Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირიაში უცხოეთის პრესის ყურადღების ცენტრში იყო აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ინაუგურაციის სამზადისი. ცხადია, თემა დიდია, თუმცა ამჯერად შემოვიფარგლებით ორ წამყვან ამერიკულ გამოცემაში გამოქვეყნებული პუბლიკაციის, ჩვენი აზრით, ნიშანდობლივი შეფასებით. ლიბერალური მიმართულების გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო სტატია იზიარებს ერთ-ერთი გამოკითხული რესპონდენტის მოსაზრებას დონალდ ტრამპთან დაკავშირებით: „თქვენ წილად გხვდათ ისეთი სერიოზული ფიცის დადება, რომლის პატივიც არავის აქვს. თქვენ მე არ ამირჩევიხართ, მაგრამ პატივს ვცემ და მხარს ვუჭერ პრეზიდენტის პოსტს“. - გაზეთის მკითხველი იმედს გამოთქვამს, რომ დონალდ ტრამპი, მომხრეების მსგავსად, არა მხოლოდ თავისი საინაუგურაციო სიტყვის დროს გაუწვდის ხელს ოპონენტს, არამედ შემდგომშიც, თავისი ადმინისტრაციის გაძღოლის დროსაც. მაგრამ თუ ასე არ მოხდა, იგი ამრჩევთა კოლეგიის მიერ კანონიერად არჩეული პრეზიდენტია და ამას პატივი უნდა ვცეთ, წერს „ვაშინგტონ პოსტი“, რომელიც დასძენს, რომ არჩევნების შედეგის პატივისცემა არ ნიშნავს, რომ თვალი დავხუჭოთ რუსეთის მიერ აშშ-ის შინაურ საქმეებში ჩარევაზე, ამომრჩეველთა დაშინებასა და სხვადასხვა საარჩევნო უკანონობაზე. „ვინც კვირას საპროტესტო აქციაზე გამოსვლა არჩია, არანაკლებ იბრძვის ქვეყნის კონსტიტუციის სანუკვარი ფასეულობების ხორცშესხმისათვის, ვიდრე ისინი, რომლებმაც პარასკევს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება იზეიმესო“, - წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

„ვაშინგტონ პოსტისაგან“ განსხვავებით, დონალდ ტრამპის მიმართ სიმპათიას არ მალავს კონსერვატიულად მიჩნეული გამოცემა „უოლ სტრიტ ჯოურნალი“ სტატიაში, სახელწოდებით „ტრამპის გამბედაობა“. პუბლიკაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ არ მოსწონს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ტემპერამენტი, საზოგადოებას სჯერა, რომ მას შეუძლია წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკურ ასპარეზზე. „ამ თავალსაზრისით, ტრამპი არსებითად განსხვავდება პრეზიდენტ ობამასაგან, რომელსაც ამერიკელები პერსონალურად ეთაყვანებიან, თუმცა მიაჩნიათ, რომ მისი პოლიტიკა წარუმატებელი აღმოჩნდა. ბატონი ტრამპი პრეზიდენტობას იწყებს მხოლოდ საკუთარი კეთილი ნების იმედად, ამიტომ, ყველა წინამორბედ უმაღლეს მთავარსარდლისაგან განსხვავებით, მას მოუწევს მიღწეული შედეგებით მოიპოვოს ამერიკელების კეთილგანწყობა. და მან უნდა შეძლოს ეს, განსაკუთრებით თავისი პოლიტიკური ოპონენტების ჯიბრზე, რომლებსაც აშკარად და შეუბრალებლად, დაუნდობლად სურთ მისი წარუმატებლობა“, წერს „უოლ სტრიტ ჯოურნალი“.

აშშ-ში ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, პოლიტიკასთან დაკავშირებულ სტატიას აქვეყნებს ანალიტიკური პორტალი „ატლანტიკ ქაუნსილი“. „კავკასიური ცარცის წრის გარღვევა“ - ამ სათაურით გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორია ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, ახლო წარსულში დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში. სტატიაში ის აზრია გატარებული, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებიც აქამდე ძალიან კომფორტულად იყვნენ დამოკიდებული აშშ-ზე, დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელების დაწყების შემდეგ თავადვე უნდა იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე და აქტიურად უნდა დაეხმარონ საქართველოს, რომელიც მრავალი წელია იბრძვის "კავკასიური ცარცის წრის“ გასარღვევად. „დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს მსგავსი ქვეყნები აღქმული იყვნენ როგორც დასავლეთსა და რუსეთს შორის ძალაუფლებისათვის მიმდინარე დიდი თამაშის უიმედო მსხვერპლი, მაგრამ, განსხვავებით ბერტოლდ ბრეხტის 1948 წლისდროინდელი პიესისაგან, სადაც „კავკასიური ცარცის წრეში“ ჩამდგარ ქართველ ბავშვს გახლეჩის საფრთხე ემუქრება მისთვის მებრძოლი ბიოლოგიური დედისა და მშვილებელი დედისაგან, საქართველო ზრდასრული ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი აზრი და ხმა აქვს. დადგა დრო, რომ ამ პიესის თანამედროვე ვერსიის გმირებმა აღიარონ ეს რეალობა და მეტი პატივი სცენ საქართველოსა და მისი მოსახლეობის მისწრაფებებს“, -წერს ალექსანდრა ჰოლ ჰოლი. „აშშ-ის მიერ ბოძებული დახმარების შედეგად განვითარებული ნატოს ის წევრი ქვეყნები, რომლებსაც ახლა აღორძინების გზაზე მდგარი რუსეთის შიში დაეუფლათ, უფრო მეტი კეთილგანწყობით უნდა მოეკიდონ საქართველოს სურვილს, ისარგებლოს ასეთივე თავდაცვით“, - წერს „ატლანტიკ ქაუნსილში“ გამოქვეყნებული სტატის ავტორი, რომელიც მიანიშნებს, რომ ასეთ გაურკვევლობაში, რაც ნატოსა და ევროკავშირის ერთიანობას და ძლიერებას დაემუქრა, გონივრულ მიდგომად ძნელად შეიძლება ჩაითვალოს ობსტრუქცია იმ ახალი კანდიდატების მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ მიაღწიონ მაღალ ევროპულ სტანდარტებს და ფასეული წვლილი შეიტანონ საერთო უსაფრთხოებაში.

და რაკი ევროპის გაურკვევლობაზე ჩამოვარდა სიტყვა, პრესის მიმოხილვას განვაგრძობთ სწორედ ევროპის წინაშე მდგარ იმ გამოწვევაზე საუბრით, რომელიც, ანალიტიკოსების თქმით, სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს ევროპის დიდი ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ერთ-ერთი მათგანია საფრანგეთი, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები ელოდება. საფრანგეთის წამყვანი კონსერვატიული გაზეთი „ფიგარო“ იმიგრაციის გამო ქვეყნის წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალისტების ბანაკში გარდაუვალ კონფლიქტს წინასწარმეტყველებს.

‘სოციალისტური პარტიის მეორე პრაიმერიზის დროს გამართულმა დებატებმა ცხადყო, რომ ხმებს იმ კანდიდატებს აძლევენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საფრანგეთის საზღვარი ღია უნდა იყოს, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და დემოგრაფიული მოსაზრებებიდან გამომდინარე. ასეთი მიდგომა აქვთ მემარცხენეთა ბანაკშიც და ლიბერალ-ცენტრისტების რიგებშიც. ეს არა მხოლოდ გაოცებას, არამედ აღშფოთებას იწვევს საფრანგეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში, რომლის ორი მესამედი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი იმიგრანტი იმყოფება“, - წერს „ფიგარო“.

ფრანგული გამოცემები ბევრს წერდნენ გასულ კვირაში 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატის, ემანუელ მაკრონის, მზარდ პოპულარობაზე. ქვეყნის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი 2016 წლის აგვისტოს ბოლოს გადადგა თანამდებობიდან, რათა არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა. მაკრონმა არჩევნების წინ დააარსა მოძრაობა „წინ“ და ბოლო გამოკითხვით როგორც ირკვევა, მესამე ადგილზე ჩამოიტოვა კონსერვატორი ფრანსუა ფილონი და მხოლოდ 5 %-ით ჩამორჩება ულტრამემარჯვენე „სახალხო ფრონტის“ ლიდერ მარინ ლე პენს, რომელსაც უპირატესობას ამომრჩეველთა 25-26% ანიჭებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG