Accessibility links

კენიის რესპუბლიკის სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს. ქვეყანას სახელი ეწოდა მწვერვალ კენიისგან, რომელიც სიმაღლით მეორეა აფრიკის მწვერვალებს შორის.

ელენე ჩხეიძემ, თამუნა ბაღაშვილმა და მარი ნიკურაძემ აფრიკის კონტინენტზე, კენიაში და ზანზიბარზე 18 დღე იმოგზაურეს.

კენიაში და ზანზიბარზე სამოგზაუროდ ზამთრის პერიოდი ყველაზე კარგია. უმჯობესი იქნება, თუ ბილეთებს წინასწარ დაჯავშნით. საქართველოდან აზერბაიჯანისა და დოჰას გავლით აფრიკაში ჩაფრინდებით. 14-საათიანი ფრენის შემდეგ ვიზას ადგილზე, აეროპორტში, აიღებთ.

თამუნა: ველური ბუნება და ძალიან ბევრი ფერადი ადამიანი. როგორც კი დედაქალაქს გასცდებით, იწყება ველური ცხოვრება. აეროპორტიდან გამოსვლისთანავე ხვდები ჟირაფებს და ზებრებს. რეგიონებში ძალიან ბევრი ტომია და მათი ფერადი ჩაცმულობა ბუნების სიხასხასესთან ერთად განსაკუთრებულ კონტრასტს ქმნის. აფრიკაზე განზოგადებულად ლაპარაკი ძნელია. ჩვენ კონკრეტულად კენიასა და ზანზიბარზე ვიყავით. შესაბამისად, ამ ორ ქვეყანაში მე პირადად თვალი მომჭრა ადამიანებისა და ბუნების თანაცხოვრების ჰარმონიამ.

კენიაში მოგზაურობის დროს გარდა ცხოველებისა, რომლებიც დაცულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, აუცილებლად შეხვდებით ადგილობრივ მომთაბარე ტომებსაც. იზოლირებულები გარე სამყაროსგან, ხშირად თავისი ნებით, შეგნებულად გაურბიან თანამედროვეობას. შეიძლება ითქვას, რომ ასიმილაციის შიშიც აქვთ.

ზანზიბარის სანაპირო
ზანზიბარის სანაპირო

ელენე: მაგალითად, მასაები (ტომი) ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ ტრადიციები. ცხოვრობენ ტურისტებისთვის ყველაზე მისაღწევ ადგილას, დაცულ ტერიტორიებზე და, შესაბამისად, ყველაზე პოპულარულებიც ისინი არიან. მასაები ცდილობენ შეინარჩუნონ იდენტობა. ტურისტიც ამას „ყიდულობს“. ფოტოს გადაღებაც კი ფული ღირს. ისინი თვლიან, რომ ბევრი სული აქვთ და თუ ფოტოს გადაუღებ, კადრთან ერთად სულის ნაწილიც მიდის, მაგრამ თუ ფულს გადაუხდი, თანახმა არიან.

ამისდა მიუხედავად, ტომებთან ინტერაქცია კომერციული ხასიათის არაა. ადგილობრივები პროაქტიურები არიან, გახსნილები და მეგობრულები. დიდი განსხვავებაა კენიასა და ზანზიბარს შორისაც.

მარი: ძალიან განსხვავდება კენია და ზანზიბარი. ზანზიბარზე უფრო მეტად შეზღუდული ხარ. ოკეანის სანაპიროზე კარგად არის განვითარებული სასტუმროების ბიზნესი. ადგილობრივებთან ვერ გაჩერდები, ამის კომფორტი ნაკლებად არის. დღეში 100 დოლარი მაინც უნდ გადადოთ საცხოვრებლისთვის და კვებისთვის. კენიაში ყველაზე მიმზიდველი საფარიზე წასვლაა. აუცილებლად დაიქირავეთ გიდი და მძღოლი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგვის შანსი დიდია.

გიდი დაგჭირდებათ მთელი მოგზაურობის პერიოდში. კარგი იქნება, თუ კენიაში ან ზანზიბარზე სამოგზაუროდ ჯგუფთან ერთად წახვალთ, ამით საგრძნობლად დაზოგავთ თანხებს...

ელენე: დაცულ ტერიტორიაზე გზები საერთოდ არაა. ყველა გიდს ჯიპიესი აქვს და ამითი იკვლევენ გზას. მარტო ძალიან რთულია გადაადგილება. მაგალითად, ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში შენდებოდა რკინიგზა. ავტობუსები რამდენად დადიან ქალაქიდან ქალაქში, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამიტომ აუცილებელია ვინმე დაგხვდეთ აეროპორტში.

თამუნა: ერთი მინიშნება და რჩევა, რაც შემიძლია მოგცეთ, ეცადეთ აფრიკაში ჯგუფთან ერთად წახვიდეთ. ჯგუფის შემთხვევაში ხარჯი გაცილებით ნაკლებია. თუ საფარიზე გადწყვეტთ წასვლას და ველური ბუნების ნახვასაც მოინდომებთ, გახსოვდეთ, რომ იქაური ჯიპები 6 მგზავრს იტევს.

სოციალური ფონი კენიაში დაბალია. მაგალითად, ადგილობრივი მომსახურე პერსონალი, რომელიც სასტუმროებში მუშაობს, შეიძლება საერთოდ არ იღებდეს გასამრჯელოს. ამის სანაცვლოდ ისინი საცხოვრებელ ოთახს ღებულობენ.

ელენე: ზანზიბარზე, სადაც ჩენ ვიყავით, სასტუმროების უკან არის სოფლები. ერთ-ერთ სოფელში, სადაც 5 000 მოსახლეა, მხოლოდ ერთი წყლის ონკანია. სახლები დაცლილია საყოფაცხოვრებო ნივთებისგან. სარეცხს წყლის გუბეებში რეცხავენ. შუქი, წყალი, გაზი, სამწუხაროდ, არაა. ზანზიბარზე კარგ ანაზღაურებად 1 დოლარი ითვლება. ეს მაშინ, როცა სკოლაში სწავლის გადასახადი წელიწადში 700 დოლარი ჯდება.

ადგილობრივები აფრიკის სანაპიროზე
ადგილობრივები აფრიკის სანაპიროზე

დაბალი სოციალური ფონის მიუხედავად, შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ როგორც კენიის მთავრობა, ისე ადგილობრივები აქტიურად ფიქრობენ და ზრუნავენ ეკოლოგიაზე,

თამუნა: რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ცნება, რომელიც საქართველში ახლა ნელ-ნელა იკიდებს ფეხს, - საუბარი მაქვს დანაგვიანების პრობლემასთან ბრძოლაზე, -ზანზიბარზე და კენიაში მსგავსი პრობლემა გაცილებით უფრო მოწესრიგებულია. ადამიანებს ეს კონცეფცია დიდი ხანია თავში აქვთ. ამუშავებენ სხვადასხვა მყარ მასალას. პოლიეთინელი კენიაშიც შეგხვდებათ, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს პრობლემა.

როგორც მოგზაურები გვეუბნებიან, კენიაში და ზანზიბარზე ყოფნის დროს არც მტაცებელი ცხოველისგან და არც ადგილობრივებისგან საფრთხე არ უგრძვნიათ. დაბალი სოციალური ფონის მიუხედავად, კრიმინალის დონე საკმაოდ დაბალია, ქურდობის ერთეულ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, რომელიც ყველა ქვეყანაში შეგხვდება. ამიტომ ყურადღებით ყოფნას კენია-ზანზიბარშიც გირჩევთ.

ინდური სამზარეულოს გავლენა იგრძნობა როგორც ზანზიბარზე, ისე კენიაში. ადგილობრივ კერძებს რაც შეეხება, მენიუში შეიძლება მოხვდეს ნიანგის ან სირაქლემის ხორცი და ხარის სათესლე ჯირკვლებიც კი. კარგი იქნება, თუ ველური ბუნების გარდა, კენიაში ეროვნულ მუზეუმსაც ნახავთ. გახსოვდეთ, რომ მუზეუმში შესვლა ადგილობროვებისთვის თუ 2 დოლარი ღირს, ტურისტებისთვის იგივე მომსახურება 50 დოლარამდე აღწევს.

ელენე: კენიის ეროვნულ მუზეუმში ინახება მილიონ ექვსასი ათასი წლის წინ აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხი - „ტურკანას ბიჭი“ . საინტერესოა იმის ნახვა, თუ როგორ იცვლება გარემო, საყოფაცხოვრებო თუ სანადირო იარაღები. ვნახეთ ჟირაფის წინაპარიც, რომელიც მილიონობით წლის წინ ცხოვრობდა.

თამუნა: ზანზიბარზე გირჩევთ მინიმუმ სამი მნიშვნელოვანი რაღაც ნახოთ. ეს არის ფრედი მერკურის სახლ-მუზეუმი, - ამბობენ, აქ ცხოვრობდაო, - ასევე, ძველი ქალაქი, რომელიც აფრიკული და ინდური კულტურის ნაზავია. ზანზიბარზე კუნძულების სანახავად გირჩევთ წასვლას. პერიმეტრზე მიმოფანტულია ბევრი პატარა კუნძული. კუნძულები სელექციურად შეგიძლიათ აარჩიოთ. ამისთვის როგორც მორალურად, ისე ფინანსურად უნდა იყოთ მზად.

აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ ფიქრობ, როგორ დაბრუნდე უკან. უკან, აფრიკაში, დასაბრუნებლად კი საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო - მგზავრობის, კვების, ცხოვრებისთვის. ბევრმა ჩვენგანმა შეიძლება ისიც თქვას, რომ იმავე ფინასებით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობაა შესაძლებელი. ამაზე თამუნა ბაღაშვილი გვპასუხობს:

თამუნა: ის გამოცდილება და იმას, რასაც ნახავთ აფრიკის კონტინენტზე, ვერ ნახავთ სხვა ქვეყნებში. აფრიკა არის აფრიკა და იქ განცდილ ემოციებს ვერსად სხვაგან ვერ აინაზღაურებთ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG