Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუსკი და მოგერინი ევროკავშირის საჭესთან


ფედერიკა მოგერინი, დონალდ ტუსკი
ფედერიკა მოგერინი, დონალდ ტუსკი

დღევანდელი „ახალი ევროპა“ ორ ადამიანს შეეხება, რომლებიც ევროკავშირის წამყვან პოსტებს დაიკავებენ. ერთი მათგანი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, ჰერმან ვან რუმპეს, პირველი დეკემბრიდან შეცვლის. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრას კი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფედერიკა მოგერინის მიანდობენ, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის მიმართ მეტისმეტად რბილი დამოკიდებულების გამო აკრიტიკებენ.

57 წლის დონალდ ტუსკი მემარჯვენე-ცენტრისტი პოლიტიკოსია. ბევრი მას ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პოლიტიკოსად მიიჩნევს არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ მთლიანად ევროპაში. გავლენიანი გაზეთი „გარდიანი“, მაგალითად, საგანგებოდ აღნიშნავს, რომ პოლონეთი იყო ევროკავშირში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ეკონომიკური რეცესია არ შეხებია. ტუსკს ახასიათებენ როგორც გამჭრიახ პოლიტიკოსს, რომელსაც შეუძლია პოლიტიკური ბრძოლის მოგებაც და კომპრომისის მიღწევაცო, - უთხრა რადიო თავისუფლებას პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტმა ბრიუსელში, იოანა ვაიდამ.

დონალდ ტუსკის დანიშვნა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მნიშვნელოვან წარმატებად განიხილება მთლიანად პოლონეთში. იოანა ვაიდას თქმით, მიუხედავად პოლიტიკური დაპირისპირებებისა, დონალდ ტუსკს ახალ თანამდებობაზე მხარს პოლონეთის მმართველ პარტიასთან ერთად ოპოზიციაც უპირობოდ უჭერს.

დონალდ ტუსკი ახალ პოსტზე, პოლონეთის გარდა, მთლიანად ევროპის აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენს. მისი წარმატება განიხილება როგორც გამარჯვება იმ 10 პოსტკომუნისტური ქვეყნისა, რომლებიც ევროკავშირს 2004 და 2007 წლებში შეუერთდნენ და რომლებიც ითხოვდნენ, რომ ევროკავშირს მათი რეგიონის წარმომადგენელი გასძღოლოდა.

თუმცა საკითხავი რჩება, თუ რისი გაკეთების საშუალება ექნება ევროკავშირის საბჭოს ახალ პრეზიდენტს. ერთი მხრივ, თავისი არსით ამ პოსტის მთავარი ფუნქცია შუამავლობაა და პრეზიდენტის ეფექტიანობა მთლიანადაა დამოკიდებული ევროკავშირის სხვა ლიდერებზე. მაგრამ, ამავე დროს, პრეზიდენტი ადგენს დღის წესრიგს, მას აქვს მედიაციის ძალა და ამას, გარკვეულწილად, შეუძლია ევროკავშირის მიმართულების განსაზღვრაც.

დონალდ ტუსკი მისი საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტებითაცაა ცნობილი. მისი მმართველობის დროს პოლონეთი განსაკუთრებით დაუახლოვდა გერმანიას. ამავე დროს, პოლონეთი, დიდ ბრიტანეთთან ერთად, ყველაზე უფრო აქტიურად მოითხოვს სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ. პოლონეთი, ტრადიციულად, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის გატარების მომხრეა და ამ მხრივ არც ტუსკია გამონაკლისი.

თუმცა ძნელია იგივე ითქვას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ახალ ხელმძღვანელზე, ფედერიკა მოგერინიზე. პოსტი მას, წესით, ჯერ კიდევ ივლისში უნდა დაეკავებინა, მაგრამ მაშინ პოლონეთი და ლიტვა წავიდნენ წინააღმდეგ. მათი წარმომადგენლების თქმით, მოგერინი მეტისმეტად რბილ პოზიციას იჭერდა რუსეთის მიმართ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ მაშინ თქვა კიდევაც, „კრემლის მომხრე ადამიანს მე მხარს ვერ დავუჭერო“. ეჭვებს მოგერინის საგარეოპოლიტიკურ მიდგომებთან დაკავშირებით ამძაფრებს ის, რომ იტალიის მიერ ევროკავშირის პრეზიდენტობის დაკავების შემდეგ მან პირველი საგარეო ვიზიტი რუსეთში მოაწყო. იტალიის მემარცხენე მთავრობა, ზოგადად, რუსეთის შეფარულ მეკავშირედ მოიაზრება. რომი, მაგალითად, მხარს უჭერს „გაზპრომის“ „სამხრეთის ნაკადის“ ინიციატივას, რის შედეგადაც გაზი ევროპას უკრაინის გვერდის ავლით უნდა მიეწოდოს. იტალიას ბრალს სდებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შეფერხებაშიც. ფედერიკა მოგერინის მოწინააღმდეგეები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ მას დიპლომატიური გამოცდილება თითქმის არა აქვს. მოგერინი ერთი წელიც არ არის, რაც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრია და მანამდე დიპლომატიური საქმიანობით თავი არ გამოუჩენია.

მაშ რატომ შეაჩერა ევროკავშირმა არჩევანი სწორედ მასზე? მოგერინის კონკურენტები ამ პოსტზე იყვნენ გაცილებით უფრო გამოცდილი პოლიტიკოსები - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადისლავ სიკორსკი და ჰუმანიტარული დახმარების კომისარი, ბულგარელი კრისტალინა გეორგიევა. მაგრამ ევროკავშირის პოლიტიკაში ამჯერად ვერც ერთი ჩაჯდებოდა და ვერც მეორე.

საქმე ისაა, რომ, ჯერ ერთი, გერმანიისა და საფრანგეთის მოთხოვნაა, წელს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა სოციალისტს დაეკისროსა. მეორე - ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს მეტი ქალი სჭირდება გუნდში, რათა ევროპარლამენტის მოწონება მიიღოს. მესამე - იუნკერი ლუქსემბურგიდან, ევროპის დასავლეთიდანაა, ტუსკი - აღმოსავლეთიდან. შესაბამისად, მესამე მაღალი თანამდებობა, დაუწერელი წესების მიხედვით, სამხრეთის ქვეყნებს ეკუთვნის. ასე რომ, თანამდებობა უნდა დაეკავებინა სოციალისტ ქალს ევროპის სამხრეთიდან. ასე გახდა ფედერიკა მოგერინი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეური.

თუმცა დასავლეთის მედია იმასაც წერს, რომ მოგერინის პოსტს ამ ეტაპზე ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ტუსკისას. პირველ რიგში, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ჯერაც ჩამოყალიბების პროცესშია და ბევრი რამე იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას მიიჩნევს მოგერინი თავის სამუშაოდ.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG