლიერი პიარკამპანიაც გაუკეთა.

რამდენიმე ავტორიტეტულმა ქართველმა მწერალმა უკვე დაწერა ამ რომანზე თავისი დადებითი შეფასება. ამ ცალმხრივად დადებით შეფასებებში მხოლოდ გაჭირვებით თუ ამოიკითხავთ ერთი-ორგან კრიტიკულ ფრაზას. ვთქვათ, პაატა შამუგიასთან: "ამ ანტიბურჟუაზიულ რომანში რამდენიმეგან პლეონაზმებსაც შეხვდებით და სტილის აღრევასაც, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ „მაიაკოვსკის თეატრი“ არის მშვენიერი ტექსტური სანახაობა, რომელზე „დასწრებაც“ ნამდვილად ღირს". არადა, რომანი არანაირად არ იძლევა ასეთი ცალსახად დადებითი დამოკიდებულების საბაბს. ის, მთლიანობაში, არათანაბარი მხატვრული ღირებულების მქონე ფრაგმენტების ჭრელ ნაერთს წარმოადგენს. ანტიესთეტიკასაც თავისი წეს-კანონები აქვს და ხშირად უფრო რთულიც, ვიდრე აპოლონურად ესთეტურ ტექსტებს, და ამიტომაც რადიკალურობით დაღდასმული ნაწარმოებების გაანალიზება და ობიექტური შეფასება უფრო რთულდება ხოლმე, პოლარული დამოკიდებულებები ამ დროს ბუნებრივი რამაა და მეც სწორედ ამიტომ გამაოცა ქართველი მწერლების ერთსულოვნებამ, რამაც, საბოლოო ჯამში, "დათვური სამსახურის" სახე შეიძლება მიიღოს. რომ არ დავიბნეთ და ასეთი ტიპის ტექსტს სწორად მივუდგეთ, პირველ რიგში უნდა გავერკვეთ, რა კულტურულ ჭრილშია საჭირო რომანის დანახვა. ამაში კი მთარგმნელი, ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი ნორიკ ბადოიანი დაგვეხმარება.

ეს გროტესკი მხოლოდ ავტორისეული ლიტერატურული ხერხი არ არის, თავად ჩვენი ეპოქაა გროტესკული და მას რადიკალი გერმანელი პოეტის, ჰანს მაგნუს ენცენსბერგერის სიტყვები გადმოსცემს ყველაზე კარგად: „რაღაც რომ უნდა ვიღონოთ, ჩვენ ეს უკვე ვიცით, ჩვენ ეს უკვე ვიცით“ და ა.შ. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ პირობებში, როცა ყოველგვარი რადიკალური ძვრები შეუძლებელია მოხდეს...
ნორიკ ბადოიანი

ნორიკ ბადოიანი: ცოტნე ცხვედიანის პროზაული ტექსტები, როგორც წინა კრებული „ქალაქი და წმინდანები“, ისევე ახალი წიგნი, რომანი „მაიაკოვსკის თეატრი“, ჩემთვის საინტერესოა, როგორც ანგაჟირებული ლიტერატურის ნიმუში, რომელიც თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, ფაქტობრივად, არ გვხვდება. ტენდენციური პროზა იწერება და შეუძლებელიც არის, პროზა რაღაც მხრივ ტენდენციური არ იყოს, მაგრამ საკუთრივ ანგაჟირებული ლიტერატურა ჩვენ არ გვაქვს. ანგაჟირებულობა ცოტათი სხვა ფენომენია, ვიდრე ტენდენციურობა, და ადორნოს მიხედვით წარმოადგენს რეფლექსიის უფრო მაღალ დონეს, ვიდრე ტენდენცია. ტერმინი ანგაჟირებულობა შემოიტანა ჟან-პოლ სარტრმა თავის წიგნში "რა არის ლიტერატურა" და ყველაზე კარგად იგი ანტონიო გრამშის სიტყვებით შეგვიძლია გადმოვცეთ: „მე ვცხოვრობ, ესე იგი მიჭირავს გარკვეული პოზიცია“. ანუ, სარტრის მიხედვით, მწერალი, ავტორი ვალდებულია გააკეთოს მორალური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური არჩევანი, რადგან რასაც არ უნდა აკეთებდეს ის, ესეც გარკვეული მოქმედება გამოდის, გარკვეული პოზიცია. ის რომც დუმდეს, დუმილიც ერთგვარი მოქმედება გამოდის, ერთგვარი პოზიცია. ბრეხტთან ხელოვნების აპარტიულობა ნიშნავს იმას, რომ ავტორი პოზიციის არდაჭერით აპრიორი ხდება ძალაუფლების მქონეთა, მჩაგვრელთა აგენტი. ცოტნე ცხვედიანი სწორედ იმით გამოირჩევა წინა თაობის მწერლებისგან, რომ მას აქვს შეგნებული, გაცნობიერებული მორალური, პოლიტიკური პოზიცია და მისი ტექსტებიც ამას ამჟღავნებენ, ისინი ამჟღავნებენ ჩაგრულთა, „კრულვით დაღდასმულთა“ პარტიისადმი მიკუთვნილებას.

"მაიაკოვსკის თეატრი" წარმოადგენს ჩვენი ეპოქის, უფრო ზუსტად კი, ათიანი წლების ტრაგიკულ, გროტესკულ, სატირულ ასახვას, რომელიც იდეოლოგიურად ანგაჟირებული, მემარცხენე ავტორის თვალით არის დანახული. თუ წინა კრებულში არის გარკვეული სახის რომანტიზებები, აქ, ერთი-ორი ადგილისა და პერსონაჟის გარდა, ვერავითარ რომანტიზებას ვერ შეხვდებით. პირიქით, აქ ყველაფერი მწარე ირონიის, დაცინვისა და ქილიკის ობიექტია, ყველაზე მეტად კი რომანის მთავარი გმირი - თუთა.

ერთი სიტყვით, ანგაჟირებულობა, თანაც გროტესკული, სატირული. მაგრამ ეს ქართული ანგაჟირებულობა მაინც საკმაოდ უცნაური ფენომენი გამოვიდა: მეტისმეტად აგრესიული და კომპლექსებით დახუნძლული. თუთა ბავშვობიდანვე მეამბოხეა, მაგრამ ეს ამბოხი იმპულსურია. ის ყველაფრის წინააღმდეგ მიდის, სულ ცდილობს გარემოს რამე დაუშავოს, და არა მხოლოდ გარემოს, არამედ საკუთარ თავსაც. თუთა აბსოლუტურად დესტრუქციულია. მსგავსად სლოგანისა "ხელოვნება ხელოვნებისთვის", მასში თითქოს ასეთივე ფორმალიზმია ჩადებული - "ამბოხი ამბოხისათვის", თუმცა, ცხადია, გარემოც ყველანაირად აძლევს საშუალებას, რომ ასეთი იყოს. ამიტომ ბუნებრივიცაა, რომ ის შოუ, რომელსაც ავტორი დგამს, როგორც ანა კორძაია-სამადაშვილმა აღნიშნა, ბრუტალურია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, რაღაცნაირ უმწიფარ ბრუტალობას ვასკდებით: სურს თუ არ სურს ავტორს, ეს ბრუტალობა მაინც ჰომოფობიური და მიზოგინური გამოსდის, სექსუალური ზიზღების გამომხატველი, ენობრივად ძალიან აჭრილი, უცენზურო სიტყვების მაღალ კონცენტრაციაზე გულუბრყვილოდ ჩამოკიდებული. მაგალითისთვის თუთას მიერ ალექს სევროვის ფსევდონიმით პრეზიდენტზე დაწერილი მდარე პოეტიკის ლექსი შეგვიძლია მოვიყვანოთ. არ იფიქროთ, რომ პოლიტკორექტულობას ვითხოვ, არანაირად. უბრალოდ, ყოველივე ეს ავტორის გაუაზრებლად იოლი ფანდი მგონია. თუმცა, საბედნიეროდ, რომანი სწოხაზოვანი მაინც არ არის. ავტორი ახერხებს მითებისა და იგავების შემოტანით ტექსტს ახალი განზომილებები მიანიჭოს და თავად თუთას სახეც არაა სტატიკური, იგი ვითარდება, თანდათანობით სხვა იდეოლოგიურ რეჟიმში გადადის. ეს აღნიშნა ნორიკ ბადოიანმაც.

ნორიკ ბადოიანი
ნორიკ ბადოიანი

ნორიკ ბადოიანი: კამიუ „ამბოხებულ ადამიანში“ გამოყოფს ამბოხის ორგვარ ტიპს - მეტაფიზიკურსა და პოლიტიკურს. პირველის შემთხვევაში ინდივიდი, ანტიკური ტრაგედიების გმირის მსგავსად, უჯანყდება საკუთარ ხვედრს, ხოლო პოლიტიკური ამბოხის შემთხვევაში ინდივიდი ცდილობს შეცვალოს, გარდაქმნას სოციალური რეალობა. მას გაცნობიერებული აქვს არსებული წეს-წყობილების უვარგისობა, მანკიერება და ბოროტება, რომელიც ადამიანებს ანადგურებს, აცხოვრებს ბარბაროსული ექსპლუატაციის პირობებში, ხოცავს შიმშილით და ა.შ. ის გარკვეული ხერხებითა და მეთოდებით იწყებს გაცნობიერებულ და შეგნებულ ბრძოლას ამის წინააღმდეგ. თუთას ამბოხი თავდაპირველად მეტაფიზიკურია, დაცლილია ყოველგვარი პოლიტიკურობისგან, ინდივიდუალისტურია (მაგალითად, სახლიდან გაქცევებისა და „როცკერობის“ პერიოდი), ხოლო შემდეგ მისი ამბოხი ხდება პოლიტიკური (განმანათლებლობის ეტაპზე), როცა ის ეცნობა მემარცხენე თეორიებს, ეძებს მოკავშირეებს ბრძოლისთვის, დაკარგული რევოლუციური სუბიექტის ძიებაშია. ის მივა მუშებთან და ნახავს, რომ ისინი საერთოდ არ ჰგვანან იმათ, რომლებზეც საუბრობდნენ რევოლუციური თეორიის კლასიკოსები. თუთამ ვერც მაწანწალებს, მეძავებს, შეშლილებს, ლოთებს მოუძებნა ფუნქცია და ბოლოს იქამდე მივიდა, რომ მძევლებადაც კი აიყვანა. ეს გროტესკი მხოლოდ ავტორისეული ლიტერატურული ხერხი არ არის, თავად ჩვენი ეპოქაა გროტესკული და მას რადიკალი გერმანელი პოეტის, ჰანს მაგნუს ენცენსბერგერის სიტყვები გადმოსცემს ყველაზე კარგად: „რაღაც რომ უნდა ვიღონოთ, ჩვენ ეს უკვე ვიცით, ჩვენ ეს უკვე ვიცით“ და ა.შ. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ პირობებში, როცა ყოველგვარი რადიკალური ძვრები შეუძლებელია მოხდეს.

რაც შეეხება იმ პარალელურ სივრცეებს, რომელთაც ცოტნე ცხვედიანი ქმნის: ერთი დედალოსის და იკაროსის მითის გადამუშავებული ვერსიაა. გიორგი მაისურაძემ თავის გამოხმაურებაში მას მთავარი მნიშვნელობა მიანიჭა და რომანის სტრუქტურა მისით ახსნა. ჩემთვის უფრო შთამბეჭდავი იყო იგავი ყვითელ ფეხსაცმელებზე, რომელიც ასევე ფრენის თემატიკას ეხება. შვედი მეცნიერი ყვითელ მფრინავ ფეხსაცმელებს გამოიგონებს. თავიდან იგი მხოლოდ მაღალი წრისთვისაა ხელმისაწვდომი და მხოლოდ ისინი დაფრინავენ, მაგრამ შემდეგ ჩინელები ამ ფეხსაცმელებს მასობრივად გამოუშვებენ და უკვე ყველა ცაში იწყებს ფრენას. ეს ფრენისადმი დამოკიდებულებას შეცვლის: რათა მასაში არ აითქვიფონ, მდიდრები და ინტელიგენტები კვლავ მიწაზე ეშვებიან და ტრანსპორტით იწყებენ გადაადგილებას. ნელ-ნელა მათ უფრო დაბალი ფენებიც მიბაძავენ და საბოლოოდ ქალაქში მხოლოდ ბოშები, უსახლკაროები და ლოთები დარჩებიან, რომლებიც დაფრინავენ. როდესაც ისინიც მოინდომებენ მიწაზე დაბრუნებას, კანონმდებლობა მათ ამას აუკრძალავს და ზეცაში მიუჩენს ადგილს. ცოტნე ცხვედიანი "ზეცის ფსკერს" უწოდებს ამ მეტაფორულ სივრცეს და, ალბათ, ეს ლამაზი ზღაპარი იმ ბრუტალურობის საპირწონეა, რომელშიც თითქოს ბოლომდე სურს ჩაგვძიროს ავტორმა, მაგრამ საამისოდ მაინც ვერ გვიმეტებს.

არაფერი მითქვამს იმაზე, თუ რატომ "მაიაკოვსკის თეატრი". აქ ორი შრეა: ერთია ის "სისასტიკის თეატრი", რომელსაც ავტორი დგამს პატარა ქალაქ მაიაკოვსკში, ანუ, ბაღდათში, და მეორეა ამ ქალაქის ის უფუნქციო თეატრი, რომელშიც მსახიობობას იწყებს თუთა და რომლის ერთადერთი მაყურებლები "ზეცის ფსკერის" ხალხია.

რომ შევაჯამოთ, ალბათ ბუნებრივიცაა, რომ ამ ასაკში რომანის დაწერა სახიფათო საქმეა და შედეგად ბევრი მინუსიც აქვს წიგნს, თუმცა ავტორის ნიჭიერება ბოლოსკენ მაინც მძლავრობს და ის ტექსტის შეკვრას და მისთვის იდეოლოგიური თუ სიმბოლური კოორდინატების მინიჭებას ახერხებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG