Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი ახალგაზრდების წინასაარჩევნო განწყობა


აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები, ბარაკ ობამა და მიტ რომნი
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები, ბარაკ ობამა და მიტ რომნი
აშშ-ში წელს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. თუმცა წინასაარჩევნო განწყობა ვერ შეედრება ენთუზიაზმს, რომლითაც ელექტორატის დიდი ნაწილი მოელოდა კენჭისყრის დღეს ამ ოთხი წლის წინ, როცა პრეზიდენტობის კანდიდატად პირველად იყო ნომინირებული ბარაკ ობამა. მაშინ ენთუზიაზმით გამოირჩეოდნენ, პირველ რიგში ახალგაზრდები. როგორია მათი წინასაარჩევნო განწყობა წელს? ამის გასარკვევად ვაშინგტონში ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, ჰეზერ მაჰერი ესაუბრა რამდენიმე ახალგაზრდას.

აშშ-ში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 18-30 წლის ამომრჩევლების 78% აპირებდა კენჭისყრაში მონაწილეობას. ახალგაზრდები გამოირჩეოდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურობით და ცნობილია ისიც, რომ არჩევნებში მონაწილე ახალგაზრდების ორმა მესამედმა ხმა მისცა ბარაკ ობამას.

ოთხი წლის შემდეგ გაცილებით ნაკლებად შთამბეჭდავია საარჩევნოდ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მხარდაჭერის ამსახველი ინფორმაცია. ორგანიზაცია „გელაპის“ კვლევის შედეგებით, წელს ახალგაზრდების სულ 58% აპირებს კენჭისყრაში მონაწილეობას, ანუ 20% პროცენტით ნაკლები ოთხი წლის წინანდელ მაჩვენებელზე.

მიზეზი რამდენიმეა - გააჩნია, ვის შეეკითხები.
დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტში ხალხს აღარ ეტყობა ისეთი ენთუზიაზმი, როგორც ადრე. ნაკლებს აცვია მაისურები პოლიტიკური ლოზუნგებით, ნაკლები ლაპარაკობს ამ თემაზე...
ჯეიკ მერილი

კონსერვატორი ამომრჩევლები ჩივიან, რომ ობამამ ვერ შეძლო შეერთებული შტატების ეკონომიკის გამოცოცხლება უმუშევრობის 8%-იანი მაჩვენებლის, ან 16 ტრილიონამდე დოლარის სახელმწიფო დავალიანების შემცირებით. ლიბერალები აკრიტიკებენ ობამას უუნარობას, დაეხურა გუანტანამოს ციხე, აკრიტიკებენ მის მკაცრ კურსს სამხედრო და სამართლებრივ საკითხებში. მოკლედ, ალბათ არავის ეპარება ეჭვი, რომ მოქმედი პრეზიდენტი ისე ვეღარ აღაფრთოვანებს მილიონობით ამომრჩეველს, როგორც ამას ოთხი წლის წინ ახერხებდა.

23 წლის სტუდენტი ჯეიკ მერილი, რომელსაც ვაშინგტონში ესაუბრა ჩვენი კორესპონდენტი, ასე აფასებს განწყობას:

„მე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტში ხალხს აღარ ეტყობა ისეთი ენთუზიაზმი, როგორც ადრე. ნაკლებს აცვია მაისურები პოლიტიკური ლოზუნგებით, ნაკლები ლაპარაკობს ამ თემაზე. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გაცილებით მეტ ადამიანს აქვს, უბრალოდ, მობეზრებული ეს ყველაფერი, რაც ცოტა საწყენია, მაგრამ, ჩემი აზრით, გასაგები“, - ამბობს ჯეიკ მერილი, რომელიც 2008 წლის არჩევნებში ობამას მიემხრო და წელსაც მისთვის აპირებს ხმის მიცემას.
ვფიქრობ, რომ უმრავლესობა ცოტა იმედგაცრუებულია ბარაკ ობამათი. ხალხი, ვინც მას დიდი ენთუზიაზმით მისცა ხმა, სხვებზე ცოტა უფრო მეტად არის იმედგაცრუებული. ჩემი აზრით, მაინც მას მისცემენ ხმას, მაგრამ ნაკლები ხალისით...
კეიტ ლეისნერი

იგივე ითქმის 27 წლის ფილიპ ნასიფზე:

„ვფიქრობ, რომ ხალხი ჩვენი პოლიტიკური სისტემით უფრო არის იმედგაცრუებული, ვიდრე პრეზიდენტით. ამის გამოა, რომ მისი რეიტინგი კვლავაც ასეთი მაღალი რჩება. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია ის, რასაც ობამა აკეთებს როგორც პიროვნება და როგორც პრეზიდენტი, მაგრამ პოლიტიკური სისტემა, კონგრესი, ვაშინგტონში მუშაობის ერთგვარი პარალიზება არის ის, რაც ხალხს მართლა, მართლა ყელში ამოუვიდა“.

ამ ახალგაზრდა ამერიკელის მსგავსად, 24 წლის კეიტ ლეისნერიც აპირებს არჩევნებში ისევ ობამას, ანუ მოქმედი პრეზიდენტის მხარდაჭერას, მაგრამ იცის, რომ ბევრი ამერიკელი, მათ შორის ახალგაზრდები, მეტს მოელოდა კანდიდატისაგან, რომელსაც ოთხი წლის წინ აღფრთოვანებულმა მისცა ხმა:

„ნამდვილად ასეა! ვფიქრობ, რომ უმრავლესობა ცოტა იმედგაცრუებულია ბარაკ ობამათი. ხალხი, ვინც მას დიდი ენთუზიაზმით მისცა ხმა, სხვებზე ცოტა უფრო მეტად არის იმედგაცრუებული. ჩემი აზრით, მაინც მას მისცემენ ხმას, მაგრამ ნაკლები ხალისით. ვფიქრობ, მეტს მოელოდნენ და ზოგ საკითხში იმედი გაუცრუვდათ. ალბათ, ბევრი მაინც წავა და მას მისცემს ხმას - ხალხი, ვინც პირველადაც მიემხრო, მაგრამ ზოგი ალბათ თავს შეიკავებს, რადგანაც აღარ არიან ისე აღტაცებული“.
ბევრი კონსერვატორი მეგობარიც მყავს, ვიცი, რომ დიდია უკმაყოფილება, განსაკუთრებით ჯანდაცვის საკითხებით, რელიგიური თავისუფლების შევიწროვებით. ასე რომ, მეტი აქტიურობა შეინიშნება მათ მხარეს...
სარა უაიტი

23 წლის სერენა უაიტიც ადასტურებს, რომ მისი თანატოლები უკვე სკეპტიკურად აფასებენ კანდიდატს, რომელმაც „იმედისა და ცვლილების“ დაპირებით 2008 წელს დაიპყრო მილიონობით ამერიკელის გულები. მაგრამ ბარაკ ობამა მაინც ინარჩუნებს გამარჯვების კარგ შანსს, უაიტის შეფასებით, არცთუ დამაჯერებელი კონკურენტის გვერდით.

„ბევრი კონსერვატორი მეგობარიც მყავს, ვიცი, რომ დიდია უკმაყოფილება, განსაკუთრებით ჯანდაცვის საკითხებით, რელიგიური თავისუფლების შევიწროვებით. ასე რომ, მეტი აქტიურობა შეინიშნება მათ მხარეს. თუმცა, მიტ რომნი აშკარად არ არის დიდად ქარიზმატული. ასე რომ, მათ მხარეს ობამას საწინააღმდეგო განწყობა უფრო ჩანს, ნაკლებად ვხედავ რომნისადმი დადებით განწყობას“, - ამბობს სარა უაიტი, რომლის შეფასებასაც საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები ამყარებს.

როგორც ირკვევა, ამერიკელი ახალგაზრდების 64% ემხრობა ობამას. სულ 29% აპირებს, ხმა მისცეს პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს, მიტ რომნის.
XS
SM
MD
LG