Accessibility links

ტურბულენტობა გერმანიის პოლიტიკურ სისტემაში


ავტორი: გიორგი ამირხანიანი

პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პოლიტიკური პარტია, რომელმაც გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, ვერ ახერხებს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას. ის რაც სხვა ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, გერმანიისთვის ნონსენსია. უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც ბოლო შვიდი ათწელულის მანძილძე არსებობდა, საფრთხის ქვეშაა.

2017 წლის სექტემბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად კონსრევატიულმა ბლოკმა, რომლის შემადგენლობაშიც არიან „ქრისტიან დემოკრატიული კავშირი“ (CDU) და „ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CSU) ხმების 32.9% მიიღო, რაც წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგს 9%-თ ჩამოუვარდება. მეორე ადგილზე გავიდა „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“(SPD). მათაც ვარდნა განიცადეს წინა არჩევნებთან შედარებით - 20.5%. მესამე ადგილი მემარჯვენე პოპულისტებს ერგოთ. პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“(AfD) 12.6% დააგროვა. მათ ერთი პროცენტით ჩამორჩა „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“(FDP). 9.2% მოიპოვეს „მემარცხეენეებმა“(Linke), ხოლო კიდევ ერთი ძალა, რომელმაც ბუნდესტაგში ადგილები მოიპოვა არის „მწვანეების“(Grüne) პარტია - 8.9%.

არჩევნების შემდეგ, ბუნდესტაგში ყველაზე მეტი ხმის მქონე ბლოკის ლიდერმა ანგელა მერკელმა დაიწყო მოლაპარაკებები კოალიციური მთავრობის შექმნის თაობაზე. „სოციალ-დემოკრატებმა“ უარი თქვეს და ოპოზიციაში გადაინაცვლეს. „მემარცხენეებთან“ და „ალტერნატივის“ წარმომადგენლებთან კოალიცია თავად კანცლერმა გამორიცხა.

თითქმის ერთი თვე გრძელდებოდა კონსერვატორების მოლაპარაკებები „მწვანეებთან“ და „თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთან“. თუმცა მხარეებმა ვერ შეძლეს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისის მიღწევა. პოლიტიკოსები ვერ შეთანხმდენენ ისეთ თემებზე, როგორიცაა მიგრანტების საკითხი, კლიმატის ცვლილება, ევროკავშირში გასატარებელი რეფორმები, ევროზონა და სხვა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ლინდნერის განცხადებით, იმ 237 პოლიტიკურ საკითხს შორის, რომელზეც შეთანმება ვერ მოხერხდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „გერმანიის მოდერნიზაციის“ საკითხი.

ლიდნერის კოალიციური მოლაპარაკებებიდან გამოსვლის მთავარი მიზეზი იყო ელექტორატის დაკარგვის შიში. მოდით გავიხსენოთ იმ პარტიების გამოცდილება, რომელებიც ბოლო 12 წლის მანძლზე მერკელთან კოალიციას ქმნიდნენ. მერკელის მმართველობისას სულ სამი კოალიცია შეიქმნა: 2005 და 2013 წლებში „სოციალ-დემოკრატებთან“, 2009 წელს - „თავისუფალ დემოკრატიულ პარტისთან“. პარტნიორებს მასთან კოალიცია ყოველთვის ძვირად უჯდებოდათ. „სოციალ-დემოკრატებმა“ 2009 წლის არჩევნებზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენეს, ხოლო „თავისუფალმა დემოკრატებმა“ 2013 წელს საარჩევნო ბარიერის გადალახვაც კი ვერ მოახერხეს. ბოლო არჩევნებზე ეს ტრენდი განმტკიცა მარტინ შულცის პოლიტიკურმა გუნმდაც, SPD-მ კიდევ ერთხელ მოხსნა ისტორიული ანტი-რეკორდი და ხმების მხოლოდ 20%-ს დასჯერდა.

ამ ეტაპზე არსებობს მოვლენების განვითარების ორი სცენარი: ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ან „დიდი კოალიციის“ შექმნა. მეორე სცენართან დაკავშრებით ბოლო დროს გაჩნდა პოზიტური მოლოდინი, რადგან „სოციალ-დემოკრატებმა“ გადაწყვიტეს საკუთარი პოზიციების კორექტირება კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით. 7 დეკემბერს „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ფედერალურ ყრილობაზე მრავალსაათიანი დებატების შემდეგ, დელეგატებმა მხარი დაუჭირეს მერკელის კონსერვატიულ ბლოკთან წინასწარი მოლაპარაკებების დაწყებას კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. „მსოფლიო ელის ჩვენგან მოქმედებებს... ეს არის ისტორიული აუცილებლობა.“, - განაცხადა ანგელა მერკელმა წინასწარი მოლაპარაკებების დაწყებამდე.

პარტიებს შორის შვიდსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ 7-12 იანვარს გაიმართება კონსულტაციები ახალი კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით. კონსულტაციების მონაწილეებს მოუწევთ 15 თემატურ ბლოკზე მსჯელობა. პირველ ეტაპზე ისინი შეაჯერებენ პოზიციებს ფინანსებთან და გადასახადებთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ ეკონომიკის, ენერგეტიკის, ოჯახის, მიგრაციისა და ინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელებენ. 12 იავნავრს კონსულტაციების შედეგები წარედგინება პარტიებს და დაიწყება მსჯელობები პარტიულ სტრუქტურებსა და ფრაქციებში.

თუ „ქრისტიან-დემოკრატებსა“ და „სოციალ-დემოკრატებს“ შორის მოლაპრაკებები ჩავარდება, დიდი ალბათობით გერმანიის პრეზიდენტს მოუწევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ბოლო გამოკითხევბით მოვლენების ასეთ განვითარებას მხარს უჭერს გერმანელების 49%.

თუ პრეზიდენტი ასეთი რეალობის წინაშე დადგება, კონსტიტუციის თანამხად ის წარადგენს კანცლერის კანდიდატურას ბუნდესტაგში. თუ კანდიდატი ვერ იღებს ხმების უმრავლესობას, დეპუტატებს სხვა კანდიდატების წარდგენის უფლება ენიჭებათ. თუ დეპუტატების მიერ წარდგენილი კანდიდატი აგროვებს ხმების უმრავლესობას, იგი იკავებს კანცლერის პოსტს, წინააღმდეგ შემთხევავში ტარდება დამატებითი ტური, ანალოგიური წესებით. თუ განმეორებითი კენჭისყრის შემთხევავშიც გამარჯვებული ვერ ვლინდება, პრეზიდენტი ან ამტკიცებს კანცლერის თანამდებობაზე იმ კანდიდადტს, რომელმაც ხმების შედარებით მეტი რაოდენობა მიიღო, ან ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ნიშნავს.

ხელახალი არჩევნები თითქმის არცერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებში არ შედის. თუმცა თუ დიდი კოალიცია არ შედგა, პრეზიდენტს დიდი ალბათობით სხვა გზა არ დარჩება, გარდა ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა. მომდევნო დღეებსა და კვირებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა თანამედროვე გერმანიის მომავლისთვის. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ყურადღებით დავაკვირდეთ მოვლენებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG