Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩაგვირიცხეთ 20% და დაგიბრუნებთ თანხას“ - TSQ-ს ახალი „დაპირება“ მომხმარებლებს

მსგავსი სქემა „ფინანსური პირამიდებისთვის“ დამახასიათებელია.
მსგავსი სქემა „ფინანსური პირამიდებისთვის“ დამახასიათებელია.

ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ Investment Group-ში გაწევრიანებულმა მომხმარებლებმა მიიღეს შეტყობინება, რომ „GXMCOIN ბირჟაზე არსებული ყველა თანხა გაიყინა“.

სქემა, რომელსაც სპეციალისტები „კლასიკურ ფინანსურ პირამიდად“ მოიხსენიებენ, მომხმარებლებს ახლა დამატებითი თანხის, 20%-ის ჩარიცხვას სთხოვს და მხოლოდ ამის შემდეგ მათ ანგარიშებზე არსებული თანხის დაბრუნების პირობას იძლევა.

„ეს კომპენსაცია მხოლოდ ერთგული წევრებისთვისაა“, - ნათქვამია „TSQ გუნდის წევრების“ მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.

„თუ თქვენს GXMCOIN ანგარიშზე გაქვთ 1 000 აშშ დოლარი, მხოლოდ 200 აშშ დოლარის შეტანა დაგჭირდებათ მითითებულ ანგარიშზე და ჩვენ დაუყოვნებლივ შევავსებთ თქვენს ანგარიშს 1 000 აშშ დოლარით, რაც თქვენი ახალი ანგარიშის ჯამურ რაოდენობას 1 200 აშშ დოლარს გახდის“, – წერია შეტყობინებაში.

მსგავსი დაპირება „ფინანსური პირამიდებისთვის“ და TSQ-სთვის ახალი არ არის.

2025 წლის ნოემბერში, როდესაც ესპანეთში TSQ Investment-სა და მასთან დაკავშირებულ Hellobit-ზე თანხის გატანა შეიზღუდა, მომხმარებლებს ანგარიშებზე არსებული თანხის 10%-ის დამატებით შეტანა მოსთხოვეს. სანაცვლოდ მათ თანხის „გაყინვისგან“ დაცვა შესთავაზეს. ესპანური გამოცემა Cinco Días-ი წერდა, რომ მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მომხმარებლებს საკუთარი თანხების გატანის პრობლემა შეექმნათ. თუმცა მოთხოვნილი 10%-ის გადარიცხვის შემდეგაც კი მომხმარებლებმა საკუთარ თანხებზე წვდომა ვერ მიიღეს.

საქართველოში აგვისტოს ბოლოდან სისტემიდან „ინვესტირებული“ თანხების გატანა შეზღუდული იყო და, მომხმარებლებისთვის გაგზავნილი შეტყობინებების მიხედვით, 4 სექტემბრის შემდეგ უნდა განახლებულიყო, თუმცა არ განახლებულა.

TSQ Investment Group-ის საქმიანობასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს.

კოდექსის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე, ან სანებართვო თუ სალიცენზიო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჯგუფურად ან არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

არსებული ინფორმაციით, სქემაში საქართველოს ათასობით მოქალაქე იყო ჩართული. მათ მიერ „ინვესტირებული“ თანხა შესაძლოა ათეულობით მილიონ დოლარს აჭარბებდეს.

ბაზარზე, ექსპერტების ინფორმაციით, TSQ-ს მსგავსი კიდევ არაერთი სქემა მუშაობს. ყველა ეს პლატფორმა „მსხვერპლებს“ სწრაფი გამდიდრების დაპირებით იზიდავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG