Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უბლოკო სტატუსი თუ ევროატლანტიკური სისტემა


უნდა იყოს თუ არა გარანტირებული საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ საქართველოს კონსტიტუციით და აქვს თუ არა მომავალი „უბლოკო სტატუსის“ იდეას, რომელიც საქართველოს ნეიტრალურ პოზიციაზე დარჩენას და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმას გულისხმობს? ქვეყნის მთავარ კანონში პირველი ჩანაწერის გაკეთებას რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი მოითხოვს, მეორისას კი - „დემოკრატიული მოძრაობის“ ხელმძღვანელი ნინო ბურჯანაძე.

გადმოწერა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო ცვლილების წინადადებით გამოდის და პოლიტიკოს კოლეგებს მოუწოდებს საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს სწრაფვას დასავლეთისაკენ:

„დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევრო-ატლანტიკურ სისტემაში“.

ამ წინადადების საკანონმდებლო ინიციატივად ქცევას კიდევ 75 დეპუტატის ხმა სჭირდება. 12 აგვისტოს უსუფაშვილმა ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ერთი თვის წინ ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას მოაწერა ხელი, მისი წინადადების მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. ამ წინადადებით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ის დაუპირისპირდა ნინო ბურჯანაძის "უბლოკო სტატუსის" იდეას:

უბლოკობას ვუპირისპირდები ბლოკობით ევროპასთან, დემოკრატიულ და თავისუფალ სამყაროსთან
დავით უსუფაშვილი

„უბლოკობას ვუპირისპირდები ბლოკობით ევროპასთან, დემოკრატიულ და თავისუფალ სამყაროსთან და მე მგონია, რომ ასეთი თემებით, როგორიც არის უბლოკო სტატუსი, საარჩევნო სპეკულირება დაუშვებელი და მიუღებელია. მე მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, მხარი დაუჭიროს ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივას“.

ორშაბათის ბიუროს სხდომაზე სწორედ ეს, უბლოკო სტატუსის შესახებ განაცხადი, უნდა განიხილონ, რომელიც პარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისა და, მათ შორის, ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მხრიდან შევიდა. როგორც ცნობილია, ეს ჯგუფი გეგმავს შეაგროვოს ხელმოწერები და კონსტიტუციაში მოითხოვოს „უბლოკო სტატუსის“ ჩაწერა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციურად აეკრძალება რომელიმე ბლოკში, მაგალითად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანება. ამ იდეის მხარდამჭერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მხოლოდ უბლოკო სტატუსი მისცემს საქართველოს გამთლიანების რეალურ შესაძლებლობას:

„ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისათვის მთავარი პრიორიტეტი ნატო კი არ არის, ქვეყნის გამთლიანებაა და ამის გარანტია კი სწორედ უბლოკო სტატუსია“.

ნინო ბურჯანაძის იდეას პოლიტიკურ წრეებში ჰყავს თავისი მომხრეები, მაგალითად, „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძე, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ „საქართველო... არც ერთ აგრესიულ სამხედრო ბლოკში არ უნდა იყოს. ჩემი ქვეყნის არც ერთ სამხედრო ბლოკში მონაწილეობა მე სწორად არ მიმაჩნია“.

ნაწილობრივ ცნობილია, თუ ვინ დაუჭერს მხარს დავით უსუფაშვილის ინიციატივას და ვინ არა. მაგალითად, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ უსუფაშვილმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, კონსტიტუციის მიღმა აყენებს თუ არა ადამიანთა თუნდაც იმ მცირე ჯგუფს, რომელიც ევროინტეგრაციას მხარს არ უჭერს? ეკა ბესელია, საპარლამენტო უმრავლესობიდან, მიიჩნევს, რომ ეს წინასაარჩევნო ნაბიჯია და რომ არ შეიძლება ყველაფერი კამპანიის ნაწილად იქცეს:

„არ შეიძლება, რომ საარჩევნო დღის წესრიგიდან გამომდინარე ვაყენებდეთ საკითხებს, რომლებიც უკვე განსაზღვრულია, არჩევანიც გაკეთებულია, სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ მოაწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, დღე-დღეზე ველით სავიზო ლიბერალიზაციას და ა.შ. ამიტომ მგონია, რომ ამ ინიციატივასაც უნდა შევხედოთ, როგორც საარჩევნო კამპანიის ნაწილს“.

ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისათვის მთავარი პრიორიტეტი ნატო კი არ არის, ქვეყნის გამთლიანებაა
ნინო ბურჯანაძე

„ქართულ ოცნებაში“ არ იზიარებენ „უბლოკო სტატუსის“იდეას. გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს „პოლიტიკურად გაუმართავი და არარეალისტური მოსაზრებაა“. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ინიციატივაზე პასუხი არჩევნების შემდეგ ექნებათ: „როცა გავიმარჯვებთ და ამ იდეას ავსახავთ კონსტიტუციაშიო“, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგი კაპანაძემ და ისიც გაიხსენა, რომ ანალოგიური ინიციატივა პირველად სწორედ „ნაციონალებს“ ჰქონდათ:

„რამდენიმე წლის წინ ჩვენი ინიციატივა იყო სწორედ, რომ კონსტიტუციაში ასეთი ცვლილება შესულიყო, მაგრამ მაშინ „ქართულმა ოცნებამ“, რომლის ნაწილიც იყო რესპუბლიკური პარტია, ამ ჩვენს ინიციატივას მხარი არ დაუჭირა“.

იდეას ეთანხმებიან და მხარს დაუჭერენ ეროვნული ფორუმის წევრები და „თავისუფალი დემოკრატებიც“.

„თუ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ეს მისწრაფება კონსტიტუციით უფრო გამყარდება, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი ფაქტია“, - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ზურაბ აბაშიძემ.

თუკი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის საკონსტიტუციო ინიციატივის პროექტი საკანონმდებლო ორგანოს განხილვის დღის წესრიგში დადგება, ”თავისუფალი დემოკრატები” მას მხარს დაუჭერს, - ეს სიტყვები კი ამავე პარტიის ლიდერს, ირაკლი ალასანიას, ეკუთვნის. მან 13 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის გზიდან გადახვევა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.

გავიხსენოთ, რომ, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 27 ივლისს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირსა (72 %) და ნატოში (64 %) ინტეგრაციას, თუმცა გამოკითხულთა 29 % მაინც მიიჩნევს, რომ უფრო სასარგებლო იქნება ევროპულ და ევროატლანტიკურ ამბიციებზე უარის თქმა „რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების“ სანაცვლოდ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG