Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


Generic – Detail of a pile of international newspapers
Generic – Detail of a pile of international newspapers

გასული კვირის წამყვანი დასავლური მედიის გაცნობა ცხადყოფს, როგორ ძლიერდება საზოგადოების შიში რუსეთიდან მომდინარე ჰაკერული თავდასხმების, როგორც გლობალური საფრთხის, მიმართ. შესაბამისად, წამყვანი ჟურნალისტები ცდილობენ უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდონ ამ პრობლემას, რომელიც, უგულებელყოფის შემთხვევაში, როგორც ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩს, ჟერარდ არაუს, უწინასწარმეტყველებია, შესაძლოა, „ეგზისტენციურ“ საფრთხედ გადაიქცეს დასავლური დემოკრატიისათვის.

„ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, ცნობილი მიმომხილველი დევიდ იგნაციუსი, იმედოვნებს, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და კონგრესის მიერ დაწყებული საგამოძიებო პროცესი გამოავლენს და ფარდას ახდის დონალდ ტრამპის გუნდისა და რუსეთის ფარული მანიპულატორების სავარაუდო კავშირებს. ამ შედეგის ყველაზე დიდი სარგებელი კი, ანალიტიკოსის დაკვირვებით, იქნება ტრანსატლანტიკური ძალისხმევის გაძლიერება იმ პოლიტიკური სივრცის დასაბრუნებლად, რომელში შეღწევასაც კრემლი აშკარად ცდილობს.

„დააკვირდით რა ხდება გერმანიაში, სადაც სექტემბერში საპარლამენტო არჩევნები იმართება. გერმანიის მთავრობამ 22 დეკემბერს განაცხადა, რომ გასული წლის ბოლოს გერმანიის სამთავრობო კომპიუტერულ ქსელზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა უცხოეთის სადაზვერვო სამსახურებიდან, ხოლო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის პრაქტიკის გათვალისწინებით, ბერლინი შიშობს, რომ მოსალოდნელია რუსი ჰაკერების კიბერშეტავა გერმანიის ფედერალურ არჩევნებში ჩარევის მიზნით, რადგან ბუნდესტაგი „რუსეთის სადაზვერვო ინტერესების“ სამიზნეს წარმოადგენს.

რუსეთის მხრიდან პოლიტიკურ მანიპულაციას ვარაუდობენ საფრანგეთშიც, სადაც გაზაფხულზე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ფრანგული მედიის ინფორმაციით, სწორედ მოსკოვი უნდა იდგეს საპრეზიდენტო არჩევნებში ანტირუსულად განწყობილი წამყვანი კანდიდატის, ემანუელ მარკონის წინააღმდეგ გავრცელებული ხმების უკან. სწორედ რუსეთის პროპაგანდისტულმა საშუალებებმა გამოაქვეყნეს ისტორიები, რომლებშიც მარკონის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზეა საუბარი“, - წერს დევიდ იგნაციუსი და მკითხველს შეახსენებს ერთ ნიშანდობლივ ფრაზას, რომელიც, ამ ფონზე, გასულ კვირაში ბერლინში მყოფ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უთქვამს. სერგეი ლავროვმა მიუნხენში განაცხადა, მსოფლიო „პოსტდასავლურ ერაში შედისო“. „თუ აშშ და მისი მოკავშირეები წინააღმდეგობას არ გასწევენ, მაშინ პოსტდასავლური ერა, შესაძლოა, მართლაც მალე დადგეს“, - წერს დევიდ იგნაციუსი, „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველი.

“ნიუზვიკი“ იმის გარკვევას ცდილობს, თუ რას მოელის რუსეთის პრეზიდენტი და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს „დიდი ოცეულის“ ლიუბლიანის სამიტი, რომელიც ივლისში უნდა გაიმართოს. გავრცელებული ინფორმაციით კი, სამიტის ფარგლებში იგეგმება რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ სწორედ სლოვენიის დედაქალაქი ყოფილა ვლადიმირ პუტინისა და ჯორჯ ბუშის 2001 წლის შეხვედრის ადგილი. ცნობილია, რომ სწორედ ლიუბლიანაში სწავლობდა აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი, ვიდრე აშშ-ში გადავიდოდა საცხოვრებლად. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ეიფორიამ უკვე გადაიარა.

„ნაადრევია იმის იმედზე ყოფნა, რომ ორი ყოფილი ოპონენტი, რუსეთი და აშშ, ძველი მემკვიდრეობისაგან გაწმენდენ ასპარეზს და მასზე ახალ ურთიერთობებს ააშენებენ. მოსკოვში ფიქრობენ, რომ უკვე ჩაიქროლა სწრაფი შემობრუნების მომენტმა, თუ ის საერთოდ არსებობდა. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთისგან მოელის დაძაბულობის დეესკალაციას აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმის დაბრუნებას. რაც შეეხება, რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს, როგორც კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა განაცხადა, იგი მხარს დაუჭერს ამ სანქციების დაკანონებას იმისათვის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვერ შეძლოს მათი გაუქმება. ამას ემატება აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ჯეიმს მატისის, ნათქვამი, რომ რუსეთთან ძალის პოზიციიდან არის საჭირო საუბარი“, - აღნიშნულია „ნიუზვიკში“. თუმცა გამოცემის ავტორი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპმა უკვე გაუწია გარკვეული სამსახური ვლადიმირ პუტინს იმით, რომ ლიუბლიანის ზემოხსენებული შეხვედრით გადასცა კრემლს ძლიერი კოზირი იზოლაციის გასარღვევად. მეორე პოლიტიკურ სარგებელს კი პუტინისათვის წარმოადგენს თეთრი სახლის შეცვლილი დამოკიდებულება სირიის პრობლემისადმი. ვაშინგტონმა უკან წაიღო სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის, გადადგომის მოთხოვნა“, -წერს „ნიუზვიკი“.

„ჩემს ქვეყანას საკუთარი დონალდ ტრამპი ჰყავდა“ - ასეთი სათაური აქვს „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორი დამოუკიდებელი ორგანიზაცია „ამერიკის მეწარმეთა ინსტიტუტის“ მეცნიერ-თანამშრომელი დალიბორ როჰაჩია. ავტორს მხედველობაში ჰყავს სლოვაკეთის ქარიზმატული და მკაცრი პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ მეჩიარი, რომელიც კომუნისტური რეჟიმის გადავარდნის შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. ვლადიმერ მეჩიარი, რომელიც არნახული პოპულარობით სარგებლობდა მედიაში, ხშირად საჯაროდ ილაშქრებდა ოპონენტების წინააღმდეგ, უგულებელყოფდა ექსპერტებს, რომლებსაც, მისი თქმით, არ ესმოდათ სლოვაკეთის გამორჩეულობისა. ხოლო ნაცვლად იმისა, რომ საერთაშორისო ბიზნესისათვის გაეხსნა ქვეყანა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი შეუწყო საკუთარ საქმოსან ბიზნესმენებს კიდევ უფრო გამდიდრებულიყვნენ სახელმწიფო ქონების მითვისებით. მეჩიარი ქედმაღლურად და სარკასტულად საუბრობდა მეზობელი ქვეყნების ლიდერებზე და, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ბევრი ეჭვობდა, რომ სლოვაკეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი პოლიტიზებულ საიდუმლო პოლიციას თავისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებდა. არცაა გასაკვირი, რომ აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, მადლენ ოლბრაიტმა, სლოვაკეთს „ევროპის ცენტრში არსებული შავი ხვრელი“ უწოდა.

„სლოვაკეთის ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია არ იყო იოლი და ამ პროცესში ბევრი სუბიექტი დამარცხდა. ამ პროცესში წარმატება წილად ხვდა მიკულაშ ძურინდას, ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრის ყოფილ მოადგილეს. მან ხუთი მომცრო პოლიტიკური პარტიის გაერთიანებით შექმნა სლოვაკეთის დემოკრატიული კოალიცია, რომელმაც 1998 წლის არჩევნებში გაიმარჯვა და პოსტმეჩიარისეული რეფორმისტული მთავრობა ჩამოაყალიბა. რეფორმების შედეგად სლოვაკეთი ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდა. კორუფციის დონე შემცირდა და მოსახლეობაში სასამართლოს მიმართ ნდობა გაიზარდა. მთლიანობაში, სლოვაკეთის ეს ისტორია ოპტიმისტურია, მაგრამ თუ ტრამპიზმის დამარცხება სურთ, მემარჯვენე-ცენტრისტული და მემარცხენე-ცენტრისტული ყაიდის პოლიტიკოსებმა უნდა შეძლონ გაერთიანება ერთი მიზნის გარშემო - დაიცვან აშშ-ის მთავრობის ლიბერალურ-დემოკრატიული რეპუტაცია“, - აი, ასეთ რჩევას აძლევს აშშ-ის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს „ამერიკის მეწარმეთა ინსტიტუტის“ მეცნიერ-თანამშრომელი დალიბორ როჰაჩი.

ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველი ფარიდ ზაქარია კი ფიქრობს, რომ არ არის საჭირო სასოწარკვეთაში ჩავარდნა, რადგან ცენტრისტული ყაიდის პოლიტიკურ ძალებს კვლავ შეუძლიათ ევროპაში გამარჯვების მიღწევა. „ევროპა არ ადგას გარდაუვლად მემარჯვენე-ნაციონალიზმის იმ გზას, რომელიც ევროკავშირის, ეკონომიკური ინტეგრაციის, ატლანტიკური ალიანსისა და დასავლური ფასეულობების უარყოფით შეიძლება დასრულდეს. მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული აშშ-ზე, ქვეყანაზე, რომელმაც დასავლეთის სტრატეგიული და იდეოლოგიური კონცეფცია შექმნა. მიუხედავად ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა გარკვეული დაპირებებისა, ბევრი ჩვენგანი კვლავაც ფიქრობს, რომ თეთრი სახლი ისწრაფვის იმისკენ, რომ საფრანგეთში ლე პენმა გაიმარჯვოს, მერკელი კი დამარცხდეს გერმანიაში, განაცხადა ერთ-ერთმა წამყვანმა ევროპელმა ლიდერმა, რომელიც გასულ კვირაში მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. ცნობილია თეთრი სახლის მთავარი სტრატეგის, სტივ ბენონის, განცხადებები ევროკავშირის დასუსტებისა და არსებული წესრიგის განადგურების შესახებ. თუ აშშ ხელს შეუწყობს დასავლური წამყვანი ინსტიტუტებისა და იდეალების განადგურებას, მაშინ დასავლეთი მართლა დაიშლება. მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ ცივილიზაციის დაცემის ერთ-ერთი მორიგი ისტორია საგარეო საფრთხის გამო. ეს იქნება საკუთარი თავისათვის მიყენებული ჭრილობა, რომელიც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს“, - წერს ფარიდ ზაქარია „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG